იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

12 მარტი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი "არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

წარმოდგენილი ცვლილებით, არბიტრაჟის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავს სააპელაციო სასამართლო. განისაზღვრება არბიტრის დანიშვნის წესი იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად ვერ ხერხდება არბიტრის დანიშვნა. ამასთან, არბიტრი შეიძლება დანიშნოს როგორც სასამართლომ, ასევე ნებისმიერმა სხვა დაწესებულებამ მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. ცვლილებით, არბიტრი ვალდებულების ნაცვლად, უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზუსტდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის და სააბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. გარდა ამისა, კანონპროექტით სწორდება ცალკეული პროცედურული ხარვეზები.

კანონპროექტის მიზანია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ“ UNCITRAL-ის მოდელურ კანონთან, ასევე საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი მეგობრულად განწყობილი გარემოს შექმნა, კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება, არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობის და პოპულარობის გაზრდისა და მისი განვითარების ხელშეწყობა.

"არბიტრაჟის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონშიც. პროექტის მიხედვით, მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის განხილვისათვის და განისაზღვრება 150 ლარით. ასევე მცირდება ბაჟის ოდენობა არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ, აგრეთვე მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებებზე და განისაზღვრება 50 ლარით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტით, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, დაგეგმილია არსებული საქმიანობების, რომლებიც ფუნქციონირებენ შესაბამისი ნებართვის გარეშე, ისეთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, რაც უზრუნველყოფს მათი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას და ამავდროულად ეტაპობრივად, საქმიანობის გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს აღნიშნული საქმიანობებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, გარკვეული განსხვავებული რეგულაციების დადგენას, კერძოდ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მოხდება მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში გარემოს არსებული მდგომარეობის შეფასება, რის შედეგადაც შედგება გარემოსდაცვითი აუდიტის ანგარიში. 

იმისთვის, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაცია იყოს ქმედითი და სამინისტრომ უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობებზე კონტროლის განხორციელება, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის ცვლილებებს,, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის დგინდება შესაბამისი სანქციები.
სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი სამოცზე მეტი კანონპროექტი.
კანონპროექტით "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ არსებითად იცვლება ქმედუუნარობის ინსტიტუტი (გარდა ასაკთან მიმართებით ქმედუუნარობისა) და მასთან დაკავშირებული რეგულაციები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. კერძოდ, ცვლილებით შემოდის ახალი ტერმინები „მხარდაჭერის მიმღები“, და „მხარდამჭერი“, რომელიც სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში დაიცავს სასამართლოს მიერვე მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული პირის უფლებებსა და ინტერესებს. კანონპროექტი ადგენს, რომ სასამართლოს მიერ მოხდება პირის ინდივიდუალური შეფასება და მხოლოდ ინდივიდუალური შეფასების შედეგად განისაზღვრება, თუ რა სფეროში არის აუცილებელი მხარდამჭერის დანიშვნა. კანონპროექტი აწესრიგებს აგრეთვე მხარდაჭერის მიმღები პირის მიერ საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას, მის მიერ გარიგების დადებასთან დაკავშირებულ თავისებურებებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობის ფარგლებს აღნიშნულ პროცესებში, აგრეთვე გათვალისწინებულია დებულებები, რომლებიც გარდამავალი პერიოდისათვის განსაზღვრავს კანონპროექტში მოცემული რეგულაციების სრულად ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებებს.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, განხილული საკანონმდებლო პაკეტიის რამდენიმე კანონპროექტზე და ასევე, სხვადასხვა კანონპროექტების რამდენიმე მუხლის რედაქციაზე მსჯელობა მომდევნო სხდომაზე გააგრძელდება და მხოლოდ ამის შემდეგ უყრის კენჭს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015  წლის 12 მარტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015  წლის 12 მარტი