იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

13 მაისი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

სხვადასხვა მოსმენით განსახილველ რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის წევრებმა მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს და შენიშვნების გარეშე მხარი დაუჭირეს. 
საქართველოს პარლამენტის წევრების თამარ კორძაიასა და ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტები: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს. საკითხი ეხება საარჩევნო პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრთა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ანაზღაურების საკითხს. 
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ორივე საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს საარჩევნო კომისიებში მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რისი მიღწევაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ კი სათანადო გამოცდილების მქონე ადამიანებს საარჩევნო პერიოდში კომისიებში მუშაობის პარალელურად არ შეუწყდებათ სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, პენსია ან სოციალური პაკეტი. 
„პრინციპების დონეზე, ფაქტობრივად შეთანხმებული ვართ. იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები უფრო დახვეწილია და თუ ოპოზიციისთვის ეს ფორმულირება მისაღები იქნება, შეგვიძლია ჩვენი ინიციატივა უკან გავიწვიოთ, მთავარია ძირითადი მიზანი შესრულდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ინიციატორმა ვახტანგ ხმალაძემ. საბოლოოდ, პოზიცია და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ შემდგომი განხილვებისთვის შეჯერებული ვარიანტი იქნება წარმოდგენილი.
კანონპროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები მუხლობრივად, მეორე მოსმენით, განიხილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ განაცხადა, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, დაიხვეწა მასში გამოყენებული ტერმინოლოგია, ასევე გაითვალისწინეს გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ გატანას მხარი დაუჭირეს.

 

გალერეა