იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

25 ნოემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“ და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაერთიანდება.

ამას ითვალისწინებს საქართველოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“.

აღნიშნული გაერთიანების შედეგად სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. წარმოდგენილი კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა.  

მომხსენებელმა, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვითი საქმიანობის კონტროლი და ამავე ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც დეპარტამენტი იღებს ინფორმაციას მის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებზე. შესაბამისად, ბაზარზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღებისა და კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში პირთა თანასწორობის დაცვის საჭიროების გათვალისწინებით, დადგა აუცილებლობა, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო დაცვის მომსახურების კონტროლისა და პარალელურად სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ანალოგიური სერვისის განხორციელების უფლებამოსილებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო დაცვის მომსახურების კონტროლის ფუნქცია მიენიჭება ახალ სსიპ-ს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“-ს, რაც ასევე მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას.

წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდება კიდევ ათამდე კანონში, რომელთა შესახებაც ასევე იმსჯელა კომიტეტმა.

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. სხდომის ბოლოს კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

ალექსანდრე დარახველიძემ წარმოუდგინა კომიტეტს განსახილველად კანონპროექტები  - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება ნატოს საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებულ ნატოს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთის ანდა მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შემოსვლის და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის განსხვავებული წესის დადგენას და გარკვეულწილად, დადგენილი პროცედურების გამარტივებას. კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი არეგულირებს საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესს, შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული კონკრეტული სუბიექტისთვის განსხვავებული წესის დადგენა საჭიროებს  ამავე კანონში ცვლილებას.

მომხსენებლის თქმით - ნატოს საზღვაო ძალებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნულის მიღწევა კი შესაძლებელია ერთობლივი სწავლებების, წვრთნებისა და სხვადასხვა ღონისძიებების უზრუნველყოფის გზით.

შესაბამისად, აღნიშნული წესის დამტკიცება ხელს შეუწყობს ნატოს საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული საზღვაო შენაერთის საპორტო ვიზიტების სიხშირის გაზრდას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს გაცხადებული მზაობა გაზარდოს შავ ზღვაზე ნატოს სამხედრო ძალების ყოფნა.

აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

იმავე მომხსენებელმა წარადგინა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განსახილველად. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი ცვლილების აუცილებლობა გამოწვეულია იმით,  რომ საჭიროა ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გადახედვა  და მათი დიფერენცირება სამართალდარღვევის შედეგების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას მოახდენს იმ მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მცურავი საშუალებების ექსპლუატაციით მიღებული თანხა.

საკითხის განხილვისას კომიტეტის წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები სანქციების შემცირების საკითხთან დაკავშირებით, რაზეც დამატებით იმსჯელებენ პლენარულ სხდომაზე.  ამ დათქმით კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ამის შემდეგ კომიტეტმა რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება განიხილა.

მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საგამონაკლისო წესს. რამდენადაც კანონის ამჟამინდელი რედაქცია გარკვეულ პირებს არ აძლევს შესაძლებლობას დაარეგისტრირონ მათი კუთვნილი ნაკვეთები რომელთაც წლების განმავლობაში ფლობდნენ (სარგებლობდნენ).

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს არის მგრძნობიარე საკითხი, მაგრამ   მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს შესაბამისი ცვლილებით პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს და შესაბამისად ამ საკითხის ასე ფრაგმენტულად დარეგულირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ასევე მიზანშეუწონლად მიიჩნია კომიტეტმა მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. ამ ცვლილებით საკომლო წიგნის საარქივო  ჩანაწერებში  მითითებული კომლის თითოეული წევრი არის სამემკვიდრეო ქონების პოტენციური მესაკუთრე, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში სხვადასხვა მიზეზის გამო არ დაურეგისტრირებია თავის საკუთრება.

საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომლის ავტორებსაც სურთ პარლამენტის არჩვენების ჩასატარებლად განსხვავებული საარჩევნო სისტემის გამოყენება, კერძოდ, შემოთავაზებულია პროპორციული საარჩვნო სისტემა ერთი გადაცემადი ხმის გამოყენებით და შესაბამისად არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ახლებურად არეგულირებს საარჩევნო საკითხებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი მუშაობს საარჩევნო კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და, როგორც მან აღნიშნა, არსად მსგავსი ფორმით არ დასმულა საკითხი. ამიტომ კომიტეტმა მსგავსი ფორმით ამ წინადადების მხარდაჭერა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ასევე, მიზანშეწონილად არ მიიჩნია კომიტეტმა  არასამთავრობო ორგანიზაცია „ბინათმოსარგებლეთა და უბინაოთა უფლებების“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული  პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული  წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, -„ეს არის ფართო მასშტაბიანი პრობლემა, რომელიც ფრაგმენტულად ვერ დარეგულირდება, მით უმეტეს, რომ პარლამენტში წარმოდგენილია  კანონპროექტი, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს. ამდენად ამ საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია“.

კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტებთან დაკავშირებით.   ორგანული კანონის პროექტის მიღების შედეგად, მოხდება საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწა, მასში არსებული ხარვეზების გამოსწორება და ზოგიერთი პროცედურის გამარტივება.

ის ითვალისწინებს ძირითადად  ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. მათ შორის საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ რომ ვინაიდან საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება ზოგიერთი თანამშრომლის მიერ, ასევე საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების მიერ ხდება დროის მცირე მონაკვეთში, სასურველია, აღნიშნულ პირებს არ დაევალოთ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდა.

საკანონმდებლო წინადადების თაობაზე მსჯელობის შემდეგ კომიტეტი შეთანხმდა, რომ მხარს დაუჭერს წარმოდგენილ წინადადებას, მხოლოდ იმ დათქმით, რომ დამატებით იმსჯელებენ ერთი დღით  დასაქმებულ პირებზე უნდა გავრცელდეს თუ არა საპენსიო კანონის შესახებ ის რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ  შენატანებთან დაკავშირებულ ვალდებულებას.  – „ანუ, ადამიანი, რომელიც ერთი დღით საქმდება, რამდენად მიზანშეწონილია, რომ მასაც მოუწიოს ამ შენატანების განხორციელება. ამ დათქმით, შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ და შემდეგ გამოსავალი კომიტეტმა მონახოს. ჩვენ შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ ეს წინადადება, მხარი დავუჭიროთ, თუმცა აღნიშნული დათქმა ინიცირების დროს გავხადოთ მსჯელობის საგანი, თუ პირველი მოსმენის დროს მივუბრუნდეთ. ამაზე კომიტეტმა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 25 ნოემბერი