იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

17 მარტი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განაგრძო მეორე მოსმენისთვის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი რამდენიმე პროექტისა და სხვადასხვა კანონპროექტების რამდენიმე მუხლზე მსჯელობა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა კომიტეტმა წინა სხდომაზე დაიწყო. 

საკანონმდებლო პაკეტის მიღების მიზანია „სამოქალაქო კოდექსში“ ქმედუუნარობის ამსახველი ნორმები შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. კანონპროექტების მიღებით ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დაცვის გაძლიერება, დღეს არსებული სრული უგულებელყოფის სისტემიდან მხარდაჭერისა და გამონაკლის შემთხვევებში ჩანაცვლების მექანიზმების შემოღება. კანონპროექტის ძირითადი არსია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლა ფსქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ.

კანონპროექტით "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ არსებითად იცვლება ქმედუუნარობის ინსტიტუტი (გარდა ასაკთან მიმართებით ქმედუუნარობისა). კერძოდ, ცვლილებით შემოდის ახალი ტერმინები „მხარდაჭერის მიმღები“, და „მხარდამჭერი“, რომელიც სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში დაიცავს სასამართლოს მიერვე მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული პირის უფლებებსა და ინტერესებს. კანონპროექტი ადგენს, რომ სასამართლოს მიერ მოხდება პირის ინდივიდუალური შეფასება და მხოლოდ ინდივიდუალური შეფასების შედეგად განისაზღვრება, თუ რა სფეროში არის აუცილებელი მხარდამჭერის დანიშვნა. კანონპროექტი აწესრიგებს აგრეთვე მხარდაჭერის მიმღები პირის მიერ საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას, მის მიერ გარიგების დადებასთან დაკავშირებულ თავისებურებებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობის ფარგლებს აღნიშნულ პროცესებში.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს 66 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტი ადგენს აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიქტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას - დგინდება ადმინისტრაციული სახდელის ზომა. კანონს ემატება 3710 მუხლი, რომლის მიხედვითაც, აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ - ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, დაკავშირებული იქნება 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმასთან.

ჯარიმის ოდენობები განისაზღვრა, ზოგადად, ფარმაციის სფეროში არსებული ჯარიმების ოდენობებიდან. კანონპროექტის მიზანია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტების არსებობის ხელშეწყობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს საკითხი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ადამიანის უფლებები საზღვრების გარეშეს“ მიერ წარმოდგენილი იგორ კოპალიანის კანდიდატურის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობის თაობაზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ კანდიდატის შესახებ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. შესაბამის დასკვნას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

კომიტეტის წევრებმა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2014 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც სამსახურის უფროსმა, მელიტონ ბენიძემ წარმოადგინა. მან ისაუბრა იურიდიული დახმარების სისტემის განვითარების ისტორიაზე. აღინიშნა, რომ 2013 წლის დეკემბერში კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამსახური სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გამოეყო და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა, რითიც იურიდიული დახმარების სამსახურის არსებობაში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

მელიტონ ბენიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურდიული დახმარების 11 ბიურო და 7 საკონსულტაციო ცენტრი. მისივე თქმით, უფასო იურიდიული დახმარების მიწოდებს ერთ-ერთი საშუალება მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრია. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეესტრში 65 ადვოკატი ირიცხება და მათ გასული წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს 418 სისხლის სამართლის საქმეში. მელიტონ ბენიძემ ისაუბრა იურიდიული სამსახურის მანდატზე, სრული და ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენით დასრულებული საქმეების, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით და დანაშაულის კვლიფიკაციის შეცვლით დასრულებული საქმეების სტატისტიკაზე. იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა კომიტეტის წევრებს, ასევე გააცნო სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორცილებული საქმიანობა და იურიდიული სამსახურის წინაშე მდგარი გამოწვევები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღესვე მოისმინა "ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტირების საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიში“, რომელიც საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანიმა წარმოადგინა.
ანგარიში მოიცავს მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებებისა და გაწეული კონსულტაციის შედეგებს 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით. ანგარიში მიმოიხილავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ თემებს, რომლებიც გასულ წელს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად იქცა, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებსა და მათზე რეაგირების შედეგებს, მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ინსპექტორის აპარატის საქმიანობას.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული სისტემური ხასიათის პრობლემები და აგრეთვე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მონაცემთა დამუშავების პრინციპები და კანონიერი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, ვიდეოთვალთვალი, სხვა სახელმწიფოსათვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემა, პირდაპირი მარკეტინგი, მოქალაქეთა და მონაცემთა დამმუშავებლების ინფორმირებულობა. აღინიშნა, რომ კვლავაც პრობლემას წარმოადგენს მონაცემთა დაცვის კანონით გათვალისწინებული პრინციპების დარღვევა, რაც გამოიხატება მიზნის არაპროპორციულად, არაადეკვატურად, დიდი მოცულობითა და განუსაზღვრელი ვადით მონაცემთა შეგროვებასა და შენახვაში.

ანგარიშის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და დღესაც აგრძელებს მუშაობას სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვაზე. ამის ნათელი მაგალითია 2014 წლის აგვისტოსა და ნოემბერში რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სხვა ნორმატულ აქტებში განხორციელებული ცვლილები და მასთან დაკავშირებული განხილვები.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წელს მთავარი გამოწვევა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროპორციულობა და მიზნის ადეკვატურობა იყო. რაც შეეხება ვიდეოთვალთვალის თემას, აღინიშნა, რომ ხშირად, საჯარო და კერძო ორგანიზაციები შენობების გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის გარდა, ვიდეოთვალთვალის სისტემებს დაუსაბუთებლად იყენებენ სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა კონტროლისათვის. ანგარიშის თანახმად, არსებულმა პრაქტიკამ დაადასტურა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვიდეოთვალთვალის განხორციელების საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2014 წელს საგრძნობლად გაიზარდა მონაცემების დაცვის თემისადმი მოქალაქეთა ინტერესი. ანგარიშში წარმოდგენილი იყო აგრეთვე სხვადსხვა სტატისტიკური მონაცემები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე ასევე იმსჯელა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებებზე.