იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

17 ივლისი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან დაკავშირებულ უფლებამოსილებას თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერიც იგივე წესით გამოიყენებს, რასაც პრობაციის ოფიცერი შესაბამისი საფუძვლების, გონივრული ეჭვის ან სხვა სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი ასეთ პირს დაავალდებულებს სათანადო შემოწმების გავლას და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნივთიერებების გამოყენება ექიმის დანიშნულებით, სამკურნალო მიზნით ხდება. აღნიშნული ცვლილება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში შედის. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული უფლებამოსილება ატარებს როგორც პრევენციულ და ამავდროულად, აღმკვეთ ხასიათსაც.
კომიტეტის წევრებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს აღნიშნული მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დავალდებულება იმ პირისთვის, რომელიც სათანადო შემოწმების გავლის შემდეგ უდანაშაულო აღმოჩნდება. მათი აზრით, თუ პირი აღმოჩნდება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მომსახურების საფასური თავად უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფომ. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ პროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, თუმცა მთავრობას სწორედ ამ რეკომენდაციით მიმართავს. 
ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. 
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელს უფლება ენიჭება მოახდინოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის (სამინისტროს სისტემის თანამშრომლის) დაკავება, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვის გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი ჩადენილია სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ. 
კანონპროექტით, სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შენობაში შესვლისათვის დადგენილია გარკვეული პროცედურები, რის გამოც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვერ ახდენენ დროულ რეაგირებას მომხდარ ფაქტზე. მომხსენებლის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში საჭიროა არაერთი ბიუროკრატიული მექანიზმის გავლა, რომ მოხდეს სამართალდამრღვევის დროული გამოვლენა და დაკავება. შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში, რეაგირების დაყოვნება ხელს უწყობს მტკიცებულებათა განადგურებას, რაც ბუნებრივია სამართალდარღვევის აღმოფხვრის ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოებაა. 
ამიტომ, მიზანშეწონილია მოხდეს მსგავსი სამართალდარღვევის ფაქტებზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დაკავება და გამოკვლევის მიზნით შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოში წარდგენა. 
კომიტეტის სხდომაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. წარმოდგენილი კანონპროექტი სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. პროექტის შესაბამისი ნომრები ადგენენ და აზუსტებენ ამ დადგენილებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის მისაღებად საჭირო მომსახურების სახეებსა და ამ მომსახურების მისაღებად საჭირო შესაბამის საფასურს.
ცვლილება შედის „პაციენტის უფლებების შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც კომიტეტს, პირველი მოსმენით, პროექტის ინიციატორმა, გუგული მაღრაძემ გააცნო. მისი განმარტებით, პროექტის მიზანია პრევენციული მექანიზმის განხორციელებით, მსხვერპლის უფლებებისა და ინტერესების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ხდება ოჯახში ძალადობაზე მსჯავრდებული პირის, თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვა და არსებობს მისი მსხევრპლთან განმეორებითი ურთიერთობის ალბათობა.
კომიტეტმა, მესამე მოსმენით, განიხილა და მხარი ერთხმად დაუჭირა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს, რომლის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

გალერეა