იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

19 ოქტომბერი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევ კონკურსში მონაწილე სამი კანდიდატის: ირმა ჭკადუას, ლავრენტი მაღლაკელიძისა და პოლიკარპე მონიავას მიერ წარმოდგენილი საბუთების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე იმსჯელა.

კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ყველა საბუთი კანონით დადგენილ ნორმებს შეესაბამება და პლენარულ სხდომაზე ასარჩევად მათი წარდგენა მიზანშეწონილად ჩათვალა. 

ირმა ჭკადუას კანდიდატურა წარმოდგენილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, ლავრენტი მაღლაკელიძის კანდიდატური ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ხოლო პოლიკარპე მონიავას კანდიდატურა სასწავლო უნივერსიტეტი ევროპული აკადემიის მიერ.

საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევ კონკურსში კადიდატების წარდგენა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. 

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 19 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 19 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 19 ოქტომბერი