იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

20 მარტი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაწვევით ვადიანი მოსამსახურისთვის 18 თვიანი სამხედრო სამსახურის ვადის ნაცვლად 12 თვიანი ვადა დგინდება. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოადგინა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე წარდგენას.
ცვლილება შედის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში. მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნები წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია. ცვლილების თანახმად, მხილებად ჩაითვლება მამხილებლის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ან მედიის ინფორმირება განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 თვის შემდეგ. ასევე, ამ კანონის თანახმად, შეჩერებული სამართალწარმოება განახლდება შესაბამისი განმხილველი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
საქართველო გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს მიღებულ „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციას უერთდება. მომხსენებლის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, კონვენციის მთავარი მიზანია, არცერთი პირი მოქალაქეობის გარეშე არ დარჩეს. მისი თქმით, კონვენციის რატიფიცირება გამართლებულია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაც. ამასთან, „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ გაეროს კონვენციასთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონვენციის ძალაში შესვლა არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მინიჭებული მოქალაქეობის აღიარება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კონვენციის რატიფიცირებისთვის წარდგენას.
დანაშაულად ცხადდება საერთაშორისო ტერორისტული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს ტერორისტების, ტერორისტული ჯგუფების ან ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენას. მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველა შენიშვნა გაითვალისწინეს. მისი თქმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაიდენს ტერორისტულ დანაშაულს, ასევე, უცხოელისთვის რომელიც ტერორისტულ დანაშაულს საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდენს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე, ასევე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების, „უფლის სახელით - უფალია ჩენი სიმართლე“ საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, სამართლებრივი გაუმართაობის გამო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების მიღებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.