იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

20 აპრილი 2017
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, არჩილ ანასაშვილის განმარტებით, ორგანული კანონის პროექტის მიზანია, გამარტივდეს კენჭისყრის პროცედურები, აღმოიფხვრას სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზები და ნორმათა კოლიზია კანონმდებლობაში, დაიხვეწოს და დაზუსტდეს არსებული პროცედურები და რეგულაციები. „საქართველოს საარჩევნო კოდექსში”აღმოიფხვრება ხარვეზი და გაკეთდება ჩანაწერი რეფერენდუმის ან პლებისციტის, ასევე შუალედური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოთა რიგგარეშე არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ შესაბამის ტერიტორიაზე.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, იცვლება გამგებლის და მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის და გამართვის ვადა და წესი. კერძოდ, 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას - უახლოეს აპრილში. გამგებლის ან მერის რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება მხოლოდ შესაბამისი არჩევნების წელს. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ნაცვლად პრეზიდენტისა, მოხდება ცესკოს მიერ.

საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი. 

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობდა წინასწარი კონსულტაციები. „საკომიტეტო მოსმენისას გამოიკვეთა 2-3 თემა, რაზეც შეიძლება დაგვჭირდეს დაზუსტება. ამ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნაში აისახება, რომ კომიტეტს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. პრინციპების დონეზე კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას ეთანხმება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომიტეტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო წიდადადებას საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოაყალიბებს.

კომიტეტის დღის წესრიგში წარმოდგენილი იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადება საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავის/ჯარიმის დარიცხვის დინების შეჩერებას სასჯელის მოხდის პერიოდში. ეკა ბესელიას განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ერთხელ უკვე იყო განხილული კომიტეტის სხდომაზე და კენჭისყრით უარყოფილი იქნა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი