იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

22 იანვარი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მომდევნო სხდომაზე, დახურულ ფორმატში იური ვაზაგაშვილისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობების საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებისგან მოისმენს. აღნიშნული წინადადება დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დააყენა და მას კომიტეტის სხვა წევრებმაც მხარი დაუჭირეს. სხდომის ჩატარების ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მე-15 ოქმი“. ცვლილებით კონვენციის პრეამბულას ემატება ჩანაწერი, რომლის მიზანია კონვენციის სისტემის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და სასამართლოს მიერ მის პრეცედენტულ სამართალში განვითარებული შეფასების ფარგლების დოქტრინასთან შესაბამისობაში დარჩენა. ამასთანავე, კონვენციის 21-ე მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მოსამართლეთა არჩევისათვის წევრი სახელმწიფოს მიერ წარდგენილი კანდიდატის ასაკი უნდა იყოს 65 წელზე ნაკლები. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, კონვენციიდან ამოღებული იქნება პუნქტი, რომელიც ადგენდა მოსამართლედ მუშაობის ზედა ასაკობრივ ზღვარს -70წელს.

ცვლილება შედის კონვენციის 30-ე მუხლში, რომლის თანახმად, მხარეები ვეღარ შეძლებენ შეეწინააღმდეგონ სასამართლოს პალატის მიერ დიდი პალატისთვის იურისდიქციის დათმობას. კონვენციის 35-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ეროვნული სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანის 6-თვიანი ვადა შემცირდა 4 თვემდე. კონვენციაში შეიცვალა ის პუნქტი, რომელიც მოიცავს ინდივიდუალური აპლიკაციის მისაღებობის კრიტერიუმს ,,მნიშვნელოვანი ზიანის“ შესახებ და ამოღებული იქნა პირობა, რომ საქმე ეროვნული სასამართლოს მიერ სათანადოდ უნდა ყოფილიყო განხილული. ამავე დროს, ძალაში დარჩა მოთხოვნა საჩივრის არსებითი განხილვის შესახებ, თუ ადამიანის უფლებათა დაცვა ამას მოითხოვს. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლო აღარ განიხილავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც აპლიკანტს მიადგა უმნიშვნელო ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, რომელსაც თვითონ ეს პუნქტი უშვებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ასევე განიხლა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი“ და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი“ შესაძლებლობას აძლევს ხელშემკვრელი მხარეების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებს და ტრიბუნალებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ საკონსულტაციო დასკვნისათვის იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენებასა და განმარტებას.

ეროვნულ სასამართლოს უფლება ექნება საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართოს მხოლოდ იმ საკითხზე და იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ განიხილება და არა ზოგადად კონვენციის ან კონვენციასთან დაკავშირებული მისი კანონმდებლობის ამა თუ იმ ნორმის განმარტებასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან ოქმის სავალდებულოდ აღიარების შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან, საკონსულტაციო დასკვნისათვის მოთხოვნის წარმდგენ სასამართლოდ განისაზღვრება საქართველოს უზენაესი სასამართლო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. კონვენციიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებში: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა. კანონპროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელებისაგან იმ მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( უბილეთო მგზავრობა ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით) ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2015 წლის 1 იანვრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) ინსტიტუტის განმსაზღვრელი ნორმების დამატებას ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ საქმეში, უფლება ექნება საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა საქმეში რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. სასამართლოს შეუძლია აღნიშნული მოსაზრება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშიც ასახოს. როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტი უკვე არსებობს საკონსტიტუციო და სისხლის სამართალწარმოებაში. კომიტეტმა მოიწონა და მხარი დაუჭირა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: მანანა კობახიძის, დავით საგანელიძის, გედავან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძისა და პაატა კიკნაველიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატიცის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტის მიხედვით, მცირდება ნაფიც მსაჯულთა განსაჯადობას მიკუთვნებულ დანაშაულთა წრე, კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯადობა აღარ მოიცავს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში მითითებული პირის ბრალდების საქმეებს და მათზე გავრცელდება სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის საპროცესო კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმები. კანონპროექტის მიღების მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული ხარვეზებისა და სხვადასხვა მუხლებს შორის არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრა, პრაქტიკაში წარმოშობილი დაურეგულირებელი საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგება. აგრეთვე, თანამდებობის პირთა ბრალდების საქმეებზე სასამართლო განხილვის, და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა, რაც საშუალებას მისცემს მართლმსაჯულებას გონივრულ ვადებში უზრუნველყოს ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულება. სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილიც პროექტის ინიციატორებმა გაიზიარეს, კერძოდ 120-ე მუხლთან (ამოღებისა და ჩხრეკის წესი) და 147-ე მუხლთან( ნიმუშის აღება) დაკავშირებით. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა არ დაეთანხმა კანონპროექტის ავტორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კანონიდან ამოღებული უნდა იყოს მუხლი, რომლის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯადობა აღარ მოიცავს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში მითითებული პირის ბრალდების საქმეებს. მათი განმარტებით, აუცილებელია ამ მუხლის არა ამოღება, არამედ მასში ცვლილების განხორციელება, რომლის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის სფეროში მოექცევა დანაშაულთა კატეგორიები და არა გარკვეულ პირთა წრეს მიკუთვნებული ბრალდების საქმეები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისიხლის სამართლებრივი სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით კომიტეტმა სხდომაზე მეორე მოსმენისთვის განიხილა ,,სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შესატნის შესახებ“ კანონპროექტი.
პროექტის მიხედვით ცვლილება შედის სისხლის სამრთლის კოდექსიის 1261 მუხლში -,,ოჯახში ძალადობა“. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), გარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომისა, ასევე გათვალისწინებული იქნება იქნება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. ცვლილება შედის 1261 მუხლის მე-2 ნაწილში - დამამძიმებელი გარემოებები და თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ნაცვლად იცვლება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

პროექტით, ცვლილება შედის ,,ოჯახის წევრის“ განმარტებაში და მიეთითება, რომ ოჯახის წევრად ითვლებიან ,,აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწვიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“. პროექტის მიხედვით დაუშვებელი იქნება 1261 მუხლით (ოჯახური ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დამატებით დაინიშნოს ჯარიმა. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. როგორც შინაგან საქმეთ სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსმა, ზვიად ოქროპირიძემ აღნიშნა, პროექტში გათვალისწინებულია პირველი მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 22 იანვარი