იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

23 ოქტომბერი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, კანონმდებლობაში ცვლილებები შედის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტები, რომელთა ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა. 

"ნოტარიატის შესახებ" კანონში ცვლილებები ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს: 

  • ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას განახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში, ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ დასახლებათა ნუსხას იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს.
  • ასეთ ტიპის დასახლებებში ახლად დანიშნული ნოტარიუსებისთვის დგინდება გარკვეული სოციალური გარანტიები - ნოტარიუსს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას გაუწევს ნოტარიუსთა პალატა.
  • ნოტარიუსად დანიშვნიდან სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ნოტარიუსს შესაძლებლობა ექნება იმავე დასახლებაში გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა ან თავისი სანოტარო ბიურო ნებისმიერ სხვა ადგილას გადაიტანოს. ამასთან, თუ ეს დასახლება იმ დროისათვის იმ დასახლებათა ნუსხაში იქნება შეტანილი, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ნოტარიუსთა პალატა ვალდებული იქნება გააგრძელოს ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარების გაწევა.
  • ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად განისაზღვრება ნოტარიუსობის კანდიდატის უარი შესაბამის დასახლებაში განწესების შესახებ, ხოლო თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად - ამ დასახლებაში სანოტარო საქმიანობის სამი წლის ვადის ამოწურვამდე შეწყვეტა;

საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანია ქვეყანის მოსახლეობის იმ ნაწილის სანოტარო მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც ამჟამად აღნიშნული მომსახურების მიღების შესაძლებლობას მოკლებულია. ,,ნოტარიუსები ქვეყნის ტერიტორიაზე არათანაბრად არის განაწილებული. დღეისათვის საქართველოში მოქმედი 252 ნოტარიუსიდან 146 ნოტარიუსი სანოტარო მომსახურებას ახორციელებს თბილისში, 12 - ბათუმში, 11 - ქუთაისში და მხოლოდ 83 ნოტარიუსი ემსახურება საქართველოს დარჩენილი ტერიტორიის შედარებით ნაკლებად დასახლებულ მუნიციპალიტეტებს. თბილისში დაცულია საშუალო ევროპული სტანდარტი (8 ნოტარიუსი ყოველ 100 000 მოსახლეზე) და ის ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 12,4 ნოტარიუსს შეადგენს. იგივე სტანდარტი დაცულია ბათუმსა (7,8) და ქუთაისში (7,3). დანარჩენი მუნიციპალიტეტები კი სანოტარო მომსახურების დიდ დეფიციტს განიცდის. ქვეყნის 11 მუნიციპალიტეტში არც ერთი ნოტარიუსი არ ემსახურება მოსახლეობას, ხოლო 29 მუნიციპალიტეტში მხოლოდ თითო ნოტარიუსი“, -განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტმა განაპირობა საგადასახადო კოდექსში ცვლილების მომზადება.

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ფინანსური დახმარების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებას იმ ნოტარიუსებისთვის, რომელებიც გამწესებული არიან მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც ნოტარიუსის დანიშვნის მომენტისათვის სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროქტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

16-დან 18-წლამდე არასრულწლოვან პირთა არასასურველი და იძულებით ქორწინებათა პრევენციისთვის ახალი რეგულაცია შემოდის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილების თანხმად, რომლის ინიციატორიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით მშობლებსა და მზრუნველებს აღარ ექნებათ ქორწინებაზე თანხობის გაცემის უფლებამოსილება და აღნიშნული საკითხი გადაწყდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე დროს, ვიწროვდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვნ პირთა ქორწინების საფუძველი, კერძოდ, სასამართლოს მიერ ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება გამოტანის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ორსულობა და ბავშვის დაბადება.

,,ადრეულ ასაკში ქარწინება საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა და იძულებითი ქორწინების შემთხვევები ძალიან შემაშფოთებელ სახეს იღებს, მით უფრო, როდესაც სახეზე გვაქვს არასრულწლოვანი გოგონების თვითმკვლელობების ფაქტები. ამასთანავე, არსებული ჩანაწერი ეწინააღმდეგება ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მთელ რიგ მუხლებს“,-განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კორძაიამ. მისივე თქმით, 2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ადრეულ ასაკში, 16-დან 18 წლამდე პირების შემთხვევაში, ქორწინების რაოდენობასთან დაკავშირებით და სახელმწიფოს მოუწოდა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები იმისთვის, რომ ეს პრობლემა მეტნაკლებად იქნას აღმოფხვრილი.

განხილვის დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ ცალკეული საკითხების დარეგულირების მიზნით, შესაძლოა საჭირო გახდეს ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა, რაზეც კომიტეტი იმსჯელებს და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს. აღნიშნული წინადადების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
კომიტეტმა "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ" კანონის პროქტი და მისი თანმდევი კანონპროექტები განიხილა.
"ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ" კანონის პროექტის ინიციატორი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზების ძირითად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საფუძვლებს, ტუბერკულოზის კონტროლთან და ტუბერკულოზით დაავადებული პირის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულიერებს.

კანონპროექტის მიხედვით, ტუბერკულოზის კონტროლი გულისხმობს ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან, დიაგნოსტიკასთან და ტუბერკულოზის შემთხვევის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ერთობლიობას. განისაზღვრება აღნიშნულ პროცესში ჩართული სახელმწიფო, არასახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ზოგადი უფლებამოსილებები, ასევე, არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებული პროცედურები და პაციენტის სოციალური დაცვის გარანტიები. კანონპროექტი შედგება 10 თავისა და 22 მუხლისგან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, გიორგი ხეჩინაშვილმა გაიზიარა, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

პარლამენტის წევრის, პავლე კუბლაშვილის მიმართვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართა თვალი ადევნოს გამოძიებას, რომელიც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე დაიწყო და პროცესთან დაკავშირებით, გარკვეული დროის შემდეგ პროკურატურისგან ინფორმაცია გამოითხოვოს.

"ნიკა გვარამიამ განცხადება შანტაჟთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც თავისი შინაარსით არის ძალიან მძიმე და რომელზეც არასათანადო რეაგირება, შესაძლოა ქვეყნისთვის დამღუპველი იყოს. ასეთ შემთხვევაში, სპეცსამსახურებს, ან იმ პირებს, ვინც მსგავს ინფორმაციას ფლობს, საშუალება ექნება, თითოეული მოქალაქე აშანტაჟოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე დროულად იყოს ყველა პასუხი გაცემული. ვიცი, რომ გამოძიება დაიწყო და მინდა, კომიტეტმა ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილოს. იქნებ ვიფიქროთ რაიმე ფორმაზე, რომლითაც საშუალება გვექნება, გარკვეულწილად თვალყური ვადევნოთ, ან პროცედურულად ვთხოვოთ პროკურატურის თანამშრომლებს, ამ კონკრეტულ საკითხზე კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია წარუდგინონ“- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ საკითხი მართლაც მნიშვნელოვანია და კომიტეტი აღნიშნული საქმით დაინტერესდება. ,,ყველანაირად შევეცდებით, რომ ჩვენც თვალყური ვადევნოთ და გვქონდეს სრული ინფორმაცია რა ხდება", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის  23 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის  23 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის  23 ოქტომბერი