იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

23 დეკემბერი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნინო თათრულაიძისა და დიმიტრი ჯავახაძის კანდიდატურებზე იმსჯელა.

კომიტეტის წევრებს კანდიდატურები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ წარუდგინა. მან დეპუტატებს ნინო თათრულაიძისა და დიმიტრი ჯავახაძის ბიოგრაფიული ცნობებისა და შრომითი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გააცნო, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა თავად კანდიდატებს მოუსმინეს. კომიტეტმა წარმოდგენილ კანდიდატურებს ფარული კენჭისყრის შედეგად მხარი არ დაუჭირა. ამის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნინო თათრულაიძისა და დიმიტრი ჯავახაძის კანდიდატურების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაინც გაიმართება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ა.ა.ი.პ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის’’ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სსსკ-ის 239-ე მუხლს უნდა დაემატოს მე-7 ნაწილი, რომელიც მხარეებს მისცემს საშუალებას მტკიცებულებათა დაუშვებლობაზე შუამდგომლობა დააყენონ და შუამდგომლობის განხილვა ითხოვონ საქმის არსებითი განხილვის სტადიაზეც. დღეს მოქმედი სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, მხარეებს, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის, ნებისმიერ სტადიაზე შეუძლიათ დააყენონ შუამდგომლობა, თუმცა იგივე მუხლი მიუთითებს, რომ შუამდგომლობის დაყენება შესაძლებელია კოდექსით პირდაპირ გათვლისწინებულ შემთხვევებში. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის ნორმები კი პირდაპირ არ ითვალისწინებენ ისეთ შემთხევევას, როდესაც მხარეს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე, თუკი ამის საფუძველი წინასასამართლო სხდომის შემდეგ, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოვლინდება.

კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკითხი პრინციპულია და მისი განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში სხვა საკითხებთან ერთად კომპლექსური განხილვის ჭრილში, რითიც გამოირიცხება ახალი დისონანსების გაჩენა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე, კომიტეტის წევრებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს შემოთავაზებული წინადადების მიღება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, შალვა შავგულიძემ აღნიშნა, რომ საკითხის განხილვა მოხდება სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის წევრიც თავად არის და განხილვაზე საკანონმდებლო წინადადების ავტორიც მიწვეული იქნება.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა ასევე განიხილა ა(ა)ი.პ ,,თანადგომა და სამართლიანობის’’ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო წინადადების ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემა ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლება (გამოყვანა)) უნდა განხორციელდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ მიზნით საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია ცვლილებების განხორციელება სამოქალაქო კოდექსში, „პოლიციის შესახებ“ კანონში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ახალი მუხლის დამატებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, „იმ სააღსრულებო საქმეებზე, როდესაც სააღსრულებო გადაწყვეტილება გამომდინარეობს სესხის ან/და იპოთეკის ხელშეკრულებიდან და შეეხება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას და ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), მათ შორის საქმეებზე უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას - აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადებით სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა განხორციელდეს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე".

ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარეობს საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეეძლება მოითხოვოს ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია ცვლილების შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილში. აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილებების გადაცემის შესაძლებლობას, რომელსაც ემატება უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილებაც.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას და მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც იანვრის ბოლომდე შესაბამის კანონებში შესატან ცვლილებებს მოამზადებს. სამუშაო ჯგუფს პარლამენტის წევრი პაატა კიკნაველიძე უხელმძღვანელებს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2014 წლის 23 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2014 წლის 23 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2014 წლის 23 დეკემბერი