იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

26 მარტი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი სამი დოკუმენტი: “თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება, „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება და ,,იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება“.

2014 წლის 15 დეკემბერს ხელმოწერილი “თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, თურქეთის მთავრობა სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის სახით საქართველოსთვის გამოყოფს 900 000 თურქული ლირის ექვივალენტ აშშ დოლარს შემდეგი მიზნებისათვის: თურქული კომპანიებისაგან სამხედრო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტის შემუშავება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის შეძენას.

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება მხარეებს შესაძლებლობას აძლევს გაცვალონ საიდუმლო ინფორმაცია, ცნონ მხარეთა მიერ გაცემული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის ნებართვები. ასევე უზრუნველყონ როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის თანამშრომლობა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებსა და კონტრაქტებზე.

2014 წლის 24 სექტემბერს ხელმოწერილი ,,იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულებაზე“ მიერთება უზრუნველყოფს საქართველოში საერთაშორისოდ აპრობირებული იარიაღის კონტროლის სისტემისა და პროცედურების ჩამოყალიბებას, ასევე უზრუნველყოფს იარაღის უკანონო ვაჭრობისა და გადამისამართების ბრძოლის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმების დანერგვას, რითაც საქართველო მნიშვნელოვან წვვლილს შეიტანს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხიების უზრუნველყოფაში.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია შეთანხმებების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტი მიერ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენისთვის განიხილეს მთავრობის ინიციატივით წარმოდეგმნილი კანონპროექტები: ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება პასუხისმგებლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარებისათვის, შესაბამის მუხლებში აისახება აღნიშნული სამართალდარღვევის განმხილველი ორგანო, ასევე ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი). სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იქნება უფლებამოსილი მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სამხედრო მოსამსახურის, ასევე შესაბამისი გარემოებების არსებობისას სამოქალაქო ან სპეციალური წოდების მქონე პირების მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევებზე. ამასთანავე, სამხედრო პოლიცია უფლებამოსილი იქნება, საქმიანობის მიზნებისა და ძირითადი პრინციპების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა, ასევე ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული სამოქალაქო ან სპეციალური წოდების მქონე პირების ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ სიმთვრალეზე შემოწმება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმულლი შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის თანხმად კანონის 22-ე მუხლს უნდა დააემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი: ,,ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომში - უეფა) 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში იკრძალება უეფას ნებართვის გარეშე ნებისმიერი რეკლამა ან სხვა ქმედება, რომელიც ხორციელდება არაუფლებამოსილი მესამე პირების მიერ, უეფას რეპუტაციით სარგებელის მიღების მიზნით. ასევე, იკრძალება მატჩებზე დასასწრები ბილეთების უეფას ნებართვის გარეშე გაყიდვა ან ნებისმიერი სახის კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა შენიშვნა, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ,,ნორმატიული აქტები შესახებ’ კანონის შესაბამის პუნქტებს, ვინაიდან ის არ არის არც მუდმივი და არც მრავალჯერადი გამოყენების, არამედ ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტია და დაუშვებელია მისი ნორმატიული აქტის სახით გამოცემა. კანონპროექტის თაობაზე მომხსენებელმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ გაიზიარა აღნიშნული შენიშვნა და წარმოდგენილ რედაქციაში შესაბამისი ცვლილება შეიტანა, კერძოდ, ახალ პუნქტში აღარ იქნება მითითებული ტურნირის გამართვის თარიღი და ტურნირის დასახელება და ის შემდეგი სახით ჩამოყალიბდება: ,,ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომში - უეფა) ღონისძიებების ფარგლებში იკრძალება უეფას ნებართვის გარეშე ნებისმიერი რეკლამა ან სხვა ქმედება, რომელიც ხორციელდება არაუფლებამოსილი მესამე პირების მიერ, უეფას რეპუტაციით სარგებელის მიღების მიზნით. ასევე, იკრძალება მატჩებზე დასასწრები ბილეთების უეფას ნებართვის გარეშე გაყიდვა ან ნებისმიერი სახის კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება“.

კანონპროექტი მიზნად ისახავს 2015 წლის 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის ქ. თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (უეფა) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გარანტიების შექმნას, საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, უეფას რეპუტაციის ხელყოფის პრევენციის და აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრას, რაც ხელს შეუწყობს უეფას უფლებების ეფექტურ აღსრულებას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 26 მარტი