იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

28 იანვარი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის წევრის ასარჩევად წარმოდგენილი მერაბ ტურავას კანდიდატურა განიხილა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია კანდიდატურის ბიოგრაფიული ცნობებისა და შრომითი გამოცდილების შესახებ. წარდგენის შემდეგ, მერაბ ტურავამ დეპუტატებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო. კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მერაბ ტურავას არჩევას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის წევრის ასარჩევად წარმოდგენილ მერაბ ტურავას კანდიდატურაზე კომიტეტმა გასულს წელს, 16 დეკემბერს ერთხელ უკვე იმსჯელა და მხარი დაუჭირა მის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევას, თუმცა 25 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე კანდიდატმა ხმების საკმარისი რაოდნობა ვერ მიიღო. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ასევე იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებზე, კერძოდ, კომიტეტის წევრებმა განიხილეს: კონსტანტინე კირვალიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ჯიქიას, თამაზ შარმანაშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი დავით ღონღაძისა და ზურაბ ხრიკაძის და გიზო მჭედლიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი ჯავახიშვილისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები. კანდიდატების შესახებ ინფორმაცია კომიტეტის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ მიაწოდა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა კანდიდატებს მოუსმინეს.

კომიტეტმა ფარული კენჭისყრის შედეგად წარმოდგენილი ექვსი კანდიდატიდან ხუთს: გიორგი ჭიქაბერიძეს, ნათია ჯიქიას, დავით ღონღაძეს, ზურაბ ხრიკაძეს და გიორგი ჯავახიშვილს მხარი დაუჭირა. მიუხედავად ამისა, პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ექვსივე კანდიდატს განიხილავს.

სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას გულისხმობს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მომსენისთვის განიხილა.
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებით ხდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის გარდაქმნა და მისი სტრუქტურის ახლებურად ჩამოყალიბება. კერძოდ, სასჯელაღსრულების ძირითადი ორგანო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნაცვლად, ხდება პენიტენციური დაწესებულება, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გარდაიქმნება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფად - პენიტენციურ დეპარტამენტად. გარდა ამისა, სამინისტრო იყოფა ორ მიმართულებად: სამოქალაქო სამსახურად და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. სამოქალაქო სამსახურში ერთიანდება „დამხმარე“ ფუნქციების მქონე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები. ეს ქვედანაყოფები დაკომპლექტდება საჯარო მოსამსახურეებით, რომელთაც არ ექნებათ სპეციალური წოდებები, არ მოეთხოვებათ სპეციალური მომზადების კურსების გავლა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ერთიანდებიან პენიტენციური დაწესებულებები და სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა საქმიანობაც არის სასჯელის უშუალო აღსრულება და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ძირითადი ფუნქციები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები არიან სპეციალური სტატუსის მქონე (პოლიციელთან გათანაბრებული), წოდების მქონე, სპეციალურად მომზადებული პირები. პენიტენციურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორი, რომელსაც აქვს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ცალკეული მოსამსახურეების თანამდებობებზე დანიშვნის უფლება.

მნიშვნელოვანი კომპონენტი სტრუქტურული გაჯანსაღების ფარგლებში არის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გაუქმება. ეს ფუნქცია დარჩება მხოლოდ ადგილობრივ საბჭოებს, რომელთა გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს. ზუსტდება სპეციალური საშუალებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ზუსტდება „ხელკეტის“ ტერმინი, რადგან რეზინის ხელკეტის გამოყენებამ, რომელსაც კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია იცნობს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების ტრენინგების დროს აჩვენა, რომ დახურულ სივრცეში მისი გამოყენება მიზანშეუწონელია მისი ფორმებისა და დარტყმის ძალის გამო. ცვლილებების მიღების შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებები გამოიყენებენ პატარა, კომპაქტურ, გასაშლელ ხელკეტებს, რომლითაც დღეს საპატრულო პოლიციაა აღჭურვილი და რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ რეზინი არ არის.

წარმოდგენილი ცვლილებებით 20 დღიდან 14 დღემდე მცირდება მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების ვადა ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად.


კანონპროექტები სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, მომზადდა ორმოც კანონში შესატანი ცვლილებები და დაიწერა ერთი კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“. ,,კანონპროექტები ითვალისწინებს რეფორმას ორი მიმართულებით. ერთი მიმართულება არის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულება ანუ კონკრეტულად პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. მეორე მიმართულება არის სისტემური, ინსტიტუციური რეფორმის ჩატარება, რომელიც უკავშირდება ეფექტურ მართვას“,-აღნიშნა კახა კახიშვილმა.

სხდომაზე კომიტეტის წევრებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებმაც გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით. მათივე მხრიდან აღინიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესულია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა სამუშაო რეჟიმში განიხილოს და გაითვალისწინოს გამოთქმული შენიშვნები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 28 იანვარი