იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

29 იანვარი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის ინიციატორიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა. 

პროექტის მიხედვით, იცვლება კანონის 7¹ მუხლი და მისი პირველი პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი, ასევე ითვლება თვითნებურად დაკავებულად, თუ ფიზიკურ პირს 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფოს საკუთრების (მათ შორის საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული) სასოფლო ან არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არა უმეტეს 0,2 ჰა‐ს ოდენობით, მასზე განთავსებული შენობა‐ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული“. ამავე მუხლის მეორე პუნქტი კი ყალიბდება შემდეგი სახით: „ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი ითვლება თვითნებურად დაკავებულად, მიუხედავად იმისა, ეს მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერსებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა‐ნაგებობა“.

კანონპროექტზე მომხსენებელის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ანზორ თხილაიშვილმის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწის რეფორმის განხორციელება ფაქტიურად ორჯერ ჩაიშალა (1992‐1999 და 2004‐2006 წლებში). მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ 2007 წლის 28 დეკემბერს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონში შევიდა ცვლილება და მას დაემატა მე‐7¹ მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.” როგორც ანზორ თხილაიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ამ რედაქციისა, მე‐7¹ მუხლით მინიჭებული უფლებებით ვერ ისარგებლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები კომლების (ოჯახების) მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რაც გამოწვეული იყო ამავე კანონის მე‐2 მუხლში შესული არაერთი ცვლილებების გამო. აღნიშნულის გამო ერთსა და იმავე სოფელსა თუ თემში მცხოვრები კომლები აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში. მათმა ნაწილმა, კანონში ცვლილების შესვლამდე შეძლო მართლზომიერ საკუთრებაში არსებული და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო იმავე პირობებში მყოფი კომლების მნიშვნელოვან ნაწილს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო უარი ეთქვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, პრობლემები შეექმნათ იმ კომლებს (ოჯახებს), რომელთა მართლზომიერ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არ მდებარეობდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და იგი გამოყოფილი იყო სასოფლო გზით, ხევით, მდინარით და ა.შ., ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი, ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და სხვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტის მიზანია, კანონში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება, თუ რომელი მიწის ნაკვეთი ჩაითვლება თვითნებურად დაკავებულად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მისივე თქმით, ცვლილებების განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების გამო, შეძლონ მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარება, მიუხედავად იმისა, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა გაიზიარეს კანონპროექტის მიზნები, თუმცა აღნიშნეს, რომ პროექტის წარმოდგენილი რედაქცია ვერ ასახვს მათ და ცვლილების ამ სახით მიღების შემთხვევაში შეიძლება დამატებითი პრობლემები გაჩნდეს. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა კანონპროექტი არასაკმარისად მომზადებულად ცნო. კანონპროექტის ახალი რედაქციის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ მზადყოფნა გამოთქვა კომიტეტის წარმომადგენელი ჩაერთოს ამ ჯგუფის მუშაობაში.

საქართველოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმების შექმნას ითვალისწინებს კანონპროექტი "შრომითი მიგრაციის შესახებ“, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენისთვის განიხილეს. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ის არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ურთიერთობებსა და სუბიექტებს, განსაზღვრავს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებსა და მათ უფლებამოსილებებს და ადგენს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მექანიზმებს.

კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობა ხორციელდება იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დახმარებით, ან ფიზიკური პირის მიერ დამოუკიდებლად იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დახმარების გარეშე.

პროექტის თანახმად, იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ან აპირებს განახორციელოს ეს საქმიანობა, ვალდებულია: მოახდინოს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ ორგანოში და დაიცვას პირობები; დადოს შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ი უცხოელ დამსაქმებელთან; განახორციელოს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით მიმავალი შრომითი ემიგრანტის ინფორმირება მის გამგზავრებამდე; აწარმოოს იმ პირების აღრიცხვა, რომლებსაც გაუწია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურება; 5 წლის განმავლობაში შეინახოს ამ კანონიდან გამომდინარე წარმოებული დოკუმენტაცია, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულებები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს, მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ახალი კანონი დაარეგულირებს, მოთხოვნის რეგისტრაციაა. მოთხოვნის რეგისტრაცია ადასტურებს ადგილობრივი დამსაქმებლის უფლებას, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოიყვანოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების არმქონე უცხოელი. მოთხოვნის დასარეგისტრირებლად ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, მიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს და წარუდგინოს მას ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ (მოთხოვნილი პროფესიის (სპეციალობის), კვალიფიკაციისა და კომპეტენციების ან/და უნარ-ჩვევების ჩათვლით).

მოთხოვნის რეგისტრაციისთვის საჭირო ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და რეგისტრაციის მისაღებად საჭირო პირობების გატარებას.

ადმინისტრაციული ორგანო ადგილობრივი დამსაქმებლისთვის შესაბამისი კადრის შეთავაზებას სამუშაოს მაძიებელთა ბაზიდან ახდენს მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღეში, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო 7 დღეში ვერ მოიძიებს წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამის კადრს ან/და არ მოხდენს მის ადგილობრივი დამსაქმებლისთვის შეთავაზებას, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ადგილობრივი დამსაქმებლის მოთხოვნა რეგისტრირებულად ითვლება.

კანონპროექტზე მომხსენებლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, დავით ლომიძის განცხადებით, პროექტის მიზანია საქართველოში შეიქმნას შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებასა და გამორიცხავს არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს. ასევე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებსა და ქვეყანაში შრომითი მიგრაციული პროცესების რეგულირება.

სხდომაზე აგრეთვე განიხილეს"შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონპროექტის ორი თანმდევი პროექტი: ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და ,,სამოქალაქო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კომიტეტის წევრებმა ხდომაზე წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს, რომელთა გათვალისწინებითაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 29 იანვარი