იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

05 მარტი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილეს. კანონპროექტი იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა.

კანონპროექტის მიზანია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ“ UNCITRAL-ის მოდელურ კანონთან, ასევე საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი მეგობრულად განწყობილი გარემოს შექმნა, კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება, არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობის და პოპულარობის გაზრდისა და მისი განვითარების ხელშეწყობა.

კანონპროექტით განისაზღვრება არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის წესი იმ შემთხვევებისთვისაც, როდესაც მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად ვერ ხერხდება არბიტრის დანიშვნა, ვინაიდან, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, მხარეთა შეთანხმების არსებობის მიუხედავად, შეიქმნას გარკვეული პრობლემები არბიტრის დანიშვნის პროცესში, აღნიშნული ცვლილება კი უზრუნველყოფს, რომ მხარეთა ნება - დაუქვემდებარონ დავა არბიტრაჟს - ნებისმიერ შემთხვევაში იყოს აღსრულებადი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობა. 

სხვა მრავალ საკითხთან ერთად, კანონპროექტით განისაზღვრება ასევე, რომ მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში წერილობითი შეტყობინების მხარეებისთვის ჩაბარება მოხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო შეტყობინებისა და დაბარებისთვის დადგენილი წესით.

სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განიხილეს თანმდევი კანონპროექტები: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. 

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვისათვის და განისაზღვრება 150 ლარით (იგივე ოდენობა, რაც დადგენილია არაქონებრივ დავაზე სასარჩელო წარმოებისათვის); ასევე მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იმ საკითხებზე, რომელშიც საარბიტრაჟო განხილვა საჭიროებს სასამართლოს ჩართულობას (საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) და ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით. აღნიშნული 150 ლარის ნაცვლად, ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს წარმოადგენდა, რაც მთელ რიგ შემთხვევებში 5 ათას ლარამდე იყო.

საპარლამენტო ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის წევრებს პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა წარუდგინა. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანს, ავტორის განცხადებით, პრაქტიკაში დანერგილი და წლების განმავლობაში აპრობირებული სავიზო რეჟიმის შემოღება წარმოადგენს. პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც ახლებურად დარეგულირდება ქვეყანაში შემოსვლის პირობები, გაიოლდება სავიზო პოლიტიკა, ანუ აღდგება სავიზო რეჟიმის გამკაცრებამდე არსებული ვითარება. მთავარი და ძირითადი, რისი აღდგენაც სურთ პროექტის ავტორებს, არის ის, რომ უვიზოდ შემოსვლა და საქართველოში ყოფნა ნებადართული იყოს 360 დღემდე.

ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს სახელით განცხადება გააკეთა ალექსანდრე ბარამიძემ. მისი ინფორმაციით, კანონპროექტი ახლახან შევიდა სამინისტროში და დროის სიმცირის გამო, დასკვნის მომზადება ვერ მოესწრო, მაგრამ პარლამენტს დასაბუთებული დასკვნა აუცილებლად წარედგინება. 

მან დეპუტატებს გააცნო ის ზოგადი მოსაზრებები, რამაც თავის დროზე გამოიწვია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. „უპირველესად ეს ცვლილება ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს სჭირდებოდა, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მოვიპოვოთ. ის ფაქტი, თითქოს მოთხოვნა არ არის ევროკავშირიდან სავიზო რეჟიმის გამკაცრება, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ წერია - მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით ქვეყანაში გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. მისი თქმით, ინსინუაციები იმის შესახებ, თითქოს სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ გამოიწვია ტურისტების შემცირება, ლარის კურსის ვარდნა და ა.შ. რბილად რომ ვთქვათ, საფუძველს მოკლებულია. 
სავიზო რეჟიმის მოწესრიგება აუცილებელი იყო უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე. მისი შეფასებით, ბინადრობის, ინვესტორების საკითხი, რაზეც მომხსენებელი აპელირებს, დარეგულირებულია და კანონმდებლობა შედარებით მაინც ლიბერალურია და, შეიძლება, პრობლემა კანონის აღსრულებაში იყოს. მისი შეფასებით, იმას, რასაც კანონპროექტის ავტორები გვთავაზობენ, არ ჰქვია მიგრაციის კონტროლი, რასაც ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ჩვენგან ითხოვს. 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი კანონპროექტი, შეიძლება ითქვას, რომ არასაკმარისად მომზადებულია. 

დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა წარადგინა. ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა.

საქართველოს კანონის პროექტები: ,,საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ“, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა, კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარუდგინა და ზოგადი პრინციპები გააცნო. 
კანონპროექტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა, რომლის განცხადებით, კანონი ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.

კანონპროექტები ითვალისწინებს საგადასახადო ომბუდსმენის უფლებებისა და მოვალეობების დაზუსტებას, ასევე, ინსტიტუტის სახელწოდების ცვლილების საჭიროება განაპირობებს ცალკე საკანონმდებლო აქტის - „საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების აუცილებლობას.

კანონმდებლობით, საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი უფრო ფართო უფლებამოსილების მატარებელია და მისი სახელწოდება არ არის თანხვედრაში მის ფუნქციებთან. ამდენად, როგორც სხდომაზე აღინიშნა, ამ გარემოებამ განაპირობა წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება. სხდომაზე სხვადასხვა სახის შენიშვნები გამოითქვა, რომელთა პროექტში გათვალისწინებაზე ავტორები შეთანხმდნენ.

პარლამენტის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტს განსახილველად ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანმდევი - ,,ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარუდგინა. 

კანონპროექტით განისაზღვრება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშვალდებულება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. კერძოდ, სამინისტრო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება ორ მილიონ ლარს, შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება კი ოთხ მილიონ ლარს. ხოლო, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს ნდობის ჯგუფს, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება ორ მილიონ ლარს, შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება კი ოთხ მილიონ ლარს.

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, სავსებით მისაღებია კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებს ეხება, მაგრამ მას სამართლიანად არ მიაჩნია ის ფაქტი, რომ არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებზე ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ შსს-ს ჰქონდეს. 

ზოგადად, გამოითქვა მოსაზრება, რომ სახელმწიფო შესყიდვების საიდუმლო ნაწილში ინფორმაციის ნდობის ჯგუფისათვის წარდგენა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოს დაევალოს, ამასთანავე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სხვა უწყებებსაც დაევალოს დარგობრივი კომიტეტების მიხედვით.

დასასრულ, კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს განხილულ საკითხებს. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, დანარჩენმა კანონპროექტებმა კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 5 მარტი