იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

01 მაისი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავი მცირდება. მთავრობის ეს ინიციატივა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განმარტებით, მთავრობამ საურავების დაკისრების ახალი მექანიზმი შეიმუშავა. მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში ვერ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას, 100 ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში - მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. ინიციატივის მიხედვით, ადმინისტრაციული ჯარიმის საურავი ორმაგდება, მაგრამ მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. იზორიას განცხადებით, საურავის დაკისრების ამგვარი მექანიზმი ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში ხელს შეუწყობს ადეკვატური ოდენობის სახდელის დანერგვას. პროექტი საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებზე დარიცხული საურავების შემცირებას ითვალისწინებს. ძალოვანთა მოთხოვნისადმი, ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის ქვედა ზღვარი 250 ლარი იქნება. უცვლელი რჩება ფულადი სანქციის ზედა ზღვარი, რომელიც 2 000 ლარს შეადგენს. კანონპროექტის მიხედვით, 4 თვემდე იზრდება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა.
კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გივი ლომინაძემ წარადგინა. პროექტი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების აპარატების შემთხვევაში, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის სამართლებრივი მექანიზმებს და იმ მოხელეთა ნუსხას განსაზღვრავს, რომლებიც ატესტაციას არ ექვემდებარებიან. ინიციატორის განმარტებით, ცვლილება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებს, მთავრობის თავმჯდომარეებს, საშუალებას მისცემს მრჩევლები და თანაშემწეები უკონკურსოდ დანიშნონ. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების აპარატების შემთხვევაში, განისაზრვრება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის სამართლებრივი მექანიზმები.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ასევე კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. მთავრობა პირადი ცხოვრების პატივისცემის უზრუნველყოფას და ამ უფლებაში თვითნებური ჩარევის პრევენციის ინიციატივით გამოდის. 157-ე მუხლის დისპოზიციაში შედის „პირადი ცხოვრების ამსახელი ინფორმაცია“ და „პერსონალური მონაცემები“. როგორც სხდომაზე აღინიშნა, გადამუშავდა 157-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მაკვალიფიცირებული გარემოებები გაიყო ორ ნაწილად, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დამახასიათებელი ზიანის ხარისხიდან გამომდინარე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

გალერეა