იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

29 აპრილი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის შემუშავება მოქმედ კანონმდებლობაში პირის შეურაცხყოფის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხების მარეგულირებელი დებულებების სრულყოფის აუცილებლობამ განაპირობა.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მოქმედ კანონში ხდება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დეფინიციის შემოღება. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარებისგან გაიმიჯნება, ასევე, სრულყოფილად გაიწერება ფსიქიატრიული მკურნალობის გამოყენებისას სასამართლოს განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, პირველი მოსმენით, წარადგინა.
მისი განმარტებით, კანონს ემატება მუხლი - იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოიყენება. სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია პირის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დანიშნოს კონკრეტული კრიტერიუმების არსებობისას, კერძოდ, თუ მას ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე. ასევე, მისი ფსიქიკური აშლილობა განაპირობებს საკუთარი თავის ან სხვა პირისთვის საზიანო, მუქარის შემცველი ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკს.
კანონპროეტის თანახმად, განისაზღვრება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსების კონკრეტული წესი და პროცედურა.
კანონპროექტით დგინდება ნორმა, რომლის მიხედვით, პირი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ იმ სტაციონარში, რომელშიც უზრუნველყოფილია უსაფრთხოების პირობები და დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესაბამისი პროგრამები. ასევე, დგინდება ვალდებულება, რომლის თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრთა კომისია ვალდებულია სტაციონარში მოთავსებიდან ყოველ 3 თვეში ერთხელ შეაფასოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის მიმართ მკურნალობის შეწყვეტის საკითხი. კანონპროექტის თანახმად, თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მორიგი ან ვადამდელი შემოწმებისას დაასკვნის, რომ მკურნალობის საფუძვლები აღმოიფხვრა, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დასკვნის მიღებისთანავე მიმართოს სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის დადასტურების ან უარყოფის მოთხოვნით. ბიურო ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი მიმართვისა და დასკვნის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში ვალდებულია განიხილოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის საკითხი, პაციენტის უშუალო შემოწმების შედეგად შეაფასოს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაადასტუროს ან უარყოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნა. ბიუროს მიერ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის დადასტურება არის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაწერის საფუძველი, ხოლო უარყოფა ამ კანონით დადგენილი წესით იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საფუძველი.
კანონპროექტის თანახმად, გაწერის შემდეგ პირი ვალდებულია აღრიცხვაზე დადგეს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უახლოეს ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, არსებული რეალობისა და პრაქტიკის, გამოცდილების გაზიარებით, კანონპროექტი საზოგადოებას სთავაზობს, რომ თუ არანებაყოფლობით მკურნალობას დაქვემდებარებულ ისეთ პაციენტებში, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პირი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხი იყო, შეწყდეს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და „მიესაჯოს“: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის - 2 წელი; ბ) მძიმე დანაშაულისთვის - 4 წელი ; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის - 10 წელი. თუ კრიტერიუმი არ ამოიწურა, ვადის გასვლისას მისი მკურნალობა გაგრძელდება, როგორც ჩვეულებრივ არანებაყოფილობითი მკურნალობა.
ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაწესებული საურავი და მართვის უფლების შეჩერების ვადები მცირდება. ასევე, საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა ხდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებით, რომელიც კომიტეტის წევრებმა დღეს, პირველი მოსმენით განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განმარტებით, მოქმედი კანონი საკმაოდ მკაცრ და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუსაბამოდ, მაღალი ოდენობის საურავს ითვალისწინებდა. ცვლილების თანახმად, კი განისაზღვრება საურავის ადეკვატური ოდენობა. კერძოდ, თუ პირი 30 დღეში არ გადაიხდის მასზე დაკისრებულ საჯარიმო თანხას, მას საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისადაეკისრება.
ცვლილების შედეგად, დაინერგება მართვის უფლების შეჩერების ახალი მექანიზმი. ხდება ერთიანი სისტემის შემოღება. თუ პირი არ გადაიხდის ჯარიმას, ხოლო ამის შემდეგ საურავს, მას მართვის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერდება. სამართალდამრღვევს მართვის მოწმობა დაუბრუნდება იმ შემთხვევაში თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 100 ლარს არ აღემატება და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ორმაგ ოდენობას, ხოლო თუ ჯარიმა აღემატება 100 ლარს მაშინ გადაიხდის ჯარიმას და საურავის ერთნახევარ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, მოქმედ კანონმდებლობაში „ექსპლუატაციის“დეფინიციის სრულყოფა და ტრეფიკინგთან ბრძოლის თანამედროვე გამოწვევების ასახვა ხდება. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტი „ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა. კანონპროექტში ტერმინი „ექსპლუატაცია“ ახლებურად არის განმარტებული და ამავდროულად განისაზღვრება ექსპლუატაციის ფორმები. საკანონმდებლო ცვლილებით ზუსტდება „მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების“ დეფინიცია.მომხსენებლის განმარტებით, თანამედროვე პირობები გულისხმობს ისეთ მდგომარეობას,როდესაც პირი ანაზღაურებით ან არაადეკვატური ანაზღაურებით, ან მის გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ, ასრულებს სამუშაოს ან ეწევა სხვა სახის მომსახურებას და მას ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია. პროექტში ასევე „პირზე დამოკიდებულების“ გამომწვევი გარემოებებია აღწერილი.
კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან იზორიამ წარადგინა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონპროექტი საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენით განიხილეს სხდომაზე, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განსაზღვრული, მოსამართლეთა მონიტორინგის განხორციელების პროცედურებისა და კრიტერიუმების საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენის ვადა 2014 წლის 1 მაისის ნაცვლად, 2015 წლის 15 ივლისამდე განისაზღვრა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილეს.
კომიტეტის წევრებმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.