იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირა

17 ნოემბერი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი წარმოადგინა.

პროექტის თანახმად, ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების შესაბამისად მობილიზებული საბიუჯეტო თანხების ერთობლიობა 120.0 მლნ ლარით იზრდება და განახლებული პროგნოზი 7 520.0 მლნ ლარს შეადგენს, ასევე იზრდება პრივატიზაციიდან მისაღები შემოსულობები და ის 45.0 მლნ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები 2015 წლის 9-10 თვის ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზებისა და საგასახადო შემოსავლების დინამიკის გათვალისწინებით მომზადდა.

პროექტით, სახელმწიფო ვალის აღების მაჩვენებელი 293.0 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის სახაზინო ვალდებულებების სახით მისაღები შემოსულობები 185.0 მლნ ლარით, ხოლო საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტები 108.0 მლნ ლარით მცირდება.

ჯამში ბიუჯეტის შემოსულობები (ვალის შემცირების ხარჯზე) 155.0 მლნ ლარით მცირდება და 9 745.0 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილი 30.0 მლნ ლარით იზრდება და 9 605.0 მლნ ლარით განისაზღვრება. „ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის“ პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96.0 მლნ ლარით იზრდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 76.0 მლნ ლარით მცირდება. „ეს არის დონორების მიერ კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები, რომლის ათვისებაც მიმდირე წელს ავერ მოხერხდება ძირითადა იმის გამო, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავანსების გაცემა მნიშვნელოვანად შეზღუდოს. პროექტების განხორციელება გაგრძელდება და თანხების ჩარიცხვა ძირითადად მომდევნო წლის დასაწყის შიმოხდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

ცვლილებები შეეხება აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებას, კერძოდ, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში ემატება 4 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხა მიიმართება 2011 წელს ლიზინგით გამოყვანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურებისთვის. 9.0 მლნ ლარით მცირდება ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესების პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

გიორგი კაკაურუძის განცხადებით, წლის ბოლომდე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით 15.0 მლნ ლარით იზრდება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი. აღნიშნული თანხიდან 7.0 მლნ ლარი გადაეცემა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ჩემპიონატებში მიღწეული შედეგების მიხედვით სპორტსმენთა დაჯილდოებისთვის.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" კანონპროექტზე იმსჯელა, რომლის ინიციატორიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია.

საკითხის თაობაზე მომხსენებლის, მირიან წიკლაურის განმარტებით, „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სააღმზრდელო საქმიანობის ახლებური განსაზღვრება, რომელიც გულისხმობს ისეთ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის შემეცნებით, ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე სისტემურ ზრუნვასთან და სადღეღამისო მომსახურების განხორციელებასთან და რომლის მიზანია ბავშვის პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური, უნარ-ჩვევების და ადაპტაციური ქცევის ჩამოყალიბება. განმარტების შესაბამისად, სააღმზრდელო საქმიანობად ითვლება ბავშვთა ნებისმიერი სადღეღამისო მომსახურება მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი აღიარებული მზრუნველობამოკლებულად. აღნიშნული საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას.

კანონპროექტის შესაბამისად, სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ტერიტორიულ მდებარეობასა და რაოდენობას, შესაბამისი სამართლებივი აქტით განსაზღვრავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აკრძალულია ამ პირობების დარღვევით სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელება.
პროექტი ასევე განსაზღვრავს სააღმზრდელო საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემ ორგანოს, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტებს, სალიცენზიო პირობებს, ლიცენზიის გაცემის და სხვა აუცილებელ პროცედურებს.

კომიტეტმა ასევე განიხილა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" კანონპროექტის თანმდევი სამი კანონპროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

წარმოდგენილი ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას უკანონო სააღმზრდელო საქმიანობისათვის, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისთვის, სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ოქმს შეადგენენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ხოლო საქმეს განიხილავს სასამართლო.

კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ პირის პასუხისმგებლობას ლიცენზიის გარეშე სააღმზრდელო საქმიანობისათვის აღნიშნული დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. აგრეთვე, სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის განისაზღვრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამგვარი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში.

წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე შენიშვნები გამოითქვა, მათ შორის, ტერმინთა განმარტებებთან დაკავშირებით და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი სანქციების განსაზღვრის დროს ალტერნატიული სასჯელის დაწესების აუცილებლობის შესახებ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც მომხსენებლმა გაიზიარა, მხარი დაუჭირა კანონპროექტების ინიცირებას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 17 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 17 ნოემბერი