იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

16 აპრილი 2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

შემოთავაზებული ცვლილებები ადგენს მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის სახდელის ოდენობას. სახდელის ოდენობა განსხვავდება ობიექტის სპეციფიკის მიხედვით. ამასთან, ბაზრობის/სავაჭრო ცენტრისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების დროს არსებითია კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინება.

სახდელის განსაზღვრისას, გათვალისწინებულია შესაბამისი ობიექტის მფლობელის მიერ გადასახდელი დაზღვევის წლიური საფასურის (პრემია) გასაშუალოებული ოდენობა, თუმცა იმგვარად და იმ პრინციპით, რომ შესაბამისი პირისთვის არ იყოს ხელსაყრელი ადმინისტრაციული სახდელის გადახდა და დაზღვევის გარეშე საქმიანობის გაგრძელება.

კანონპროექტის შემუშავებისას, გათვალისწინებულია სადაზღვევო ბაზარზე არსებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს პრემიის ოდენობებთან მიმართებით. შესაბამისად, სახდელის ოდენობა ითვალისწინებს პრემიის გაორმაგებული ოდენობის სახდელის დაკისრებას.

ცვლილებების მიღების მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონთან. ასევე, კანონპროექტის მიღება საშუალებას იძლევა ფართოდ იქნას მოცული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირების წინაშე სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც შეამცირებს ქვეყანაში ხანძრით და აფეთქებით გამოწვეული შედეგების სოციალურ–ეკონომიკურ სიმძიმეს.

კანონპროექტების ავტორია სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიშის თაობაზე“. დადგენილების პროექტში ასახულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამი რეკომენდაცია, კერძოდ:

1. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის მომდევნო ყოველწლიურ ანგარიშში წარმოსადგენი მონაცემები გაანალიზდეს არა მხოლოდ სუბიექტებისა და სამართლის დარგების, არამედ საქმეთა კატეგორიების მიხედვითაც;
2. გაზრდილი მანდატიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახურმა, შესაბამისი ადამიანური რესურსის შერჩევითა და სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებით, უზრუნველყოს სამსახურის აპარატის სტრუქტურული გაძლიერება;
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისით შეუზღუდავად სარგებლობის მიზნით, დაჩქარდეს ბიუროების ოფისების ადაპტირების პროცესი.

რეკომენდაციების მიზანია ხელი შეუწყოს სამსახურის საქმიანობის ხარისხის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები.

კანონპროექტით არსებითად იცვლება „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები, ამასთან, იხვეწება კანონში წარმოდგენილი დეფინიციები და ემატება ისეთი ტერმინები, როგორიცაა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“.

„ქურდული სამყაროს“ წევრობა გახდა დენადი დანაშაული, აღნიშნული უწყვეტად ხორციელდება ამ სტატუსის შეძენიდან მის გაუქმებამდე. დღეს მოქმედი რედაქციით, აღნიშნული დანაშაული განგრძობად ხასიათს ატარებს, რამდენადაც სტატუსის შეძენასთან ერთად პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მოითხოვს აქტიური მოქმედებების განხორციელებასაც. შეიცვალა „ქურდული გარჩევის“ ცნების განმარტება და ა.შ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენისთვის იქნა განხილული „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

ცვლილებების მიზანია, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტის თანახმად, იზრდება ჯარიმის ოდენობა წვრილმანი ხულიგნობისთვის და ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 2018 წლის 16 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 2018 წლის 16 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 2018 წლის 16 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 2018 წლის 16 აპრილი