იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გამართა

17 ივნისი 2017
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს. 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სკოლამდელი განათლების ოთხწლიანი უნიკალური რეფორმის მიხედვით, ყველა სკოლამდელი დაწესებულება თანამედროვე ევროპული სტანდარტით აღიჭურვება.

„ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელშიც სახელმწიფო დებს ძალიან დიდ ფინანსურ, ასევე ადამიანურ რესურსს. ეს არის უნიკალური რეფორმა, რომლის მიხედვით, ყველა სკოლამდელი დაწესებულება იქნება თანამედროვე ევროპული სტანდარტით აღჭურვილი. ჩვენ ეტაპობრივად ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის იმპლემენტაციას. იწყება ერთიანი საგანმანათლებლო ეროვნული სტანდარტის დანერგვა, ერთიანი ინფრასტრუქტურა, ერთიანი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვება, ჰიგიენა, უსაფრთხოება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეფორმის ამოქმედებას აკვირდება, ისმენს შუალედურ ანგარიშებს და შემდგომ ნაბიჯებს გეგმავს.

„ვისმენთ, როგორ მიმდინარეობს რეფორმა, ასევე, შუალედურ ანგარიშებს და ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს რეფორმა არ შეფერხდეს და იყოს ყველაზე წარმატებული, რადგან ეხება ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ სფეროს - ეს არის ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა და განათლება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ეკა ბესელიამ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონის ყველა მუხლი, გარდა გარდამავალი და დასკვნითი დებულებებისა, 2017 წლის ოქტომბრიდან შედის ძალაში, ხოლო თავად რეფორმირების პროცესი 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი - ავტორიზაციის პროცესი.

ეკა ბესელიას განცხადებით, ავტორიზაციის პროცესისთვის მოსამზადებლად, მუნიციპალიტეტებში, ივლისიდან ოქტომბრამდე გასვლითი შეხვედრები დაიწყება.

„გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ვისაუბრეთ, რომ დავიწყოთ ერთობლივი, გასვლითი რეგიონული შეხვედრები მუნიციპალიტეტებთან, რათა ისინი ავტორიზაციის პროცესისთვის მოვამზადოთ. პარალელურად გავაგრძელებთ მონიტორინგის პროცესსაც“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი სიახლე მშობელთა საკონსულტაციო საბჭოებია.

ეკა ბესელიას თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეფორმის წარმატებით დასრულებამდე, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და საბჭოსთან შემდგომი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ლაილა ომარ გადმა.

„მინდა მოგილოცოთ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება. ეს არის საკმაოდ ამბიციური კანონი. მინდა აღვნიშნო, რომ მისი მიღების შემდეგ მცირე პერიოდში, საკმაოდ მნიშვნელოვანი, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ უკვე გვაქვს პროგრესი“,- განაცხადა ლაილა ომარ გადმა. მისი განცხადებით, გაეროს ბავშვთა ფონდი კანონის იმპლემენტაციის პროცესში თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს.

ლაილა ომარ გადის თქმით, გაეროს ბავშვთა ფონდი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დეტალური, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში საკონსულტაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს. გარდა ამისა, UNICEF, საბჭოსთან ერთად, მუნიციპალიტეტებისთვის მეთოდოლოგიური და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას გეგმავს.

„მჭიდროდ ვითანამშრომლებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან და საბჭოსთან, რომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ“, - განაცხადა ლაილა ომარ გადმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა სამინისტროს მიერ აღებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მომზადება იყო. როგორც ლია გიგაურმა აღნიშნა, სტანდარტებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრებისას დამატებითი თავების საჭიროება გამოიკვეთა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, თამარ ჭიჭინაძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში დაწესებულებების შენობა-ნაგებობების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობების მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი განიხილება.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურ კოორდინაციაშია იმ დაწესებულებებთან, რომლებსაც გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კანონით აქვთ გაწერილი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა სამინისტროების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საბჭო, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, მუნიციპალიტეტებში გასვლითი შეხვედრებისთვის ერთიან გეგმაზე დაიწყებს მუშაობას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გამართა, 2017 წლის 17 ივნისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გამართა, 2017 წლის 17 ივნისი