იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი განიხილა

15 აპრილი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და მისი თანმდევი პროექტები. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და პროფესია. პროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორ საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანი მექანიზმებით იქნება აღჭურვილი. კანონპროექტში აგრეთვე გათვალისწინებულია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციით დადგენილი პრინციპი, რომელის მიხედვითაც დისკრიმინაციად არ ითვლება სპეციალური და დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად. პროექტი ადგენს სახალხო დამცველის მიერ სპეციალური ანგარიშის მომზადების ვალდებულებას ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.

კანონპროექტი არ ქმნის ახალ სამართლებრივ მატერიალურ უფლებებს, არამედ მიზნად ისახავს კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას.პროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტეფიკაცია.
კანონპროექტის მიღების მიზეზია არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონდმებლობის არაეფექტურობა. დისკრიმინაციის ამკრძლავი ნორმების აბსოლუტური უმრვლესობა ცალკეული გამონაკლისების გარდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის დებულებებს შეიცავს და მათი დარღვევების სამართლებრივ შედგებს არ ითვალისიწნებს. შესაბამისად, ვერ ხორციელდბა დისკრიმინაციის ამკრძლაავი ნორმების, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის პრაქტიკის იმპლემენტაცია. მოქმედი კანონმდებლობით, სათანადოდ არ არის განზღვარული დისკრიმინაციის მსხვერპლისათვის დარღვეული უფლების აღგდენისა და შესაბამისი რეპარაციის მიღების შესაძლებლობები. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ევოკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი ნაწილია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის მიერ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. კანონპროექტის განხილვაში დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონისპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები. კანონპროექტის მიხედვით ახლებურად წესრიგდება და რიგ შემთხვევებში მარტივდება საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, დადგენისა და შეწყვეტის საკითხები, კერძოდ, შეიცვალა ბავშვის მოქალაქეობის მოპოვების პირობები, როცა ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის წესით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხს. მოქმედი კანონისგან განსხვავებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს გამონაკლისს ქმედუუნარო და ფიზიკური ნაკლის მქონე პირების საქართველოს მოქალაქედ მიღებისას სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და სამართლის საფუძვლების ტესტირებისგან გათავისუფლებას. კანონპროექტით საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები განსხვავებულად განისაზღვრა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირებისთვის. პროექტით განსაზღვრულია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დაუშვებლობა იმ პირთათვის, ვისაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა (საპატიო მოქალაქეობა). კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს მთელ რიგ მექანიზმებს, რომელიც მიმართულია მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირებისაკენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება მიეცემათ არჩევნებამდე 60-დღიან პერიოდში განახორციელონ საარჩევნო უბნებისთვის გამოყოფილი შენობა/ნაგებობების სათანადოდ მოწყობის დაფინანსება, თუ ეს გათვალისწინებული არ იყო შესაბამისი ბიუჯეტებით. ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღარ შეიყვანებიან ის ამომრჩევლები, რომლებსაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. საარჩევნო უბანში გამოიკვრება ამომრჩეველთა სია ფოტოსურათების გარეშე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიას ექნება ფოტოსურათებიანი სია. კანონპროექტის მიხედვით, თუ კენჭისყრის დროს ამომრჩევლის მიერ წარდგენილ საბუთებში აღნიშნული სარეგისტრაციო მონაცემები(გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა, საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრმა ან/და საარჩევნო უბანში ყოფნის უფლების მქონე პირმა ერთიმეორესთან შეუსაბამოდ მიიჩნია ამ ამომრჩევლის სახე და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი და შეუსაბამობა დაადასტურა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ამ პირს არ მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა, თუ მან კენჭისყრის დასრულებამდე კომისიის თავმჯდომარეს წარუდგინა იმავე უბნის 2 ამომრჩეველი, რომლებიც წერილობით დაადასტურებენ ამ პიროვნების ვინაობას, მას მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

 

გალერეა

  • iuridiuli_1.jpg