იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პროექტი განიხილა

14 აპრილი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომელთა ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, ნასამართლობის გაქარწყლებას, განრიდების გამოყენების წესს, სპეციალიზებული მოსამართლეებისა და პროკურორების მომზადებასა და მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს. კოდექსის მიხედვით, ნასამართლობა ქარწყლდება სასჯელის მოხდისთანავე, ან პრობაციის ვადის გასვლისთანავე. თუ პირი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს, მაშინ კვლავ ჩადენასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის რა დამამძიმებელი ფაქტორებიც არსებობს, ყველა იქნება გამოყენებული. კოდექსის თანახმად, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, ისევე როგორც თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელები, უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც უკიდურესი ზომა. ყველაზე მთავარი პრინციპი და ინოვაცია, რაც პროექტს შემოაქვს, პირველ რიგში, ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესზე დაფუძნებული მიდგომა და ინდივიდუალური მიდგომა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როცა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, არასრულწლოვანი მოწმე ან/და დაზარალებული. ამასთანავე, კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიმართაც.

კანონპროექტი მოამზადა იუსტიციის სამინისტრომ UNICEF-თან და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით. ცვლილებების მიღების მიზანია: საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გარანტიების შექმნით მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვა; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავება; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მორგება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პრინციპებზე, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას; მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობასთან დაკავშირებული სპეციფიკური ნორმების სიმარტივის და განჭვრეტადობის უზრუნველყოფა. კოდექსის მიღების ვალდებულება გაწერილია აგრეთვე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.

როგორც კანონპროექტების თაობაზე მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა: „ეს არის სრულიად ახალი ტიპის კანონმდებლობა, რომლითაც საქართველო გაუტოლდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ყველა იმ საუკეთესო სტანდარტის დამკვიდრების კუთხით, რომელსაც განამტკიცებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები ამ სფეროში“.

სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, რენატე ვინტერმა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა. მათ ისაუბრეს პროექტის მომზადების მიზნებზე, ამოცანებზე, მნიშვნელობაზე, ცალკეულ საკითხებზე და აღნიშნეს, რომ პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და მისი მიღება მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომელთა ნაწილი მედიაციასა და განრიდების საკითხებს უკავშირდება მხარი დაუჭირა პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ - ეს არის სრულიად ახალი სიტყვა ჩვენი მართლმსაჯულებისთვის, ჩვენი სამართლებრივი სისტემისთვის.“

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სიებში ახალი ნივთიერებები დაემატება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა აღნიშნულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის №2 დანართში (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების სია), კერძოდ, დანართის პირველ პუნქტს (კანაბინომიმეტურად მოქმედი ნაერთები) ემატება „სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდები“. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტერმინი „ანალოგი“ და მისი განმარტება ქიმიური სტრუქტურის დონეზე. გარდა აღნიშნულისა, №2 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „ფენეთილამინის ნაერთები“ ჩანაცვლდა „დოფამინერგულად მოქმედი ნაერთებით“. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ქიმიურ ნაერთთა უფრო ფართო კლასს და მათ შორის, მოიცავს ფენეთილამინის სტრუქტურებსაც. ამასთანავე, №3 დანართს დაემატა სტრუქტურების რამდენიმე მაგალითი, რომელიც შესაბამისობაშია მოყვანილი ზემოაღნიშნულ ცვლილებასთან.

კანონპროექტის მიზანია, მოქმედი კანონის შესაბამისობაში მოყვანა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან და იმ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზება, რომელიც დღესდღეობით არ არის შეტანილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაში.

კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის, სოფიო კილაძის განცხადებით, 2014 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონი, რომლის საფუძველზეც 2014 წლის 15 მაისს ამოქმედდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია. მისივე თქმით, კომისიის მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა რამდენიმე ისეთი ნივთიერება, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით არ შეესაბამება კანონით კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს, თუმცა „კაიმანისა“ და „SWG-DRUG“-ის (ოფიციალურ) ბაზებში განთავსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ისინი წარმოადგენს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. როგორც სოფიო კილაძემ განაცხადა, აღნიშნულ გარემოებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო კომისიის მიზანია, იმოქმედოს წინსწრებით და პრევენციულად ხელი შეუშალოს ისეთი ნივთიერებების გავრცელებას საქართველოში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აუცილებელი გახდა კანონში ცვლილებების შეტანა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პროექტი განიხილა, 2015 წლის 14 აპრილი