იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა

05 დეკემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის  ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ დიმიტრი ჯავახაძისა და გია ცაცაშვილის; გიორგი ძაგანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის; გიორგი ჯავახიშვილისა და მაია ზარიძის; გიორგი ჭიქაბერიძისა და ზაზა პირველის კანდიდატურებს მოუსმინეს.

კომიტეტმა ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე  წარმოდგენილ თითოეულ კანდიდატს უყარა კენჭი. სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმები მიიღეს: დიმიტრი ჯავახაძემ,  გიორგი ძაგანიამ, გიორგი ჯავახიშვილმა, გიორგი ჭიქაბერიძემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომიტეტმა, ასევე, მხარი დაუჭირა კომიტეტის მიერ შემუშავებულ შესაბამის დასკვნებს.  კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის  ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ  კანდიდატთა კენჭისყრის პროცედურა პლენარულ სხდომაზე გაიმართება.  

„საგზაო მოძრაობის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილებები კომიტეტს პირველი მოსმენით განხილვისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშიამ წარუდგინა.

მომხსენებლის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი.

პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

„კანონპროექტის მიღება აუცილებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების შესრულების, საქართველოს კანონმდებლობის დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემის დახვეწისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნებისათვის“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ. 

 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ კანონპროექტი გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, დეპუტატებს მეორე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.

სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

აღნიშნული სსიპი განახორციელებს გადაუდებელი  დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისთვის შესაბამის სატელეფონო მომსახურებას, აგრეთვე 24-საათიან უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

დეპუტატებმა  „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მუხლობრივად განიხილეს.

წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება ნატოს საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებულ ნატოს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთის ანდა მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შემოსვლის და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის განსხვავებული წესის დადგენას და გარკვეულწილად, დადგენილი პროცედურების გამარტივებას.

კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი არეგულირებს საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესს, შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული კონკრეტული სუბიექტისთვის განსხვავებული წესის დადგენა საჭიროებს  ამავე კანონში ცვლილებას.

აღნიშნული წესის დამტკიცება ხელს შეუწყობს ნატოს საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული საზღვაო შენაერთის საპორტო ვიზიტების სიხშირის გაზრდას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს გაცხადებული მზაობა გაზარდოს შავ ზღვაზე ნატოს სამხედრო ძალების ყოფნა.

კომიტეტმა   თანდართულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად განიხილა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“.  

მომხსენებლის განცხადებით, ამ საკანონმდებლო პაკეტის უმთავრესი მიზანია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის პრევენცია და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა.

დაცვის ობიექტები ძირითადად არასრულწლოვნები არიან, რომლებიც ხშირად ხდებიან აღნიშნული დანაშაულის მსხვერპლი. კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, აგრეთვე, 255¹ -255² მუხლებისთვის მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას გარკვეული სახის უფლება.

მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება; არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება; საექიმო საქმიანობა; „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობა და სხვა, რაც კანონით იქნება განსაზღვრული. კანონით მოხდება სასჯელის გამკაცრება. პროექტი ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს ამ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრის შექმნა.

კომიტეტმა  გარკვეული  შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების დათქმით, მხარი დაუჭირა  წარმოდგენილ საკანონმდებლო პროექტს. 

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილებები კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტი შემუშავებულია, რათა დაიხვეწოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები და სამართალდამცავ ორგანოებს გაეზარდოთ შესაძლებლობა სრულყოფილად და ახალი მეთოდების გამოყენებით აწარმოონ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

შედეგად ნავარაუდევია არა მხოლოდ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული ერთი კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიცემის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არამედ მთელი დანაშაულებრივი ჯგუფის, განსაკუთრებით კი დანაშაულზე პასუხისმგებელი მთავარი სუბიექტების, იდენტიფიცირების ზრდა და მათდამი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს. 

ალექსანდრე დარახველიძემ დეპუტატებს  პირველი მოსმენით გააცნო „იარაღის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები თანდართულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად.  

მომხსენებლის განცხადებით, კანონში ცვლილების შეტანის მიზანია ცივი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, რათა დაცული იქნეს საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი.

„ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ შეიზღუდოს არასრულწლოვნებისა და ნასამართლევი პირებისთვის ცივი იარაღის მიწოდება, შეძენა და გადაცემა. დღეს მოქმედი კანონით, ნებისმიერ პირს ნებისმიერ ადგილზე უფლება აქვს, რომ შეიძინოს ცივი იარაღი. არ არის განსაზღვრული იარაღის კატეგორიები და ადგილები სადაც ის იყიდება, ამიტომ აღნიშნული ნივთი ხშირად ხდება არასრულწლოვნების ხელში, რის შედეგადაც ფატალური შედეგები დგება,“ - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე განმარტებით, ცვლილების შეტანის შემდეგ, კანონის დამრღვევი პირების მიმართ ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.

რეგულაციები დაუწესდებათ იმ პირებს, ვინც ცივ იარაღს ყიდიან.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შსს-ს უფლებამოსილება ენიჭება, რომ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გააკონტროლოს ცივი იარაღის ბრუნვა და მისი გაყიდვის პირობები, იმ შემთხვევაში კი, თუ იქნება დარღვევები, შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს. ამასთან, კანონის პროექტის დამტკიცების შემდეგ, გამკაცრდება ჯარიმები ადმინისტრაციული კოდექსის ფარგლებში.

კომიტეტის აპარატის მხრიდან გამოითქვა შენიშვნები. აღნიშნული შენიშვნების საკანონმდებლო პაკეტში გათვალისწინების დათქმით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს. 

კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტებს:   „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ ; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. 

დღესვე კომიტეტმა განიხილა „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. 

მომხსენებლის, ეკა ბესელიას განმარტებით,  სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები განსაზღვრავს ქვეყანაში  ყველა ტიპის რეფორმას,  დემოკრატიის ხარისხს, ადამიანის უფლებების სტანდარტს. „

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი არის სასამართლოში არსებული ვითარება,  არის თუ არა ის დამოუკიდებელი და არსებობს თუ არა სისტემური პრობლემები, რომელიც დაძლევს იმ ვითარებას, რაც მის წინაშე არის გამოწვევების სახით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, დადგენილების მიღება ცალსახად აუცილებელია, რათა პარლამენტმა გამოხატოს საკუთარი პოზიცია სასამართლოში არსებული რთული ვითარების შესახებ და გადადგას ქმედითი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად.  დადგენილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც პროექტის ავტორები არიან. 

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს. 

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა, 2019 წლის 5 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა, 2019 წლის 5 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა, 2019 წლის 5 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა, 2019 წლის 5 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა, 2019 წლის 5 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა, 2019 წლის 5 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა, 2019 წლის 5 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა, 2019 წლის 5 დეკემბერი