იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა

28 ნოემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოებისთვის. – „როგორც პრაქტიკამ აჩვენა საზოგადოების დაკვეთაა, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პროცედურები უფრო მეტად გამარტივდეს. ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, გარკვეული ხარვეზების გამო მოქალაქეები მიწებს ვერ ირეგისტრირებენ, ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაწია დიდი შრომა და მათი ავტორობით მთავრობამ წარმოგვიდგინა პროექტი, რომელიც მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული და ორიენტირებულია, რომ მათ შეძლონ შესაბამისი კანონიერი საფუძველის არსებობის შემთხვევაში გამარტივებული პროცედურებით დაირეგისტრირონ მიწები“. მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, რომ პარლამენტმა იმუშაოს და მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც მათ ინტერესებზეა მორგებული, - „ამიტომ, მიუხედავად ოპოზიციის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულების და ქცევისა, ჩვენ უფლება არ გვაქვს შეფერხდეს პარლამენტის მუშობა, რასაც ოპოზიცია ცდილობს. ფაქტია, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული მათი ბელადის წინაშე, ჩვენ კი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, რომელთა გამოც ჩვენ აგვირჩიეს ჩვენმა ამომრჩევლებმა. ამიტომ ჩვენ უფლება არ გვაქვს რაიმე ფორმით შევყოვნდეთ და ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისი პროექტები მივიღოთ. ამის მაგალითია ის კანონპროექტი, რომელიც დღეს უნდა განვიხილოთ“.

ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი.

მომხსენებლის განმარტებით, 2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის 3 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ აუცილებელია დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოებისა და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული წესების კანონის მუდმივმოქმედ ნორმებად დადგენა. მისი თქმით, 2016 წლის 1 აგვისტოდან, მას შემდეგ რაც კანონი ამოქმედდა, 730 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა. რაც მთლიანად დაახლოებით 515 382 ჰექტარს შეადგენს, მაშინ როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული იყო სულ 1 280 000 მიწის ნაკვეთი, საერთო ჯამური ფართით - 1 212 173 ჰექტარი.

ამასთან, 3 წლიანმა მიწის რეგისტრაციის ახლებურმა პროცესმა და სარეგისტრაციო პროცესში მიღებულმა გამოცდილებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობისა და არსებული პრობლემების დეტალური ანალიზი, რის საფუძველზეც შესაძლებელია გამოვლენილი ხარვეზების კანონის ძალით გასწორება. წარმოდგენილ კანონის პროექტში ასახული რეგულაციები უფრო მეტად გაამარტივებს საკუთრების უფლების მოპოვებას და სარეგისტრაციო პროცესს კიდევ უფრო მოარგებს მოქალაქის ინტერესს.

წარმოდგენილი კანონპროექტით მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. ასევე, კანონპროექტის თანახმად, ხდება მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების უფრო ფართოდ განმარტება.

დეპუტატებმა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებები და დასვეს შეკითხვები. ამის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა ასევე იმსჯელა საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარმოდგენილია გრიგოლ გაგნიძე - რომლის წარმდგენია აიპ ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია. გიორგი თევზაძე - წარმდგენია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, რევაზ მიქაბერიძე - რომლის წარმდგენიც რამდენიმე აიპია - სამოქალაქო განვითარების საზოგადოება, საქართველოს ეროვნული არჩევანი და სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი. თეა ხამხაძის კანდიდატურა - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წარადგინა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატმა შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტები და კომიტეტს წარმოუდგინეს პოზიცია აღნიშნულის თაობაზე. როგორც შემოწმების შედეგად გაირკვა, გიორგი თევზაძის და გრიგოლ გაგნიძის დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა არ დადასტურდა.

კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საკითხს, რომ თეა ხამხაძის და რევაზ მიქაბერიძის კანდიდატურები, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, 2019 წლის 28 ნოემბერი