იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის პროექტი განიხილა

01 აპრილი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის პროექტი განიხილა

 

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტის მიღება არსებულმა რეალობამ გამოიწვია, ვინაიდან აუცილებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის საკითხების ახლებური რეგულაცია.
„დღეს მოქმედი ორგანული კანონი 1993 წელს არის მიღებული, რის შემდეგაც არსებითად შეიცვალა ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება, რამაც კონკრეტული მუხლები საერთოდ გამოუსადეგარი გახადა, კანონში ხშირია ერთმანეთის შეუსაბამო დებულებებიც“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. მისივე თქმით, 1993 წელსა და შემდგომ რეალობას მორგებული კანონი დღეს, მთელი რიგი შემთხვევებისათვის აბსოლუტურად მოუქნელი და გამოყენების თვალსაზრისით არაპრაქტიკული გახდა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის შემუშავება ასევე განაპირობა „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ გაეროს 1961 წლის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ.
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ იგი ადგენს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, მოპოვების და შეწყვეტის განსხვავებულ რეგულაციებს. ასევე, მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მთლიანად პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროში ექცევა, რის გამოც მოქალაქეობის მოპოვებას ან შეწყვეტასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის არცერთი გადაწყვეტილება არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. ახლებური მიდგომებია შემოთავაზებული საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისას, ცვლილებებია შესული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლებშიც და ა.შ.
ამასთანავე პირველი მოსმენით განიხილეს თანმდევი კანონპროექტები „ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც უფრო მეტად მეორე მოსმენის საკითხებს წარმოადგენს, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას.
სხდომაზე ასევე ალესანდრე ბარამიძემ წარადგინა კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და მისი მიზანია „პოლიციის შესახებ“ კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონთან შესაბამისობასი მოყვანა. წარმოდგენილ კანონპროექტს კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.