იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ნოტარიატის შესახებ"კანონში შესატანი ცვლილები განიხილა

04 ნოემბერი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ნოტარიატის შესახებ"კანონში შესატანი ცვლილები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები.

"ნოტარიატის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებით, ახლებურად განისაზღვრება ნოტარიუსის თანამდებობაზე გამწესების წესი და პირობები. კერძოდ, ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას განახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში, ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.

აღნიშნული სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს შეუძლია გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა იმავე ან საქართველოს ნებისმიერ დასახლებაში. ამასთან, განისაზღვრება, რომ ნოტარიუსად არ დაინიშნება პირი, რომელიც უარს ამბობს აღნიშნულ დასახლებაში სანოტარო საქმიანობაზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია ნოტარიუსისთვის აღნიშნულ დასახლებაში სანოტარო საქმიანობის განხორციელებისას ნოტარიუსთა პალატისგან ფინანსური დახმარების გამოყოფა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ფინანსური დახმარების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებას იმ ნოტარიუსებისთვის, რომელებიც გამწესებული არიან მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც ნოტარიუსის დანიშვნის მომენტისათვის სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო.

ცვლილებების მიზანია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. 

მუხლობრივად განხილვის დროს, კანონპროექტებში შესწორებები არ შესულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტმა  პარლამენტის მიერ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრის ასარჩევ კონკურსში მონაწილე სამი კანდიდატის: ქეთევან ბექაურის, თეა ჯუღელისა და იგორ კოპალიანის მიერ წარმოდგენილი საბუთების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე იმსჯელა.

კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საბუთები  პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ნორმებს შეესაბამება და ბიუროს სხდომაზე მათ წარდგენას მხარი დაუჭირეს.  

ქეთევან ბექაურის კანდიდატურა წარმოდგენილია  ს.ს.ი.პ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" მიერ,  თეა ჯუღელის კანდიდატურა ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ხოლო იგორ კოპალიანის კანდიდატურა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ადამიანის უფლებები საზღვრების გარეშეს" მიერ.
პარლამენტის მიერ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრის ასარჩევი კონკურსი 12 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა.

კომიტეტმა მომავალი საკომიტეტო მოსმენისთვის გადადო კანონპროექტების: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მესამე მოსმენით განხილვა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, საკითხის განხილვის გადადების თხოვნით კომიტეტს  ბანკების ასოციაციამ მომართა.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის პაკეტი კანონპროექტებისა, რომელიც ეხება ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტს, რაც პარლამენტს ორი მოსმენით მიღებული აქვს. ჩემთვის სრულიად გაურკვევლი მიზეზების გამო, ამ კანონპროექტის გარშემო ისევ ატყდა აჟიოტაჟი, რომ ეს ხელს შეუშლის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის საკითხს. ერთ-ერთი ასეთი პროტესტი არის ბანკების ასოციაციის მხრიდან, რომლებიც იყვნენ მონაწილენი იმ სამუშაო შეხვედრისა, რომელიც გაიმართა როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის, სასამართლო  ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც მომზადდა ეს კანონპროექტი.  ახლა, ისინი კვლავ ამბობენ, რომ ისევ არის  ის პრობლემები, რომელიც ადრე  მათი მხრიდან ისმებოდა და რომელიც  ყველა  შეთანხმებული იქნა იმ შეხვედრაზე. ამიტომ, გვთხოვეს მცირეოდენი დროით განხილვის გადადება, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ მათთან ერთად ეს საკითხი“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ტელევიზიით რამდენჯერმე გაისმა უსაფუძვლო ბრალდებები და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გაშუქებისას, იმ საინფორმაციო საშუალებებში, სადაც  ამაზე იყო საუბარი, მხოლოდ ერთი მხარე იყო წარმოდგენილი ანუ ის, ვისაც არ მოსწონს ეს ცვლილებები და საერთოდ არ უკითხავთ აზრი ამ კანონპროექტის ინიციატორებისთვის.

კანონპროექტების ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, ხოლო მომხსენებელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა კიკნაველიძე.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 4 მოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 4 მოემბერი