იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

07 ოქტომბერი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა  "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტისა და მისი თანმდევი პროექტებიპლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე,  საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ  საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მოამზადა. წარმოდგენილი კანონპროექტები შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს:

  • არავის აქვს უფლება მიუთითოს მოსამართლეს, თუ  როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. აღნიშნული ნორმა დღესაც არსებობს, თუმცა წარმოდგენილი ცვლილებით ჩანაწერი უფრო ,,გამოკვეთილი“ გახდება.
  • თუ აქამდე, უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა დამოკიდებული იყო პლენუმის  გადაწყვეტილებაზე, ცვლილების ამოქმედების შემდგომ, იგი განსაზღვრული იქნება კანონით. კერძოდ, კანონი დაადგენს, რომ უზენაესი სასამართლო შედგება არანაკლებ 28 წევრისაგან.
  •  უზენაესი სასამართლოს პლენუმში აღარ შევლენ სააპელაციო სასამართლოების  თავმჯდომარეები. ამასთან, პლენუმის შემადგენლობაში ასევე  აღარ იქნებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, გამომდინარე იქიდან, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ინსტიტუტი უქმდებაკანონპროექტით ასევე უქმდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ინსტიტუტი.
  • სასამართლო სისტემაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს პლენუმის სხდომების საჯაროობა.
  • სადისციპლინო პალატის წევრთა კანდიდატურების დასახელება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთპიროვნული უფლებამოსილება აღარ იქნება.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეებს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეები თავად აირჩევენ. კანდიდატის დასახელების უფლება ექნება შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს.
  • რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოთა თავმჯდომარეებს ეზღუდებათ ადმინისტრაციული ფუნქციები. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით, ისინი ზედამხედველობას გაუწევენ სასამართლოს აპარატის მუშაობას. სასამართლოს აპარატის უშუალო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას განახორციელებს სასამართლოს მენეჯერი.
  • მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა შემთხვევაში აცხადებს კონკურსს, რომელში მონაწილეობის უფლებაც ექნებათ როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებს, ასევე პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან. კონკურსში მონაწილეობის მიღება აუცილებელი იქნება.
  • აწესრიგებს მოსამართლეთა მივლინების საკითხებს.
  • ითვალისწინებს დამოუკიდებელი  ინსპექტორის სამსახურის  შემოღებას, რომლის მიხედვით მოსამართლის მიერ სავარაუდო  დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი  გამოკვლევის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი.
  • იუსტიციის  უმაღლეს საბჭოში იქმნება სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ზედამხედველობას გაუწევს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებას და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, ხოლო, მეორე მხრივ, შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლებს, მოსამართლეთა მივლინების საჭიროებებს, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კონკურსის წესით შეარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
  • აწესრიგებს საქმეთა განაწილების წესს. ცვლილების ამოქმედების შემდეგ საქმეთა განაწილება მოხდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვით.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძეც მონაწილეობდა. მან დეპუტატებს დეტალურად გააცნო სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტისა და  დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები და მოვალეობები. ალექსანდრე ბარამიძემ და ნინო გვენეტაძემ პარლამენტის წევრების შეკითვებს უპასუხეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  შესახებ"  კანონპროექტი და თანდართული მასალები განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. პროექტის თანახმად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენელი 8 მილიარდ 225 მილიონი ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 9 მილიარდ 920 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები 9 მილიარდ 110 მილიონლარს, გრანტები 130 მილიონლარს, ხოლო კრედიტები 680 მილიონ ლარს შეადგენს.

უწყებების მიხედვით, ასიგნებები ყველაზე მეტად   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაეზარდათ.

პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტი 3  მილიარდ 070 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტროს გასული წლის ბიუჯეტი კი, 2 მილიარდ 785 მილიონი ლარი იყო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომავალი წლის  ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 975,2 მლნ ლარია, 2015 წელს კი, უწყების ბიუჯეტი 840 მილიონ 800 ათასი ლარი იყო.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით:  შინაგან საქმეთა სამინისტრო - 595 მლნ ლარით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 95 მლნ ლარით, იუსტიციის სამინისტრო - 68.5 მლნ ლარით, საერთო სასამართლოები - 51 მლნ ლარით, სახალხო დამცველის აპარატი - 4.5 მლნ ლარით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი - 1, 7 მლნ ლარით, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახური 5,4მლნ ლარით დაფინანსდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.

ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში" და "სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტები, რომელთა ინიცირებასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კანონპოექტის მიხედვით, 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში მშობლებსა და მზრუნველებს აღარ ექნებათ ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება და აღნიშნული მოექცევა მხოლოდ სასამართლოს კომპენტეციის ფარგლებში. ცვლილებებით ვიწროვდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა ქორწინების საფუძველი და ერთადერთ პატივსადებ საფუძვლად განისაზღვრება ორსულობა დაბავშვის დაბადება.

კანონპოექტები სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კორძაიამ წარმოადგინა და მათი ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. კომიტეტმა კანოპროექტები სახალხოდამცველის წინადადების საფუძველზე მოამზადა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 2016 წლის 7 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 2016 წლის 7 ოქტომბერი