იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა

10 ნოემბერი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და კომიტეტის შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის და მისი თანმდევი პროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. კანონპროექტის ძირითადი არსი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებაში მდგომარეობს. პროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი, ზურაბ ჯაფარიძეა.

„საქართველოში დღეს არსებობს სისტემა, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემა ჰქვია. ეს ინიციატივა გულისხმობს ამ სისტემის სრულად გაუქმებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრინციპულად მიუღებელია არსებობდეს ასეთი სამხედრო სავალდებულო სამსახური ან ზოგადად არსებობდეს რაიმე ტიპის სამსახური, სადაც სახელმწიფოს ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები მიჰყავდეს მათი ნების საწინააღმდეგოდ. რეალურად, ამ სისტემას არ აქვს კავშირი ამ ქვეყის თავდაცვისუნარიონობასთან, ამ ქვეყნის ჯარის ბრძოლისუნარიანობასთან. წლევანდელი მონაცემებით, წელს გაწვეულია 6 436 ახალგაზრდა. აქედან, რეალურად სამხედრო სამსახურში წავიდა დაახლოებით 25 %-ზე ნაკლები, დანარჩენი ახალგაზრდები გაწვეულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს სხვადასხვა უწყებებში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა თავი დააღწიონ სამხედრო სავალდებულო სამსახურს, მიმართვავენ სხვადასხვა ქმედებებს. ინიციატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს ნატო-ს წინაშე. პროექტით, კანონის ამოქმედების ვადად 2016 წლის 1 იანვარია განსაზღვრულია.

ზურაბ ჯაფარიძემ გაიზიარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილ პაკეტს უნდა დაემატოს კანონპროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი მომზადდება და უახლოეს მომავლში პარლამენტში შემოვა. მან აგრეთვე გაითვალისწინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ შემდგომი განხილვების დროს, შესაძლებელია კანონის ამოქმედების ვადა შეიცვალოს და აგრეთვე საჭირო იყოს სრულ პროფესიულ სამსახურზე ეტაპობრივი გადასვლის განსაზღვრა.

აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საკმარისად მომზადებულად მიიჩნია და მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „მოხალისეობის შესახებ“. კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოხალისის, მასპინძელი ორგანიზაციისა და მათ მესამე პირებთან ურთიერთობებს. მოხალისეობად განისაზღვრება ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარებით ნებაყოფლობით და უანგაროდ შესრულებულ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა.

კანონპროექტის მიხედვით, მოხალისე შეიძლება იყოს 16 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანი მოხალისეობით ურთიერთობაში მონაწილეობს მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვის ორგანოს თანხმობით, თუ მოხალიესეობითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის ინტერესს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებით და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

პროექტით გათვალისწინებულია მასპინძელი ორგანიზაციის ცნება, განისაზღვრება მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები. კანონპროექტით რეგულირდება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მოხალისეობით ურთიერთობებს, კერძოდ, მოხალისეობის განხორციელებისას დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, უსაფრთხოების გარემოს, მოხალისის პასუხისმგებლობას და ა.შ.

როგორც კანონპროექტის თაობაზე მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, ანი მიროტაძემ განაცხადა, ეს კანონი არ არის მიმართული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. „როდესაც ამ კანონპროექტზე მუშაობა დავიწყეთ, ცალკეულ პირებს გაუჩნდათ მოსაზრება, რომ ეს კანონი პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ არის მიმართული, ვინაიდან კრძალავს მოხალისეების მონაწილეობას პარტიებთან ურიერთობაში, რაც, რასაკვირველია მართალი არ არის, რადგან ამ ურთიერთობას სხვა კანონი არეგულირებს“, - განაცხადა ანი მიროტაძემ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".

ცვლილებების მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს მიერ უდავო წარმოების წესით დაქორწინების მსურველი 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმის განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განსაზღვრა.

ამ ეტაპზე პარლამენტში მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტების საკომიტეტო განხილვები. ცვლილებების თანახმად, 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში მშობლებსა და მზრუნველებს აღარ ექნებათ ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება და აღნიშნული მოექცევა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში. მსგავსი კატეგორიის საქმეებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია განიხილავს უდავო წარმოების წესით. აღნიშნული ცვლილებების განხილვის დროს გამოიკვეთა იმის საჭიროება, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების სრულყოფილად ამოქმედებისათვის მიზანშეწონილია „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა, 2015 წლის 10 ნოემბერი