იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

12 ოქტომბერი 2017
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები განიხილა. 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო და იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რომლითაც პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადებისას იხელმძღვანელა.

პირველი შენიშვნა საარჩევნო სისტემას შეეხება. კერძოდ, პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევის ე.წ. შერეული სისტემა დაუყოვნებლივ შეიცვალოს და პარლამენტის დაკომპლექტება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოხდეს არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, როგორც ეს 26 სექტემბერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროქტითაა განსაზღვრული, არამედ მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდანვე.

მეორე შენიშვნა გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ე.წ. ბონუსების სისტემას შეეხება. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია გაუნაწილებელი მანდატების განაწილება მოხდეს პროპორციულად და კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს პროპორციულად მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელის მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც“.

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტის თანახმად კი: „თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო“.

მესამე შენიშვნის თანახმად, ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც უნდა მიენიჭოთ და შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული მანდატები გადანაწილდება როგორც პოლიტიკურ პარტიებზე, ასევე საარჩევნო ბლოკებზე.

მეოთხე შენიშვნის თანახმად, მართებულია შენარჩუნდეს საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ფორმა და განისაზღვროს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პირობების - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბებული ორპალატიანი პარლამენტის პირობებში.

პარლამენტის მიერ მე-3 მოსმენით მიღებული და ხელმოსაწერად წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი ფორმით არჩევის დღეს მოქმედი წესი და პრეზიდენტის არჩევა მოხდება 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით, საარჩევნო კოლეგიის მიერ.

მომდევნო შენიშვნა კონსტიტუციური კანონპროექტის მე-16 მუხლს ეხება, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებების საკითხების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმაა.

კანონპროექტის თანახმად: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

პრეზიდენტის შემოთავაზების თანახმად, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიდებს შემდეგი რედაქციით: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და და საზოგადობერივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

პრეზიდენტის კიდევ ერთი მოტივირებული შენიშვნა კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტს შეეხება.

კანონპროექტის თანახმად, „დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. გადაწყვეტილებას ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“.

პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

მოხსენების შემდგომ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, არც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში და არც საპარლამენტო მდივნის პასუხებში არც ერთი იურიდიული და სამართლებრივი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი.

იურიულ საკითხთა კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. კომიტეტის წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირეს პარლამენტის მიერ 26 სექტემბერს, მესამე მოსმენით, მიღებულ კანონპროექტებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატურები (იოსებ ვარძელაშვილი, ქეთევან ბექაური, ემზარ პაქსაძე, თეა ჯუღელი) განიხილა. კომიტეტის წევრები კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს გაეცნენ.

კანდიდატებმა ისაუბრეს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე, სადისციპლინო პასუხისმგებლობის საფუძვლებზე და სადისციპლინო კოლეგიაში არჩევის შემთხვევაში მათი საქმიანობის გეგმების შესახებ. კომიტეტმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ოთხივე კანდიდატი შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმებს და ფარული კენჭისყრით, მხარი დაუჭირა კანდიდატებისთვის კენჭისყრას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ თანდართული მასალებით: „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას.

პროექტის მიხედვით, 2018 წელს ეკონომიკის ზრდა დაგეგმილია 4,5%-ის, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ის ფარგლებში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 9 470.0 მლნ ლარს, გრანტები - 265.0 მლნ ლარს, სხვა შემოსავლები - 385.0 მლნ ლარს.

საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრებს კომიტეტის გამგებლობის სფეროში შემავალი სამინისტროების და უწყებების ბიუჯეტები გააცნო.

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება 4 მილიონ 150 ათას ლარს შეადგენს;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაფინანსება 8 მილიონი ლარითაა განსაზღვრული;
  • საერთო სასამართლოების დაფინანსება 2 მილიონ 400 ათასი ლარით იზრდება და 71 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაფინანსება 2 მილიონ 700 ათასი ლარია;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ს დაფინანსება 62 მილიონი ლარია;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 20 მილიონი ლარით იზრდება და 605 მილიონ ლარს შეადგენს. დაფინანსების ზრდა ძირითადად უკავშირდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვას;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დაფინანსება დაახლოებით 100 ათასი ლარით იზრდება და 2 მილიონ ლარს შეადგენს;
  • სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსება 200 ლარით იზრდება და 6 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც შეეხებოდა: იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსებას, საერთო სასამართლოებში მომუშავეთა სოციალურ გარანტიებს და ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებას, პოლიციის თანამშრომლების ხელფასებს, წელს ამოქმედებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულ ვალდებულებებს და სხვა საკითხებს.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“კანონპროექტს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის12 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის12 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის12 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის12 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის12 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის12 ოქტომბერი