იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინა

05 ნოემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-17 კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინა. 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის მონაწილეებს ლაშა ქოჩიაშვილის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.

ლაშა ქოჩიაშვილს სპეციალობით მუშაობის 20 წლიანი, მათ შორის, მოსამართლედ მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: 2007 აპრილიდან 2007 მაისამდე იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 2007 მაისიდან 2007 დეკემბრამდე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, 2007 დეკემბრიდან 2008 აგვისტომდე ბორჯომის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, 2008 აგვისტოდან 2009 ნოემბრამდე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო 2009 ნოემბრიდან დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისადმი დასმული შეკითხვები შეეხებოდა: მისი, როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეზე და ასევე, ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებულ საქმეზე; სასამართლოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას; კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციას და ფაკულტატურ ოქმს; უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას; სამოქალაქო სამართლის სფეროს; საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებს; კომერციული დავების განხილვის ეფექტიანობას; სასამართლოში საქმეთა განხილვის დაჩქარებას; საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებს და სხვა სამართლებრივ საკითხებს.

გასაუბრების მონაწილეები დაინტერესდნენ ლაშა ქოჩიაშვილის მოსაზრებით: როგორი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი და ჰქონდა თუ არა ადგილი, ამავე პერიოდში, სახელმწიფოს მხრიდან მასზე, როგორც მოსამართლეზე, ზეწოლას; გაიზარდა თუ არა 2012 წლის შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობა; როგორ აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრების პროცესს; სასამართლო რეფორმაზე; საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებზე; სახალხო დამცველის როლზე; შეუძლია თუ არა საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გადაყენება; საქართველოს კონსტიტუცია უკეთესად იცავს საკუთრების უფლებას თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობდნენ: საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების და ოპოზიციური ფრაქციების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, სამეცნიერო სფეროს, იურიდიული დახმარების სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლები.

ლაშა ქოჩიაშვილმა მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააცნო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, გასაუბრების პროცესის ფარგლებში, კიდევ სამ კანდიდატს: ქეთევან ცინცაძეს, ალექსანდრე წულაძეს და გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს კომიტეტი ხვალ მოუსმენს. მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის რიგითობა განსაზღვრულია მათი გვარების ანბანური თანმიმდევრობით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ამერიკული მოდელის მიხედვით მიმდინარეობს. პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინა, 2019 წლის 5 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინა, 2019 წლის 5 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინა, 2019 წლის 5 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინა, 2019 წლის 5 ნოემბერი