იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმინა

04 ნოემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-16 კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმინა. 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის მონაწილეებს ნინო ქადაგიძის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.

ნინო ქადაგიძეს სპეციალობით მუშაობის 25-წლიანი, მათ შორის, მოსამართლედ მუშაობის თითქმის 19-წლიანი გამოცდილება აქვს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: 2000 – 2002 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2002 დეკემბრიდან 2012 დეკემბრამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, ხოლო 2013 ივნისიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან დასმული შეკითხვები შეეხებოდა: მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით; წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას; უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას; სიძულვილის ენას; თანასწორობის საკითხებს; 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტში გადაგზავნილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციან სიას; საგადასახადო კანონმდებლობას; შეზღუდული შესაძლებლების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციას და ფაკულტატურ ოქმს; ქმედუნარიაობის რეფორმას; სტამბულის კონვენციის რატიფიცირების გავლენას სასამართლოს მიერ ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაზე; სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის საკითხს; უზენაესი სასამართლოს გამოწვევებს ადამიანის უფლებების კუთხით; სეკულარიზმის პრინციპს და მის როლს კონსტიტუციონალიზმში; საპროცესო კანონმდებლობას და შეჯიბრებითობის პრინციპს და ასევე, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებს.

გასაუბრების მონაწილეები დაინტერესდნენ ნინო ქადაგიძის მოსაზრებით: კონსტიტუციის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით; აისახა თუ არა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებებზე; ყოფილა თუ არა წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფოს მხრიდან მასზე, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა; შეცვლიდა თუ არა რაიმეს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით; სად გადის ზღვარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის; რატომ არ შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევები საჩივრდებოდეს საკასაციო წესით; რამდენად მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნა; იზიარებს თუ არა პრინციპს, რომ ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო; რა განსხვავებაა არჩევით დემოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობდნენ: საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების და ოპოზიციური ფრაქციების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლები.

ნინო ქადაგიძემ მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც კანდიდატს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააცნო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, გასაუბრების პროცესის ფარგლებში, კიდევ ოთხ კანდიდატს: ლაშა ქოჩიაშვილს, ქეთევან ცინცაძეს, ალექსანდრე წულაძეს და გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს კომიტეტი ხვალ მოუსმენს. მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის რიგითობა განსაზღვრულია მათი გვარების ანბანური თანმიმდევრობით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ამერიკული მოდელის მიხედვით მიმდინარეობს. პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმინა, 2019 წლის 4 ნოემბერი