იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმინა

06 ნოემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-18 კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმინა. 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის მონაწილეებს ქეთევან ცინცაძის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.

ქეთევან ცინცაძეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. 2017 ნოემბრიდან დღემდე, იგი არის დამოუკიდებელი ინსპექტორი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

დადგენილი პროცედურის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე პარლამენტის წინაშე და ვმონაწილეობდე საქართველოსთვის და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესში. ჩემი კარიერა და პროფესიული გამოცდილება დაიწყო სწორედ, უზენაეს სასამართლოში სტაჟირებიდან  და გავლილი მაქვს ყველა ეტაპი, რაც შესაძლებელია იურისტმა გაიაროს სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან დასმული შეკითხვები შეეხებოდა: მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების პროცესს და ამ მიმართულებით არსებულ სტატისტიკას; სამოსამართლო ეთიკას; სასამართლოში საქმის განხილვის ვადებს; პოზიტიურ დისკრიმინაციას და ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციას და გონივრული მისადაგების პრინციპს;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სასამართლოებში გარემოს ადაპტირებას და ამ მიმართულებით არსებულ კვლევებს; ქმედუნარიანობის რეფორმას და მის იმპლემენტაციას; შეზღუდული შესაძლებლობების სამედიცინო და სოციალურ მოდელებს; სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების დისციპლინურ საჩივარს;  გენდერულ თანასწორობას, მათ შორის, გენდერულ კვოტირებას; სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას; ინტერესთა კონფლიქტს; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცალკეულ მუხლებს და სხვა სამართლებრივ საკითხებს.

გასაუბრების მონაწილეები დაინტერესდნენ ქეთევან ცინცაძის მოსაზრებით: დამოუკიდებელ ინსპექტორად საქმიანობის პერიოდში, კონკრეტულ საქმეთა განხილვის დროს, ხომ არ განხორციელებულა მასზე ზეწოლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლეების ან კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან; რას შეცვლიდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში; რა მოტივაციამ განაპირობა მისი მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში; რა ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; რას ნიშნავს მოსამართლის შინაგანი რწმენა;  2004 - 2012 წლებში, სასამართლო იყო დამოუკიდებელი თუ პოლიტიზირებული;  რა სხვაობაა გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციას შორის; შესაძლებლობის შემთხვევაში შეცვლიდა თუ არა უზენაესი სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებაში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ასაკობრივ ზღვარს;  საჯარო ინფორმაციის ფასეულობაზე; როგორ უნდა განიმარტოს ადამიანის პატივი და ღირსება;  უნდა იკრძალებოდეს თუ არა კანონით სიძულვილის ენა; რას ნიშნავს სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და რამდენად არის ქართული კანონმდებლობა ამ პრინციპისთვის მზად; რატომ არ არის შესაძლებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში კასაციიის ფორმით და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობდნენ: საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების და ოპოზიციური ფრაქციების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“  წარმომადგენლები.

ქეთევან ცინცაძემ მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც კანდიდატს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

კომიტეტი, გასაუბრების პროცესის ფარგლებში, კიდევ ორ კანდიდატს: ალექსანდრე წულაძეს და გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხვალ მოუსმენს. 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, 8 ნოემბერს, პარასკევს, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრები შეიკრიბებიან და  გაივლიან კონსულტაციას პროცესის შემდგომი წარმართვის თაობაზე. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ამერიკული მოდელის მიხედვით მიმდინარეობს.

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა. 

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმინა, 2019 წლის 6 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმინა, 2019 წლის 6 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმინა, 2019 წლის 6 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმინა, 2019 წლის 6 ნოემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმინა, 2019 წლის 6 ნოემბერი