იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა შემაჯამებელი სხდომა გამართა

17 ივნისი 2017
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა შემაჯამებელი სხდომა გამართა

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებშია შექმნილი, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფმა ცვლილებებზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა და დღევანდელ სხდომაზე შეჯერებული პოზიციებია წარმოდგენილი. მისივე თქმით, ცვლილებების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით, ცალკეული საკითხების შეჯერების მიზნით, შუალედური, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა უწყებებთან, ექსპერტებთან, ევროპის საბჭოს ოფისისა და ევროპის სამაუწყებლო ოფისის წარმომადგენლებთან. ეკა ბესელიამ განმარტა, რომ მთავრობის მხრიდან წარმოდგენილ პროექტს პრინციპების დონეზე აქვს მხარდაჭერა, ხოლო საერთაშორისო ექსპერტები წარმოდგენილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ.

„დიდი და რადიკალური სხვაობა არ არის, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ამ პროექტში არის დამატებული და რასაც დღეს აქ, შემაჯამებელ სხდომაზე განვიხილავთ. ვფიქრობ, გვექნება საინტერესო დისკუსია, რომ შევჯერდეთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შემაჯამებელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ პროექტით წარმოდგენილი ძირითადი ცვლილებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

წარმოდგენილ პროექტში საკანონმდებლო ცვლილებები სამი ძირითადი პრინციპის დონეზეა კონცენტრირებული. ესაა შესყიდვების თემა, მართვასა და წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები და სარეკლამო შეზღუდვები.

წარმოდგენილ ინიციატივებს ასევე დაემატა ისეთი თემები, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის წლის ბოლოს დარჩენილი ნაშთის დამატება კანონით განსაზღვრული იმ მოცულობისათვის, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მაუწყებლობის შესახებ კანონიდან გამომდინარე ეკუთვნის.

ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც განსაკუთრებული ტიპის ორგანიზაციაზე საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საბიუჯეტო პროცესის მართვისა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვები არ გავრცელდება.

გარდა ამისა, პროექტი ინფორმაციის თავისუფლების ნაწილში საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებას ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ისეთი ვალდებულებებისგან, რამაც მის მიერ შექმნილი საავტორო ინტელექტუალური პროდუქციის გამჟღავნების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა მაუწყებლებთან მიმართებაში არაკონკურენტუნარიანი შეიძლება გახადოს.

პროექტით შემოთავაზებულია ე. წ. სტარტაპების დაფინანსების თემა, ამ სფეროში, საზოგადოებრივი მაუწყებლის და შესაბამისი ორგანიზაციების საქმიანობის ხელის შეწყობის მიზნით.

სამუშაო ჯგუფის სხდომაზე აღინიშნა, რომ შესყიდვებთან მიმართებაში წარმოდგენილია საერთაშორისო მაუწყებელთა კავშირის დასკვნა, რომელიც პოზიტიურად აფასებს ამ ცვლილებას და ამბობს, რომ ცვლილება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და შესაბამის დირექტივებს, რომელიც ამ სფეროში არსებობს.

ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებათა გამიჯვნის თემას უკავშირდება.

სხდომის მონაწილეები პროექტთან დაკავშირებით მაუწყებელთა საერთაშორისო კავშირის პოზიციასაც გაეცნენ. რომელიც მიუთითებს, რომ ის შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს სარეკლამო დროის მონაკვეთებს უზრდის, აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივას შეესაბამება.

პროექტთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და პოზიციები შეაჯერეს.

დამოუკიდებელი სტუდიების პოზიციები სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ზაზა შენგელიამ წარმოადგინა. მისი თქმით, „მისასალმებელია ყველა ცვლილება, რომელიც არის წარმოდგენილი და ვფიქრობ, რომ ცვლილებები არის ძალიან კარგად გააზრებული. ეს ყოველივე იქნება ძალიან კარგი იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განახლდეს, გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო მოთამაშე სატელევიზიო ბაზარზე“.

დისკუსია სამუშაო ჯგუფის ფორმატში რამდენიმე ცვლილებასთან დაკავშირებით გაიმართა. მათ შორის, შესყიდვების განხორციელების წესთან, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ხასიათის ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებასთან, სტარტაპების დაფინანსების და რამდენიმე სხვა თემასთან დაკავშირებით.

გამომსვლელების მხრიდან აღინიშნა, რომ ამ საკითხებზე დამატებითი შეკითხვები ჩნდება, რომელიც დაზუსტებას და განმარტებას მოითხოვს. პროექტით წარმოდგენილ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები ძირითადად სადაო საკითხების ფორმულირებებს შეეხებოდა.

ცვლილებებთან, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში შესყიდვების განხორციელების წესს ეხება, პოზიცია გამოხატა პარლამენტის წევრმა ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, არსებობს ტენდენცია, როდესაც ბევრი სახელმწიფო ორგანიზაცია ითხოვს შესყიდვების კანონის ჩარჩოდან გასვლას და ყველას თავისი არგუმენტაცია აქვს. მისივე განცხადებით, საკითხი მეტ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია დადგენილი არის კარგი საერთაშორისო სტანდარტი და იგი ამ კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევას მიუთითებს. „გასვლა აღნიშნული საკანონმდებლო სივრციდან არასდროს ფასდება დადებითად. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთება უნდა იყოს ძალიან მკაფიო“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი მოსაზრებით. ასევე დაზუსტებას მოითხოვს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცვლილება, რათა არ დარჩეს კანონის ინტერპრეტაციის საშიშროება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, რომ შესყიდვებთან დაკავშირებით საუბარია მხოლოდ ინტელექტუალურ პროდუქტზე და ეს არ გულისხმობს შესყიდვების კანონის სივრციდან გასვლას.

„აღნიშნული ცვლილებით ჩვენ პრაქტიკულად ვითხოვთ იმ სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას, როგორც მოქმედებს ევროპის ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

სხდომის დასასრულს სამუშაო ჯგუფის სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეაჯამა.

„მიზანი, როგორც ითქვა, კარგად არის ჩამოყალიბებული და არ არის სადავო. კონკრეტული ნორმა, რომელიც იწერება, მიზანს უნდა შეესაბამებოდეს და თუ რომელიმე ფორმულირება იძლევა არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას, ჩვენ შეგვიძლია ეს ფორმულირება უფრო დავხვეწოთ, რომ ზუსტად გამოხატავდეს სათქმელს. მზად ვართ მოვისმინოთ ალტერნატიული მოსაზრებები, ვიმუშაოთ ერთობლივად, ვიდრე ინიცირება მოხდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, პროექტი ევროპის საბჭოს დღესვე გადაეგზავნება, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებამდე, ყველა დამატებით საკითხთან დაკავშირებით მათი დასკვნა იყოს წარმოდგენილი.

„რამდენიმე დღე გვაქვს იმისათვის, რომ მოსაზრებები გავცვალოთ, დავხვეწოთ ფორმულირებები რიგ საკითხებზე და მთავარ პრინციპებზე. რაზეც ვჯერდებით, შევთანხმდეთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პროექტის ინიცირება მომდევნო კვირის განმავლობაში არის დაგეგმილი, რის შემდეგაც საბოლოოს შეჯერებული პრინციპების განხილვა საკომიტეტო და პლენარული სხდომის რეჟიმში გაიმართება.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, 2017 წლის 17 ივნისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, 2017 წლის 17 ივნისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, 2017 წლის 17 ივნისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, 2017 წლის 17 ივნისი