პარლამენტების საბიუჯეტო უფლებამოსილების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა

18 ნოემბერი 2015
პარლამენტების საბიუჯეტო უფლებამოსილების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის „საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა" სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა სამართლის დოქტორთან, მათიას მერინგთან თემაზე: „პარლამენტების საბიუჯეტო უფლებამოსილება - შეპირისპირებითი ანალიზი განსაკუთრებით, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით". 

მათიას მერინგმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ნაშრომი გააცნო, სადაც ავტორს გაანალიზებული აქვს საქართველოს გარე და საპარლამენტო კონტროლის კონსტიტუციურ - სამართლებრივი ჩარჩოები. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით ყურადღება გამახვილდა ამჟამად მოქმედი კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო საბიუჯეტო უფლებამოსილებაზე. სტუმარმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა შეძლოს პარლამენტმა მისი საბიუჯეტო უფლებამოსილების პასუხისმგებლობით განხორციელება და რა ინსტრუმენტები და მექანიზმებია გამოსადეგი ამ მიმართულებით. საუბარი შეეხო აგრეთვე, საბიუჯეტო პროცესში პარლამენტის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლს, ფუნქციებს და მათ შორის აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით გაიმართა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) წლების განმავლობაში ძალიან მჭიდროდ და ინტენსიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ შორის პარლამენტთან და უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს მუშაობა საბიუჯეტო თემატიკაზე და ამ საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებაზე.

,,აქ ერთმანეთთან კავშირშია პარლამენტის მოქმედება, მთავრობის მოქმედება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედება. საქმე ეხება საბიუჯეტო პროცესს და ამ პროცესში თითოეული ინსტიტუტის ფუნქციასა და როლს. პარლამენტში წარმოდგენილ ნაშრომში მიმოხილული იყო ევროპის საპარლამენტო რესპუბლიკების პარლამენტების საბიუჯეტო უფლებამოსილებები, მათი როლი როგორც ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, ასევე ბიუჯეტზე კონტროლის თვალსაზრისით. წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები იმისთვის, რომ საქართველოში პარლამენტის საბიუჯეტი უფლებამოსილება შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში მიჩნეულია პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილების სტანდარტებად. ამ თვალსაზრისით, ვენეციის კომისიასაც და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არაერთგზის გამოუთქვამს შენიშვნა, რომ პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილება არის უაღრესად შეზღუდული და რომ აუცილებელია ამ უფლებამოსილების გაფართოება. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი ინფორმაცია შემდგომში გათვალისწინებული იქნება“,-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

გალერეა

  • პარლამენტების საბიუჯეტო უფლებამოსილების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა, 2015 წლის 18 ნოემბერი