საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აცხადებს კონკურსს „აქციე იდეა კანონპროექტად“

07 აგვისტო 2020


კონკურსის მიზანია, მიეცეთ სტუდენტებს მეტი შესაძლებლობა, შექმნან საკუთარ იდეაზე დაფუძნებული კანონპროექტი, რაც ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას, კანონპროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენასა და საპარლამენტო საქმიანობის მიმართ ინტერესის გაღრმავებას.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსისა და ამავე მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ინდივიდუალურად ერთ სტუდენტს ან არაუმეტეს სამი სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფს.
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა/არაუმეტეს სამი სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა 2020 წლის 7 აგვისტოდან 18 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნოს კანონპროექტი ან საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კონსტიტუციურ, სისხლის, ადმინისტრაციულ ან კერძო სამართალში.
  • ერთ სტუდენტს/არაუმეტეს სამი სტუდენტისგან შემდგარ ერთ ჯგუფს შეუძლია გამოგზავნოს ერთი კანონპროექტი ან საკანონმდებლო ცვლილებების ერთი პაკეტი.
  • კანონპროექტს/საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ კანონპროექტებს უნდა ერთოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად მომზადებული განმარტებითი ბარათი (კანონპროექტისა და განმარტებითი ბარათის მაგალითები იხ.: პარლამენტის ვებგვერდზე: https://info.parliament.ge/#law-drafting).

კონკურსის ეტაპები:

საკონკურსო კომისია, რომელიც შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისგან, შეარჩევს და გამოავლენს სამი საუკეთესო კანონპროექტის/საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ავტორებს. ამავე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და გამოავლენს აგრეთვე ათამდე გამორჩეული კანონპროექტის/საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ავტორებს. კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლენილი სამი საუკეთესო კანონპროექტის/საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ავტორები თავიანთ კანონპროექტებს/საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტებს განსახილველად წარადგენენ საქართველოს პარლამენტში გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმიტირებულ სხდომაზე, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული და მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტები.

გამარჯვებულ და მეორე და მესამე ადგილებზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლენილი ათამდე გამორჩეული კანონპროექტის/საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ავტორებს კონკურსში წარმატებით მონაწილეობის სერტიფიკატები.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უფლებას იტოვებს, საუკეთესო კანონპროექტი/საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ან მასში წარმოდგენილი იდეა, მისი ავტორის თანხმობით, საკანონმდებლო ინიციატივის წესით განსახილველად წარადგინოს საქართველოს პარლამენტში. ამ შემთხვევაში კანონპროექტის/საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ავტორად/თანაავტორად მიეთითება შესაბამისი კონკურსანტი/კონკურსანტები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, კანონპროექტი ან საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განმარტებით ბარათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე, ამასთანავე, ელექტრონულ წერილში მიუთითოთ თქვენი ვინაობა, ტელეფონის ნომერი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აკადემიური უმაღლესი განათლების მიმდინარე საფეხური და ელექტრონულ წერილს დაურთოთ აკადემიური უმაღლესი განათლების აღნიშნულ საფეხურზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი:

[email protected]

საკონტაქტო პირები:

ლევან კასრაძე (ტელეფონი: (+99532)2281307),
ლევან მჭედელაძე (ტელეფონი: (+99532)2281637).