რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

11 ოქტომბერი 2017
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს, თანდართული მასალებით: „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას ემსახურება.

მისი თქმით, 2017-2020 წლების ბიუჯეტების ძირითადი პარამეტრების დოკუმენტი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) მოლაპარაკებების მთავარი დოკუმენტი და სწორედ მასზე დაყრდნობით მიმდინარე წელს ხელი მოეწერა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ, სამწლიან პროგრამას, რომელიც საქართველოსთვის 285 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2018 წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილია 4,5%-ით, ინფლაციის მაჩვენებელი კი 3%-ის ფარგლებში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 9 470.0 მლნ ლარს, გრანტები - 265.0 მლნ ლარს, სხვა შემოსავლები კი, 385.0 მლნ ლარს.

არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა 60.0 მლნ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 80.0 მლნ; სახელმწიფო ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა 2 038.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები - 1 288.0 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკისგან მისაღები საბიუჯეტო კრედიტი - 350.0 მლნ ლარი; სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა - 400.0 მლნ ლარი;

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ნაწილი 12 364.6 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დოკუმენტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 830.0 მლნ ლარზე მეტი, რაც 572.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს;

„აქ გვაქვს ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების დასაფინანსებლადაა გათვალისწინებული. ყველაზე მეტი - 434 მლნ ლარით ზრდა გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურაზე. აქედან დიდი წილი - 373 მლნ ლარი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული. რაც შეეხება რეგიონულ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ჯამში 262 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც 85,8 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, წყალმომარაგების სისტემა არის ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი და ამ მიმართულებით დაფინანსება იზრდება 71 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც ჯამში 254, 69 მლნ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხის განხილვისას, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, არ შემცირებულიყო გაერთიანებული მუნიციპალიტეტების დაფინანსების მოცულობა. „წარმოდგენილი დოკუმენტით, შვიდივე ტრანსფერის ბიუჯეტი არის იგივე, რაც მანამდე იყო. არც ერთ მუნიციპალიტეტს დაფინანსების შემცირება არ აქვს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი განსაზღვრულია 260 მლნ ლარით, ასევე, გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 111.2 მლნ ლარით და შეადგენს 3 527.0 მლნ ლარს, რომელიც ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 62.6 მლნ ლარით. გაზრდილია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 29 მლნ. ლარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 20 მლნ ლარით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტის წევრთა მიერ გამოთქმული შენიშვნების თანახმად:

  • ქვეყნის რეგიონის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გაზიფიცირებისთვის გათვალისწინებული 30 მილიონი ლარი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდოს; 
  • წინა წლებში აპრობირებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, მიუხედავად მისი რიგი ნაკლოვანებებისა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით. მიზანშეწონილია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განახლებული ფორმატის დაფინანსება და ამ მიზნისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არანაკლებ 50 მილიონი ლარის გათვალისწინება; 
  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 280 მილიონი ლარი, საიდანაც 50 მილიონი გათვალისწინებული იყო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დასაფინანსებლად, ხოლო 20 მილიონი ლარი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის დასაფინანსებლად; 2017 წელს შემცირდა 260 მილიონამდე, რაც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში იმავე დონეზე დარჩა. მიზანშეწონილია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად გათვალისწინებულ იქნას ფინანსური რესურსი არანაკლებ 300 მილიონი ლარისა. 
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი რეგულაცია ითვალისწინებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმების გამოყენებას. ამ მიზნისთვის მიზანშეწონილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას შესაბამისი აპარატურის და მოწყობილობების შესაძენად გამოეყოს დამატებითი ფინანსური რესურსი; 
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი რეგულაცია ითვალისწინებს სატვირთო ავტომანქანებისთვის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის (ტონაჟის შეზღუდვის უგულებელყოფა) ჯარიმების გამოყენებას. ამ მიზნისთვის მიზანშეწონილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას შესაბამისი აპარატურის და მოწყობილობების შესაძენად გამოეყოს დამატებითი ფინანსური რესურსი; 
  • ბიუჯეტის პროექტით სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია პრიორიტეტულად იქნას მიჩნეული სტიქიური მოვლენების პრევენციის ღონისძიებების განხორციელება (კერძოდ, ამ ეტაპზე კრიტიკულად მიჩნეული მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, ღვარცოფული და მეწყერული ზონების წინასწარი დამუშავება და სხვა) და ამ მიზნისთვის ბიუჯეტში დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება;
  • 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დასახლებებისა წყალმომარაგების ღონისძიებებისთვის ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გამოყოფას. ამასთან ერთად, მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მდგრადი წყალმომარაგების უზრუნველყოფის ახალ ფორმატზე გადასვლა. ამ მიზნისთვის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სპეციალური წყალსაცავების მოწყობის სამუშაოთა დაპროექტებისა და მშენებლობის თანხების გათვალისწინება;
  • აზიური ფაროსანას შემოსევის დაძლევის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კომპლექსური ღონისძიების გატარება, რომელიც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსებით ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით. ამ მიზნისთვის 2017 წელს დაიხარჯა 16 მილიონი ლარი. მიზანშეწონილია, ნაცვლად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულ 4 მილიონი ლარისა, გამოინახოს დამატებითი ფინანსური რესურსი არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით.

აღნიშნული შენიშვნების და წინადადების გათვალისწინებით კომიტეტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის და თანდართული დოკუმენტების შემდგომ გადამუშავებას და შეთანხმებული ვარიანტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

„დოკუმენტი არის პროგრესზე ორიენტირებული: საშემოსავლო ნაწილის ზრდის ტემპებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდით, მაკროეკონომიკური პარამეტრების ზრდით და სტაბილურობის შენარჩუნებით. ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იმ პროექტებთან შედარებით, რაც წინა წლებში ბიუჯეტის სახით იყო შემოთავაზებული. წარმოდგენილ დოკუმენტში ინფრასტრუქტურის გარდა, სხვადასხვა პრიორიტეტებია გამოკვეთილი. მათ შორის: ჯანდაცვა, განათლება, სპორტი - რაც ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის პრიორიტეტებია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი დაპირებები იყოს რეალიზებული“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანომდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ წარადგინა.

„ქვეყანაში, 2012 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლების მიერ საჯარო მმართველობის რეფორმა და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი - საჯარო სამსახურის რეფორმა ხორციელდება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურების გამჭირვალე და ერთიანი სისტემის დანერგვას. „პროექტის შემუშავების მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს ის საკითხები, რომელიც პრემია-დანამატების ოდენობებთან დაკავშირებულ ბუნდოვანებებს შეეხებოდა. წარმოდგენილი ჩარჩო-დოკუმენტის მიზანია მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურების საკითხები. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქმნის იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელიც აქამდე ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ გვქონია“, - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.

მისივე თქმით, პროექტით მოწესრიგდება არა მარტო საჯარო მოხელისა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურების საკითხი, არამედ ნებისმიერი იმ პირის ანაზღაურება, რომელიც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. მომხსენებლის განმარტებით, ეს კანონი ვრცელდება ყველა, საჯარო სამსახურში და ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირებსა და იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებზე, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, მათი დასაქმების სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად. აღნიშნული კანონის პროექტი ადგენს სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, პროფესიული საჯარო მოხელის, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურების საკითხებს. ასევე, დგინდება ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობები.

მომხსენებლის განმარტებით, თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით კანონის პროექტის შესაბამისი დანართით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე.

ეკატერინე ქარდავას ინფორმაციით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ წესრიგდება დანამატების გაცემის საკითხი. „დღემდე ამ საკითხთან მიმართებაში არ არსებობდა მკაცრი რეგულაციები წარმოდგენილი დოკუმენტით კი დგინდება ეს რეგულაციები, რაც მდგომარეობს შემდეგში: უნდა დადგინდეს საფუძველი თუ რატომ უნდა გაიცეს მოხელეზე დანამატი, რაც განსაზღვრულია კანონით და ითვალისწინებს მოხელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებასა და დამატებითი ფუნქციურ დატვირთვას. ეს ორი ობიექტური გარემოება იქნება იმის წინაპირობა, რომ მოხელეზე სახელფასო დანამატი გაიცეს“, - განმარტა მომხსენებელმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ დგინდება დანამატის ზედა ზღვარი. კანონის თანახმად, მოხელისთვის, წლის განმავლობაში სახელფასო დანამატის სახით გაცემული თანხა არ უნდა იყოს თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ზე მეტი. რაც შეეხება საკლასო დანამატს, ეს გაანგარიშებულია მოხელეზე 1-15%-მდე. ეკატერინე ქარდავას განმარტებით, პროექტით არ არსებობს ტერმინი პრემია თუმცა, არის წახალისების მექანიზმი. წარმოდგენილი დოკუმენტით ასევე, დგინდება ფულადი წახალისების ზედა ზღვარი რომელიც დასაქმებულს წლის განმავლობაში მხოლოდ 10%-ის ოდენობით შეიძლება მიეცეს.

პროექტით დგინდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების, დანამატისა და წახალისების საკითხიც. ასევე განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების საკითხიც.

ცალკე თავი ეთმობა სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების საკითხებს. სიახლეა ისიც, რომ წარმოდგენილი დოკუმენტით სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობის დადგენა 2021 წლამდე ახალი წესით არ მოხდება.

პროექტით ასევე, განსაზღვრულია სახელმწიფო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება.

მომხსენებლის განმარტებით კანონის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 1 იანვარი. „იმისთვის რომ თითოეულ დასაქმებულს არ შეელახოს უფლება, აუცილებელია რომ უკვე განხორციელებული რანგირების პროცესის მონიტორინგის კონტროლი საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალოს“, - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.

მომხსენებელმა, კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ასევე, გამოითქვა შენიშვნები და აღინიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა დამატებითი კონსულტაციები. „კომიტეტის წევრები ვეთანხმებით კანონის სულისკვეთებას, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს სახელფასო პოლიტიკა და არ იყოს აპელირება პრემიებსა და დანამატებზე, მაგრამ აუცილებლად საჭიროა დამატებითი კომუნიკაცია და კონსულტაციები, იმ შენიშვნებთან დაკავშირებით რაც დღევანდელი განხილვის დროს გამოითქვა“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ წარადგინა.

პროექტის მიზანია საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში შემავალი პროექტები ერთიანი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში მოექცნენ და მათზე ერთიანი სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მიდგომა გავრცელდეს. „მთავრობას მიაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს მომავალი პროექტების გამჭვირვალედ, არა დისკრიმინაციულად და მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებას, რაც თავის მხრივ, წამახალისებელი ფაქტორი იქნება ინვესტორისთვის, რომელსაც პროექტის განხორციელების დაწყებამდე, ზუსტად ეცოდინება რა სამართლებრივ ფარგლებში მოუწევს მოქმედება და მთავრობის მხრიდან რა მხარდაჭერის მიღების საშუალება ექნება“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, კანონის შემუშავება განაპირობა საქართველოს მთავრობის ვალდებულებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე, რათა ქვეყანში შეიქმნას საჯარო და კერძო თანამშრომლობის თანამედროვე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო.

ინიციატივის თანახმად, პროექტი უნდა იყოს გრძელვადიანი იმისთვის, რომ საჯარო კერძო თანამშრომლობის პროექტად კვალიფიცირდეს. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს პერიოდი მერყეობს 10-15 წელს შორის. მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება უნდა იყოს საკმარისად დიდი. პროექტის მინიმალური ღირებულება კი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, რის შემდგომაც პროექტი საჯარო კერძო თანამშრომლობის პროექტად კვალიფიცირდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ იმ მნიშვნელოვან კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს.

  • უნდა გულისხმობდეს კერძო პარტნიორის მიერ საჯარო მომსახურების გაწევას ან საჯარო ინფრასტრუქტურის ოპერირებას, ან შექმნას და მოვლა-პატრონობას. 
  • ეს არის რისკების გადანაწილება. 
  • კერძო პარტნიორის მიერ უნდა ხდებოდეს პროექტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოზიდვა. 

პროექტის თანახმად, საჯარო და კერძო თანამშრომლობა ხორციელდება კონცესიის ან არაკონცესიური სახით.

კანონპროექტი ასევე, განსაზღრავს ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობას, რომელიც ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის მეშვეობით ხორციელდება.

კანონპროექტით, დეტალურად არის გაწერილი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების პროცესი. ასევე, სპეციალური რეგულირების ქვეშაა მოქცეული ე.წ მცირე პროექტები. კანონპროექტი დასაშვებს ხდის საინიციატივო შეთავაზების გზით საჯარო და კერძო თანამშრომლობას. კანონპროექტში ცალკე თავი ეთმობა კონცესიონერის შერჩევის წესს.

კანონპროექტი აწესრიგებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ძირითად პირობებს, ასევე, მასთან დაკავშირებულ მხარეთა ქონებრივ უფლებებს.

წარმოდგენილი დოკუმენტი ითვალისწინებს დროებითი ადმინისტრირების უფლებასა და მხარეთა ჩანაცვლების შესაძლებლობას საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით.

კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას საჯარო და კერძო თანამშროლობის ფარგლებში გარანტიები წარმოადგენს.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს, კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ეს არის ინსტრუმენტი იმისა, რომ გვქონდეს არასაბიუჯეტო სახსრების, კერძო ინიციატივებისა და ინვესტიციების მოზიდვის მეტი შანსი.

საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ წულაძემ წარადგინა.

კანონპროექტის მიზანია, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ გრანტის მიღების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, რომლითაც გრანტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გარდა, ასევე, შეიძლება იყოს ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოც.

„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად კი, ცვლილება შედის საბიუჯეტო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შეიცავდეს დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციას.

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტის წევრმა გიორგი ლომიამ წარადგინა.

კანონპროექტის მიზანია სოციალური დახმარების სახედ მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფის დადგენა, უსახლკარო პირებზე სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების განსაზღვრა, მათი ერთიან ბაზაში აღრიცხვა და მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა.

კანონპროექტის თანახმად, ტერმინთა განმარტებაში განსაზღვრულ „უსახლკარო პირთა“ წრეს ემატება ის პირები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იძულებითი აღსრულების შედეგად დაკარგეს ბოლო საცხოვრისი. ასევე, ემატება ორი ახალი ტერმინი -„ბოლო საცხოვრისი“ რაც გულისხმობს უძრავ ნივთს, რომელიც წარმოადგენს პირის და მისი ოჯახის წევრებზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს. „მინიმალური საცხოვრისი“, რაც გულისხმობს პირის ან/და ოჯახის წევრებისათვის მთავრობის მიერ დადგენილ მინიმალური საცხოვრებელი ფართს. სოციალური დახმარებების სახეებს ემატება „მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს უსახლ-კარო პირებზე მინიმალური ოდენობის ფართის გადაცემას.

კომიტეტის წევრები მიესალმებიან წარმოდგენილ ინიციატივას, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს. როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი პროექტით, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ „უსახლკარო პირთა“ წრეს ემატება ის „პირები ან პირთა წრე, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იძულებითი აღსრულების შედეგად, ბოლო საცხოვრისი“ დაკარგეს, რაც თავისთავად არასწორია, რადგან მათგან ყველა არ შეიძლება უსახლკაროდ ჩაითვალოს. ასევე, როგორც აღინიშნა, განმარტებით ბარათში არ არის მითითებული ის სავარაუდო ახალი ფინანსური ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იქონიებს გავლენას, სახელმწიფოს მიერ უსახლკაროდ პირთა მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფის შემთხვევაში. ამასთანავე, აღინიშნა ისიც, რომ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობას უარყოფითი დასკვნა გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია და მას მხარი არ დაუჭირა.

გალერეა

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 11 ოქტომბერი