რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

19 ივნისი 2017
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 20 კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვისთვის წარადგინა.

წარმოდგენილი ცვლილებებით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან მოდის შესაბამისობაში და ამავდროულად ხდება მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რაც 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქის შექმნას გულისხმობს.

კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, მუნიციპალიტეტის რაოდენობის გაზრდამ ვერ გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების ხარისხი და ადმინისტრაციული ხარჯები გააორმაგა. შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ძველ ნიშნულთან დაბრუნება აღნიშნულ პრობლემას მოხსნის. ხოლო დეცენტრალიზაციის განხორციელებისთვის სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

კანონპროექტში აგრეთვე განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და კოდექსის მთელ ტექსტში, ტერმინი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ შეიცვალა ჩანაწერით „მერი“ და „მერია“.
მესამე ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების წესში ვადამ 2014 წლის 1 ივლისიდან, 2017 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიწია.

კომიტეტის სხდომაზე პროექტი მუხლობრივად განიხილეს. პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა პროექტთან დაკავშირებით დეპარტამენტის რამდენიმე ტერმინოლოგიური და ვადებთან დაკავშირებული შენიშვნა წარმოადგინა, რომელიც პროექტის ინიციატორებმა გაიზიარეს. შენიშვნები პროექტის მესამე მოსმენისთვის წარსადგენ ვერსიაში აისახება.

კომიტეტის წევრებმა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღესვე, საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილისა და ბექა ოდიშარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტის მიღების მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების (საჭიროების შემთხვევაში) ტერიტორიაზე მშენებლობების დასრულების ხელშეწყობა, მშენებლობის პროცესის სტიმულირება, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების პროცესის დაჩქარება და მშენებლობისათვის შესაბამისი ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ამისათვის კი საჭიროა მშენებლობების დასრულებისათვის მოქნილი საშეღავათო მექანიზმების შემოღება და აღნიშნული პროცესის სტიმულირება. მიზანშეწონილია, კანონმდებლობით დარეგულირდეს მოსაკრებლის გადახდის განწილვადების საკითხი. რაც ხელს შეუწყობს მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას, იმგვარად რომ ზიანი არ მიადგეს როგორც ადგილობრივ ბიუჯეტს, ასევე მესამე პირების ინტერესებს. რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

გალერეა

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 19 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 19 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 19 ივნისი