საპარლამენტო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

22 დეკემბერი 2017
საპარლამენტო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკაში  იმყოფებოდა

კვიპროსის რესპუბლიკას საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.

შემადგენლობა იმ დეპუტატებითა და აპარატის წარმომადგენლით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც საქართველოში თვითმმართველობის სისტემების განვითარებასა და მათ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაზე აქტიურად მუშაობენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია და ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე. 

შეხვედრა გაიმართა ქ. ლარნაკას მერთან, ანდრეას ვირასთან, რომელიც ამავდროულად კვიპროსის რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების გაერთიანების პრეზიდენტია.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტისა და კვიპროსის მხარის მეგობრობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით, რადგან ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის გამართული თვითმმართველობის სისტემა და სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული კომპონენტია რეგიონული პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში, რაც მართვის დემოკრატიულობასა და მოსახლეობისათვის საჯარო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სამომავლო ორმხრივი ვიზიტები; პერსპექტივები თვითმმართველობის მიმართულებებით; საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

ანდრეას ვირასის თქმით, ევროპის საბჭოს ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭო (CEMR), ასევე, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი (CLRA) კვიპროსი აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს ინიციატივებსა და საჭიროებებს. მისი თქმით, ამისთვის მხოლოდ დროული მიმართვა და საკითხების წინასწარ მომზადება იქნება საჭირო.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კვიპროსის რესპუბლიკაში, რევაზ ლომინაძემ კვიპროსის მერს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზაციის პროცესში და ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ანდრეას ვირასმა გამოთქვა სურვილი 2018 წელს ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ღალიის მეათე საუკუნის ქართული მონასტრის არქეოლოგიური ობიექტი მოინახულა და აგიას მარინაში იმ ტერიტორიას ეწვია, რომელიც სამომავლოდ ქართული სამონასტრო ცხოვრების ადგილად უნდა იქცეს.

კარგა ხანია მიმდინარეობს საუბარი კვიპროსის სამთავარეპისკოპოსის მხრიდან საქართველოს საპატრიარქოსათვის სამონასტროდ მიწის ნაკვეთის გადაცემის შესაძლებლობის შესახებ.

2017 წლის 19 დეკემბერს, კვიპროსის მთავრობამ ზემოხსენებულ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ისტორიული მოვლენის სრული განხორციელებისთვის მხოლოდ რამდენიმე ფორმალობაა დარჩენილი.

დელეგაციის წევრებმა საგანგებოდ აღნიშნეს, რომ რთული იქნებოდა ასეთი შედეგის მიღება, რომ არა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კვიპროსის რესპუბლიკაში, რევაზ ლომინაძის და კვიპროსში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის, მამა ზაქარია ფერაძის მნიშვნელოვანი როლი ზემოხსენებულ პროცესში და მათი განსაკუთრებული ყურადღება კვიპროსში ისტორიული ქართული კერებისადმი.

გალერეა

  • საპარლამენტო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკაში  იმყოფებოდა
  • საპარლამენტო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკაში  იმყოფებოდა
  • საპარლამენტო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკაში  იმყოფებოდა