ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა

12 თებერვალი 2018
ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები იყო კონფერენციის თემა, რომელშიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაციის 2015-2018 წლების თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში გაიმართა, მედიის წარმომადგენლებმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარისაგან, რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე, პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლზე და სამომავლო გეგმებზე არაფორმალურ გარემოში მიიღეს ინფორმაცია.

„პარლამენტისთვის, რომელიც კანონშემოქმედებით პროცესს ახორციელებს და სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს, მნიშვნელოვანია მედიასთან მჭიდრო კომუნიკაცია. მედიას ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა სიახლეები და გეგმები, რომელიც სახელმწიფოს რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით აქვს, საზოგადოებამდე მიიტანოს", - განაცხადა შეხვედრაზე ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ თვითმმართველობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე, რეგიონების განვითარების პოლიტიკაზე და თვითმმართველობის საკითხებზე ისაუბრა.

„რეგიონების განვითარების ჩვენი ხედვა პასუხობს ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის (რეგიონებს შორის უთანაბრობის შემცირება) გამოცდილებას. როდესაც გლობალურად რეგიონულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რეგიონები ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დედაქალაქი. ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. ეს გულისხმობს ბევრ რამეს, მათ შორის, ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაციას, ადგილზე არსებული პოტენციალის შესწავლას, გამოყენებას და ეკონომიკური განვითარების წინაპირობად ქცევას. განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მაღალმთიანი რეგიონების და იქ მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. არსებობს უკვე 266 საწარმო მაღალმთიანი რეგიონის სტატუსით და რაც მთავარია, არსებობს ძალიან პოზიტიური ტენდენცია შიდა მიგრაციის პროცესის შედეგად, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დაბრუნების. განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაშია ეს სასიხარულო ტენდენცია შესამჩნევი. ვიწყებთ დეცენტრალიზაციის ძალიან ეფექტური სტრატეგიის და სასარგებლო რეფორმის განხორციელებას, ჩვენი მიზანია გავატაროთ ეფექტური რეფორმა, რომელიც პირველ რიგში ფისკალურ დეცენტრალიზაციას გულისხმობს. ჩვენი ამოცანაა ამ თვალსაზრისით მივუახლოვდეთ ევროპულ მინიმუმს", -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მანვე, მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია თვითმმართველობის როლის ზრდაზე, რეგიონებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის განვითარებისა და პროფესიული განათლების სტრატეგიაზე, რომელიც ზაზა გაბუნიას თქმით, რეგიონული დაფარვის ვალდებულებას მოიცავს.

რეგიონების განვითარების და მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს შეეხო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ამ მიმართულებით, მედიასთან კომუნიკაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს კომიტეტის სამომავლო გეგმები გააცნო და საკომიტეტო ფორმატში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დააანონსა.

„მინდა აღვნიშნო კომიტეტის სამომავლო გეგმები კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით. ჩვენს გვაქვს უფლებამოსილება და ვალდებულება ზედამხედველობა გავუწიოთ ამ კანონმდებლობის იმპლემენტაციას და შესრულებას. ეს ყველაფერი უკავშირდება რეგიონებში ცხოვრების დონის ამაღლებას. მე იმედი მაქვს მედიასაზოგადოება იქნება ძალიან ყურადღებიანი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მედიასთან იქნება ძალიან ნაყოფიერი და ღირებული. ჩვენ ისედაც ვგეგმავთ, კომიტეტის ფორმატში მედიასთან შეხვედრას, სადაც უფრო დეტალურად, სიღრმისეულად ვისაუბრებთ კომიტეტის საქმიანობის გეგმებზე",-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მატკავამ, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია „ათეა"-ს ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა და „ათეა"-ს ხელძღვანელობამ.

გალერეა

  • ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა , 2018 წლის 12 თებერვალი
  • ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა , 2018 წლის 12 თებერვალი
  • ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა , 2018 წლის 12 თებერვალი
  • ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა , 2018 წლის 12 თებერვალი
  • ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა , 2018 წლის 12 თებერვალი
  • ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა , 2018 წლის 12 თებერვალი
  • ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა , 2018 წლის 12 თებერვალი
  • ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა , 2018 წლის 12 თებერვალი