ზაზა გაბუნია - მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადავხედოთ ადგილობრივი მოსაკრებლის სახეობებს

15 აპრილი 2019
ზაზა გაბუნია - მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადავხედოთ ადგილობრივი მოსაკრებლის სახეობებს

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა.

სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერების შესახებ, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ამავე სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ როსებაშვილმა წარმოადგინეს.

ჯგუფის სხდომაზე მეორე სტრატეგიული მიზნის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტების გაძლიერებას ფინანსური და მატერიალური თვალსაზრისით.

ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალურ-ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა ზაზა გაბუნიას განცხადებით, არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და გამოწვევა თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში და, ბუნებრივია, რომ ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

შეხვედრაზე შეკრებილებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს თავიანთი ხედვა ლიცენზიებისა და ნებართვების სახეების იდენტიფიცირებასა და მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემასთან, მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების უფლების გადაცემასთან, გრანტების აღების პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით და ა. შ. ყურადღება დაეთმო ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალი ფორმულით განსაზღვრის საკითხს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს კონსტიტუციურ ნორმასთან მიმართებაში სახელმწიფო ვალდებულების შესრულების საკითხებზეც, ვინაიდან ამ ნორმის მიხედვით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფას ფინანსური და მატერიალური რესურსებით.

„ჩვენ, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, გავაჩინეთ ჩანაწერი, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოს მუნიციპალიტეტები მათი ეფექტური ფუნქციონერებისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უმაღლეს დონეზე აიღო ვალდებულება, მუნიციპალიტეტები უზრუნველყოს შესაბამისად იმ საჭიროებებით, რის წინაშეც ისინი დღეს დგანან“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. ადგილობრივი მოსაკრებლის საკითხთან დაკავშირებით, საპარლამეტო ჯგუფის წევრებმა მთავრობას თავიანთი წინადადება შესთავაზეს.

„ამ მიზნით, აუცილებელია გადაიხედოს 1998 წელს მიღებული კანონი, ვინაიდან აუცილებელია დეცენტრალიზაციის კონტექსტში მისი განახლება და, შესაბამისად, ცვლილებების შეტანა კანონში. აუცილებელია, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი რჩებოდეს ადგილებზე, ვინაიდან, გარდა იმისა რომ ეს მყისიერი შემოსავალია, ამავდროულად ეს არის მოტივაცია მუნიციპალიტეტებისთვის, რომ თავადვე იზრუნოს რაც შეიძლება მეტი ბიზნესი შეიყვანოს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, რადგან მხოლოდ ცენტრიდან მიღებული ფულით ვერ განვითარდებიან,“ - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მსჯელობა დაეთმო ასევე მუნიციპალიტეტების მიერ სესხის და გრანტების გამარტივებით მიღების საკითხებს. ზაზა გაბუნიას აზრით, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებსაც უნდა ჰქონდეს გრანტების გაცემის შესაძლებლობა, რადგან ესეც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.

„არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების გაძლიერებისთვის და მთელ ამ პროცესში, პარლამენტის კომიტეტის და შესაბამისი სამინისტროს გარდა, მნიშვნელოვანია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მხარდაჭერაც“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სტრატეგიაშივე ჩანდეს რომ სტანდარტები იზრდება, რომ ადგილებზე დარჩება მეტი შემოსავალი და სხვა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ღარიბი მუნიციპალიტეტები, იმიტომ რომ მათ აქვთ მწირი რესურსები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისინი ზედმეტად დამოკიდებული არიან ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ფინანსური დამოკიდებულების ხარისხი, რა თქმა უნდა, ნაკლები უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას, უფრო მეტი დამოუკიდებელი რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას, ეს ნიშნავს უფრო თვითმყოფად მუნიციპალიტეტს, რომელიც ფინანსური რესურსების სწორად განკარგვაში და მუნიციპალიტეტების განვითარებაში არის უფრო ძლიერი და ეფექტური“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მანან, სანამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი ბოლო სხდომას გამართავს, რომელზეც კონკრეტული რეკომენდაციების პროექტზე იმსჯელებენ, ჯგუფის კიდევ ერთი სხდომა დაეთმობა მუნიციპალიტეტების ქონების საკითხებს და სამოქმედო გეგმას.

გალერეა

  • ზაზა გაბუნია - მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადავხედოთ ადგილობრივი მოსაკრებლის სახეობებს, 2019 წლის 15 აპრილი
  • ზაზა გაბუნია - მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადავხედოთ ადგილობრივი მოსაკრებლის სახეობებს, 2019 წლის 15 აპრილი
  • ზაზა გაბუნია - მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადავხედოთ ადგილობრივი მოსაკრებლის სახეობებს, 2019 წლის 15 აპრილი