ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა

06 ივნისი 2017
ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა

საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება.

დღეს, კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ სამართლებრივ პრინციპებთან კონსტიტუციის სრული შესაბამისობა და ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას. ამ პრინციპებს ეფუძნება კონსტიტუციური კანონპროექტი.

ჩამოყალიბებულია და იხვეწება საპარლამენტო მმართველობის სისტემა და თითოეული ნორმა ექვემდებარება იმ საერთო ლოგიკას, რომელსაც ზოგადად საპარლამენტო მმართველობა ეფუძნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს კონსტიტუციური პროექტის მეშვიდე თავი წარუდგინა, რომელიც სახელმწიფო ფინანსებსა და კონტროლს ეხება და არსებული რეგულაციებისა და შესაბამისი ცვლილებების შესახებ დეტალური განმარტებები გააკეთა.

მომხსენებლის განმარტებით, მეშვიდე თავში წარმოდგენილია ოთხი მუხლი და თითოეული მათგანი სახელმწიფო ბიუჯეტსა და საბიუჯეტო პროცესს, გადასახადებს და მოსაკრებლებს, ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხებს, ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეხება.

პროექტის თანახმად, პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ნაცვლად სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს. „იგივე შეეხო „სახელმწიფო ბიუჯეტის კანონსაც“, რომელიც ცვლილების შესაბამისად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საბიუჯეტო პროცესის ძირითად ელემენტებზე, რომელიც მეორე პუნქტშია წარმოდგენილი. მისი განცხადებით, მთავრობას პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შემდეგ პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენის უფლებამოსილება რჩება, თუმცა, მთავრობა მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვისა. „აქ საუბარია საბიუჯეტო წელზე და საბიუჯეტო პროცესი აღარ არის მიბმული კალენდარულ წელზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ ცვლილებები არ შესულა მუხლში, რომლის თანახმადაც მთავრობას აქვს ბიუჯეტის წარდგენის, ხოლო პარლამენტს მისი დამტკიცების უფლებამოსილება. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჰქონდა ვენეციის კომისიას. რეკომენდაციის თანახმად, პარლამენტს მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტში ცვლილების შეტანის უფლებამოსილება უნდა მინიჭებოდა. „ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენი არგუმენტები და კონტრარგუმენტები ვერ მოვისმინეთ. ჩვენი არგუმენტის არსი მდგომარეობდა შემდეგში: როდესაც ორივე კონსტიტუციურ ორგანოს აქვს ექსკლუზიური უფლებები მინიჭებული, ასეთ შემთხვევაში პროცესი არის კონსენსუსზე ორიენტირებული. ამიტომ, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილია არსებული სახით რეგულაციების შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანვე განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება, მათ შორის ვენეციის კომისიასთან.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ჰქონდა ვერსია, რომ პრეზიდენტის ვეტოს უფლება არ გავრცელებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტზე, თუმცა „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრით ბევრად უფრო რაციონალურია პრეზიდენტს არ ჰქონდეს ბიუჯეტზე ვეტოს უფლება, ჩვენ მაინც დავტოვეთ ეს ჩანაწერი“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მომხსენებელმა ისაუბრა 67-ე მუხლში წარმოდგენილ რეგულაციებზე, რომელიც უკავშირდება რეფერენდუმის აუცილებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი გადასახადი დგინდება ან უკვე დადგენილი გადასახადის განაკვეთი იზრდება. „ამასთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა. საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებშიც არაერთხელ დაისვა ეს საკითხი. იყო სამართლებრივი და მმართველობითი ტიპის არგუმენტებიც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ პუნქტთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეროვნული ბანკის ფუნქცია განსაზღვრულია არსებული რედაქციის შესაბამისად და პრეზიდენტს საბჭოს წევრთა წარდგენის სრული უფლებამოსილება რჩება. იგივე ეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის უფლებამოსილებას.
თუმცა, მისივე განმარტებით, სიახლეა მესამე პუნქტში, რომლის თანახმად, „ბანკი არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში. ბანკის საქმიანობა არ ექვემდებარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას. ეს არის ახალი ჩანაწერი და ეს ინიციატივა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა დააყენეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაზუსტებებია მუხლში, რომელიც აუდიტის სამსახურს ეხება. განისაზღვრება, რომ საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად, საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებას და ხარჯვას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ზედამხედველობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას არ ექვემდებარება კომიტეტის სხდომაზე შენიშვნები ჰქონდათ როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, მათი პრინციპული პოზიციაა, რომ ეროვნულ ბანკში აუდიტის სამსახური მუშაობდეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, რომ მაშინ, როცა როგორც მოქმედი, ასევე კონსტიტუციის პროექტით გარანტირებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ასევე კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პარლამენტის, სახალხო დამცველის, საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობა და ამის მიუხედავად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნულ ორგანიზაციებს ამოწმებს, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის განმტკიცება არგუმენტად ვერ მიიღება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების შემოწმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იგი იზიარებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მეტი ლეგიტიმაციისათვის კანონპროექტში შეტანილ ცვლილებას, რომელიც საომარი და საგანგებო მდგომარეობისას ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ დეკრეტების გამოცემას მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით გულისხმობს, თუმცა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, პუნქტი, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკის საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას არ ექვემდებარება, პარლამენტში სერიოზული მსჯელობის საგნად უნდა იქცეს. „არავინ აყენებს ეჭვქვეშ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, მაგრამ ეროვნული ბანკი არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი და მას სახელმწიფოსაგან გადაცემული აქვს სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი და მდგრადობის თვალსაზრისით, სენსიტიური რესურსი - სავალუტო და ფულადი რეზერვები. ამ სახსრების განკარგვის მართლზომიერებისა და ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციაზე, ჩემი აზრით, თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ეროვნული ბანკის აუდიტორულ კომიტეტსაც და სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც,“ - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

„კონსტიტუციის ახალი პროექტის ზოგადი პოზიტიური შეფასება მდგომარეობს იმაში, რომ იგი მოცულობით უფრო კომპაქტური, შეკრული და ამ კუთხით, უფრო ეფექტური გახდა”, - ასეთია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასება კონსტიტუციის ახალი პროექტისადმი.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ავტორიტეტის გაძლიერებას ემსახურება კონსტიტუციის პროექტის 69-ე მუხლი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის“ შესახებ, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს საჯარო სახსრების მართვის კონტროლს პარლამენტის მიერ.

რაც შეეხება კონსტიტუციის სადავო 94-ე მუხლს, კოვზანაძის თქმით, „ამ მუხლის კონსტიტუციაში არსებობით ინვესტორები მშვიდად არიან.“

„ეს ნიშნავს, რომ გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. 94-ე მუხლი კონსტიტუციაში ინვესტორებს მოსწონთ, თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს,“ - ასეთია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტს მხარი დაუჭირა.

მიმდინარე კვირის განმავლობაში კონსტიტუციური კანონის პროექტის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რის შემდეგაც კონსტიტუციური კანონის პროექტს კანონმდებლები პირველი მოსმენით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, 2017 წლის 6 ივნისი