საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

06 მარტი 2018
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. კანონპროექტის ზოგადი პრინციპები კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა კახა კუჭავამ გააცნო. 

როგორც მომხსენებლმა განაცხადა, კანონპროექტით განისაზღვრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება) ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები.

კახა კუჭავას განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, როგორც სამშობლოს ერთიანობის ან მართლწესრიგის დაცვა. მისივე თქმით, ეკოსისტემების და ბუნებრივი რესურსების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით, ამ სფეროში დასაქმებულთა და კანონპროექტით ჩამოთვლილ პირთა სამსახურებრივი საქმიანობა კი დაკავშირებულია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებულ რისკებთან და საფრთხეებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული გარანტიები ჰქონდეს.

„აღნიშნულის მაგალითია საქართველოს ტყეებში გასულ წელს შექმნილი საგანგებო სიტუაცია ხანძრებთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ მეტყევეების გარეშე შეუძლებელია ხანძრის ჩაქრობა და რომ არა მათი თავდაუზოგავი შრომა, ზიანის მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე საქართველოს ტყის ფონდმა განიცადა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. თითოეულ ტყის მცველზე და დაცული ტერიტორიების რეინჯერზე ათასობით ჰექტარი დასაცავი ტერიტორია მოდის. დღევანდელი მდგომარეობით, ერთ ტყის მცველზე მოდის დაახლოებით 3 700 ჰა ფართობი, მაშინ როდესაც ევროპაში არსებული სტანდარტებით 1 ტყის მცველზე მოდის 500-1000 ჰა-მდე. მიუხედავად ამისა, სტატისტიკური მონაცემებით (2016), ყოველწლიურად დაახლოებით 3500 სამართლდარღვევის ფაქტის გამოვლინება ხდება ტყის მცველების მიერ“, - განაცხადა კახა კუჭავამ. მისივე თქმით, რეინჯერების სამსახური ძალზე მძიმე საბედისწერო შემთხვევებს უკავშირდება, ისინი ხშირად უპირისპირდებიან მათზე გაცილებით კარგად აღჭურვილ, შეიარაღებულ ბრაკონიერებსაც და მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე განსაკუთრებით მაღალია დაღუპვის რისკიც.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის მიმართ შენიშვნები აქვს მთავრობას მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ზოგად პრინციპს ეთანხმება. აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, სავარაუდოდ შემცირდება კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა, ამას კი კანონპროექტის ინიციატორები არ ეთანხმებიან.

საბოლოოდ, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მთავრობა საბოლოოდ შეთანხმდებიან.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი ხახუბია, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირინე ფრუიძე, ანრი ოხანაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, სვეტლანა კუდბა, მერაბ ქვარაია.

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრის, კობა კობალაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კობა კობალაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც ახლებურად არეგულირებს სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ კანონპროექტის მიხედვით, რეზერვში ჩარიცხულ პირებს სახელმწიფოსაგან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ, კერძოდ, სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს შეუნარჩუნდება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება და აგრეთვე, არ შეუწყდება წარმოშობილი უფლება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების თაობაზე.

კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა. კომიტეტმა კანონპროექტს შენიშვნების გარეშე დაუჭირა მხარი.

სხდომაზე იმსჯელეს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2018 წლის 5 იანვარს ხელმოწერილ სასესხო შეთანხმებაზე - „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროექტით გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, და პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD საქართველოს სესხის სახით გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს. სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, მათ შორის, 3,5 წელი შეღავათიანი პერიოდი.

კომიტეტმა პირველი მოსმენით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - პირველი მოსმენით განიხილა, რომლის ზოგადი პრინციპები კოლეგებს პარლამენტის წევრმა აკაკი ზოიძემ გააცნო.

ანონპროექტის შემუშავების მიზანია საჯარო საქმიანობად არ ჩაითვალოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რაც თავის მხრივ არ გამოიწვევს სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტას. ფინანსთა სამინისტრო კანონპროექტის სულისკვეთებას იზიარებს, თუმცა წარმოდგენილი სახით ცვლილების ფორმულირებას არ ეთანხმება. საბოლოოდ, საკითხის განხილვა გადაიდო დამატებითი კონსულტაციებისათვის.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით განიხილა საკანონმდებლო პაკეტი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის შესახებ, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და რომლის ზოგადი პრინციპებიც კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ გააცნო. კომიტეტის წევრებს ფინანსური კუთხით კანონპროექტის მიმართ შენიშვნები ჰქონდათ და ამ შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი