საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

05 ოქტომბერი 2015
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ განხილვა იწყება.  

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2016-2019 წლებისთვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“,  დეპუტატებს  წინასწარი მოსმენის რეჟიმში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ძირითადი პარამეტრები დაგეგმილია 3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და მთავარი აქცენტი გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ არ მომხდარიყო საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა და შენერჩუნებულიყო დაბალ ნიშნულზე.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა იმ ვალდებულების დაფინანსება, რაც 2013-2015 წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ იქნა აღებული და ეს ვალდებულებები სრულად იქნება დაფინანსებული.“

პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები შეადგენს 8 მილიარდ 225 მილიონ ლარს, რაც თითქმის ნახევარი მილიონით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ გეგმიურ მაჩვენებელს.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 2015 წელს მისაღები შემოსულობების, ისევე როგორც გადასახდელების მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 110.0 მლნ ლარს, გრანტები 130.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 680.0 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტის სახით გათვალისწინებულია 255 მილიონი ლარი და აქედან 125 მილიონს გრანტის სახით ევროკავშირი გამოყოფს სხვადასხვა სფეროში რეფორმების განსახორციელებლად.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წინა წელთან შედარებით 57 მილიონი ლარითაა გაზრდილი შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი და დაახლოებით 1 მილიარდ 500 მილიონამდე ლარს შეადგენს. ანაზღაურების ზრდა ძირითადად განპირობეულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ხელფასების დასაფინანსებლად, ვინაიდან გასულ წლებში ეს უწყება ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იყო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა, რაც შეიცვალა. ასევე, 20  მილიონიანი ზრდა განპირობებულია ცესკოს თანამშრომლების ხელფასებისთვის, ვინაიდან 2016 წელს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით,  სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულად პროგრამებად გამოყოფილია ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. “სამინისტროების დაფინანსება გაზრდილია იმ მოცულობებით, რის საშუალებასაც ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსი იძლევა. თუმცა სრულად ხდება სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური ვალდებულებების დაფინანსება“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 765 მილიონიდან 3 მილიარდ 70 მილიონ ლარამდე იზრდება (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.9%). ზრდა შეეხება მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამას (2 მლრდ 183 მლნ ლარი), საპენსიო ზურუნველყოფის პროგრამას (1 მლრდ 480 მლნ ლარი), მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვას (570 მილიონი ლარი). 

განათლების სამინისტროს დაფინანსება 841-დან 975 მილიონ ლარამდე იზრდება. ზრდა უმეტესად განპირობებულია იმით, რომ სექტემბრიდან გაიზარდა პედაგოგთა საბაზო ხელფასები.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასევე, პრიორიტეტულ მიმართულებადაა გამოყოფილი - თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ამ კუთხით გამოყოფილია ნატოსთან ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელება, პატიმართათავის პენიტენციურ სისტემაში ღირსეული პირობების შექმნა და ა.შ. თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 670 მილიონი ლარი, რაც წინა წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 331 ათასი ლარით ნაკლებია.

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი, რაც გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (526.6 მლნ ლარი), წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას (170.6 მლნ ლარი), ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ა.შ. რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 950 მილიონი ლარი.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2016 წლის ბოლოსთვის განისაზღვრება არაუმეტეს 14 582.5 მლნ ლარით, აქედან საგარეო ვალი - 11 578.8 მლნ ლარი და საშინაო ვალი - 3 003.7 მლნ ლარი.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2016 წლისთვის ნომინალური მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 3%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.5%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი კი  5,5%-ის ფარგლებშია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტთან დაკავშირებით დეპუტატებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს, რომლებიც ბიუჯეტის სოციალურ ორიენტაციას, პროგრამულ ბიუჯეტს, სამინისტროების მიერ წარმოდგენილ შესასრულებელი სამუშაოების გეგმებს, პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების საკითხებს შეეხებოდა, უპასუხა და განაცხადა, რომ „ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რაზეც 2016 წლის ბიუჯეტია დაფუძნებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს საბოლოო ვარიანტია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც მთავრობის შიგნით, სამინისტროებთან, ასევე პარლამენტთან, იმისათვის, რომ პროექტს საბოლოო სახე მიეცეს.“ მისივე განცხადებით, მიმდინარე თვეში ბიუჯეტის პარამეტრების საერთაშორისო სავალუტო მისიის წარმომადგენლებთან ერთად განხილვაც იგეგმება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო კომიტეტები დადგენილი გრაფიკის მიხედვით განიხილავენ. პარალელურად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი რეგიონებში გასვლას და ბიუჯეტის ადგილებზე განხილვას გეგმავს. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დღესვე, კომიტეტის წევრებს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გააცნო. მის მიერ წარმოდგენილი იყო ანგარიშის ის მიმართულებები, რაც ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება. გიორგი კაკაურიძემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტისა და საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ვალის მდგრადობის საკითხებზე. „ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ვალის მდგრადობისა და ფისკალური რისკების ანალიზი 2015 წელს პირველად იყო წარმოდგენილი“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული ოფისის საქართველოში გახსნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მომხსენებელმა საგადასახადო პოლიტიკის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. „არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლების ეტაპობრივად განხორციელდება. წელს საგადასახადო კოდექსში რამდენიმე დამატებითი ცვლილება იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ერთის მხრივ პროცედურების გამარტივებას შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალურად ჰარმონიზაციისკენ იქნება მიმართული.“-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, დღესვე, განიხილა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტი „2016 წელს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის მიერ საკანომდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". კომიტეტის წევრებმა განხხილული პროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 5 ოქტომბერი