საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა

16 ოქტომბერი 2020
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა

პარლამენტში წარმოდგენილი 2021 წლის  ბიუჯეტის  პირველადი, სამუშაო ვერსიის პროექტი განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ბიუჯეტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გამოყო და განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე,  მშპ  ნომინალურ გამოხატულებაში 54 მილიარდ 525 მლნ ლარია,  ინფლაცია 3 %ია,  ბიუჯეტის დეფიციტი 5.2 %-ია, რაც არ უნდა გაიზარდოს და პირიქით, უნდა შემცირდეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით,  სავარაუდოდ, პროექტით გათვალისწინებული მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნებული იქნება, სხვა ყველა მაჩვენებელი  კი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას.

„ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, მომავალ წელს  17.07 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 2021 წლისთვის  საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი. ანუ წლევანდელთან შედარებით  1.1 მილიარდი ლარით მეტი. ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს, რომ დაგეგმილია 2011 წელს  ევრობონდებით აღებული 500 მილიონიანი (დოლარი) სესხის დაფარვა, რასაც მივესალმები.

სამთავრობო ვალი იზრდება და უახლოვდება კანონით დადგენილ ზღვარს (ჭერს  60%) რამაც მომავალში, ჩემი აზრით, შეიძლება შექმნას რისკები მონეტარული, ფისკალური და მთლიანობაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ეფექტური სტრატეგია სამთავრობო ვალის პარამეტრის შესამცირებლად. თუმცა, ასევე უნდა ავღნიშნო, რომ  2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით სამთავრობო ვალი ნომინალში მშპს-თან მიმართებაში 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება.

ყველა სოციალური  ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, შენარჩუნებულია 2021 წლის ბიუჯეტში, მათ შორის, პენსიებთან, მასწავლებლებთან, ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან დაკავშირებით. გათვალისწინებულია  სკოლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე,  საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს  სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები.

ბიუჯეტში ასახულია  პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაც.  2021 წლის პირველი იანვრიდან  70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 20 ლარით. 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრებისთვის პენსია მოიმატებს 25 ლარით“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამაზე. კერძოდ, მისი თქმით,  მოსახლეობის გაზიფიცირებაზე  დაიხარჯება 70 მილიონი ლარი. კვლავ მოხდება დევნილებისთვის  სახლების გადაცემა, რაზეც  109.8 მლნ ლარი დაიხარჯება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება  2020 წელთან შედარებით გაზრდილია 600 მილიონ ლარზე მეტით. თანხები ძირითადად განკუთვნილია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის,მსხვილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლის მშენებლობაც პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა. მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია - მშენებლობაზე 130 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვერსია და მას აკლია COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. პანდემია ეს არის მსოფლიო პრობლემა და მას ახლავს გაურკვევლობები.  ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არის დასაზუსტებელი და აისახება   2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში, რომელიც პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრამდე წარედგინება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, რომელმაც კომიტეტში განსახილველად გამოიტანა ბიუჯეტის პროექტი, ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, საბიუჯეტო დეფიციტი, მთავრობის ვალი, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების ტენდენციები.

მან ისაუბრა სამინისტროების მიხედვით გათვალისწინებული ხარჯების შესახებ.

ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე უპასუხეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ  საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით იზრდება პროპორციული სიით არჩეულ პარლამენტართა რიცხვი. აქედან გამომდინარე, 50 ერთეულით იზრდება პროპორციული სიით გასული პარლამენტარების თანაშემწეთა ოდენობა. რაც შესაბამისად შრომის ანაზღაურების მუხლში იწვევს დაახლოებით 960 ათასი ლარით ზრდას“, განაცხადა მან და ასევე განმარტა, რომ  საერთო პარამეტრი არ იზრდება, არამედ ხდება მუხლებს შორის გადანაცვლება, რაც  შესაბამისად უნდა აისახოს ბიუჯეტის პროექტში.

ამის შემდეგ, კომიტეტმა მოისმინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები.  

გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ წარმოადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე და მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე. ხოლო ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა,  არჩილ მესტვირიშვილმა კომიტეტს გააცნო ეროვნული ბანკის დასკვნა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საფინანსო-საბიჯუჯეტო კომიტეტს განხილულ პროექტთან დაკავშირებით მომზადებული აქვს შენიშვნები.

ასევე, სხვა კომიტეტებიდან შემოსული შენიშვნები გაერთიანდება კომიტეტის დასკვნაში, რომელიც მთავრობას გადაეგზავნება. აღნიშნული დათქმით,  კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტის პროექტს, რომლის გადამუშავებული ვერსია 5 ნოემბრამდე შემოვა პარლამენტში.

სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძემ დასამტკიცებლად  წარმოადგინა თავდაცვის ძალების რაოდენობა.

მისი თქმით, თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2021 წელს უნდა განისაზღვროს 37 000 კაცით. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს. ასევე, თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

კომიტეტმა წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირა.

გალერეა

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა, 2020 წლის 16 ოქტომბერი