საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესახებ


საქართველოს პარლამენტის 15 კომიტეტიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტია.

კომიტეტის შემადგენლობაში პარლამენტის 13 წევრია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე კანონშემოქმედებითი საქმიანობის მთავარი გენერატორია, რომლის რეკომენდაციები ადეკვატურად აისახება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ შესაბამის კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში. 

კომიტეტის მრავალმხრივ საქმიანობაში მნიშვნელოვანია სამი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება:

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პირველი პრიორიტეტული მიმართულებაა ფისკალური და საბიუჯეტო პოლიტიკის სფეროში კანონშემოქმედებითი საქმიანობა, რომლის ეფექტიანი რეალიზაციის საფუძველი კომიტეტის საქართველოს მთავრობასთან ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობებია.

საბიუჯეტო პროცესი საპარლამენტო საქმიანობის საკვანძო მომენტია, რომელშიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად არის ჩართული. ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში წარმოდგენამდე საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტში წარმოადგენს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ რომელიც მოიცავს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. კომიტეტი, როგორც საბიუჯეტო პროცესებზე ზედამხედველი ორგანო კოორდინაციას უწევს დარგობრივ კომიტეტებში ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვებს, ხოლო მათი შენიშვნები და რეკომენდაციები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნასთან ერთად ეგზავნება საქართველოს მთავრობას.

ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვების პირველ ეტაპს საკომიტეტო განხილვები წარმოადგენს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კოორდინაციას უწევს პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის პროცესს. ბიუჯეტის მიღება ეფუძნება არა მარტო საპარლამენტო უმრავლესობის კონსენსუსს, არამედ ფართო ინსტიტუციურ მხარდაჭერას. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტის განხილვებისა და შეფასებისას კომიტეტი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აგრეთვე სხვადასხვა ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური დაწესებულებების, თუ საზოგადოებრიობის შენიშვნებსა და საქმიან წინადადებებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადებს. კომიტეტი ამზადებს დასკვნებს და დადგენილების პროექტებს, რომელიც განიხილება პარლამენტის სხდომაზე და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. კომიტეტი ასევე იხილავს საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების (პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო) საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს, ამზადებს დასკვნებს. ყველა ზემოაღნიშნული საბიუჯეტო განაცხადი ეგზავნება საქართველოს მთავრობას შესაბამისი წლის წლის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფისკალური და საბიუჯეტო პოლიტიკის სფეროს საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობაზე პერმანენტული საკომიტეტო ზედამხედველობა ასრულებს. კერძოდ, თვეში ერთხელ (ნაზარდი ჯამით) სახაზინო სამსახური პარლამენტში წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სრულ ანგარიშს შემოსულობების, გადასახდელების, დეფიციტისა და მისი დაფინანსების წყაროების ჩვენებით, აგრეთვე დეტალურ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესახებ სახეებისა და წყაროების მიხედვით. გარდა ამისა, ყოველი კვარტლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დეტალურ კვარტალურ მიმოხილვას (ნაზარდი ჯამით) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, დეფიციტისა და მისი დაფინანსების წყაროების, ნაშთის ცვლილების შესახებ და ა.შ.

ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებული აღნიშნული ყველა შემოსული ინფორმაცია კომიტეტის მიერ გულდასმით შეისწავლება, კეთდება ანალიზი და ხდება ადექვატური რეაგირება. კერძოდ, დარგობრივი კომიტეტების მიერ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური მიმოხილვების განხილვა, რომლის ორგანიზებასაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს.

ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით ხორციელდება ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების განხილვა სხვა კომიტეტების, უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ. ამასთან, კომიტეტი შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მოხსენებასთან ერთად ისმენს საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს აღნიშნული ანგარიშის თაობაზე და ამზადებს დასკვნას, რომელსაც კომიტეტში წარმოდგენილ სხვა კომიტეტების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნებთან ერთად აგზავნის პარლამენტის თავმჯდომარესთან პარლამენტის სესიაზე განსახილველად. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამზადებს, ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის პარლამენტის სხდომაზე დამტკიცების თაობაზე.

ბუნებრივია, ბიუჯეტის პროქტის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღებით ეთმობა მუდმივი პარტნიორების - სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტების საქმიან რჩევებს და იმ მოთხოვნებს, რასაც ისინი უყენებენ ქვეყნის საფინანსო-საკრედიტო სისტემას ფისკალური თუ მონეტარული კუთხით.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეორე პრიორიტეტულ მიმართულებას ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა წარმოადგენს. კომიტეტის საკურაციო სფეროში შედის საქართველოს ეროვნული ბანკი, საკრედიტო დაწესებულებები და მათზე ზედამხედველობა, სადაზღვევო ბაზარი და შესაბამისი ინსტიტუტები. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ავტონომიის, დამოუკიდებლობის საკმაოდ მაღალ ხარისხს ანიჭებს ეროვნულ ბანკს, თუმცა მისი საქმიანობის მონიტორინგი (ისევე როგორც ჩვენი ეკონომიკისათვის ისეთი მნიშვნელოვანი და სენსიტიური სეგმენტის, როგორიცაა მთლიანად საბანკო სექტორი) და მასთან დაკავშირებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ფაქტობრივად, კომიტეტის მიერ პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება. წლის პირველ ნახევარში პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ისმენს და აფასებს ეროვნული ბანკის გასული წლის საქმიანობას, რომელიც უკვე მოსმენილი და განხილულია კომიტეტის მიერ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებელი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა. წლის ბოლოს, კომიტეტი ასევე იხილავს და შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის მომავალი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, რომელშიც განსაზღვრულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების ერთერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამ დოკუმენტთან დაკავშირებითაც თანამომხსენებელი კვლავ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა.

მესამე მიმართულება, რომელიც კომიტეტის საქმიანობის ყურადღების ცენტრშია, ესაა მონიტორინგი სამსახური, რომელსაც ევალება საბიუჯეტო სახსრების კანონიერი და მართლზომიერი ხარჯების შემოწმება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტში წარმოადგენს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და დადგენილების პროექტს, რომელზეც შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

გარდა აღნიშნულისა, კომიტეტში შექმნილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ აუდიტებს. საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას იხილავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და გასცემს რეკომენდაციებს.

ამის გარდა, ამ სამსახურის საქმიანობას ყოველწლიურად ამოწმებს პარლამენტის სპეციალური კომისია, რომლის ხელმძღვანელიც, როგორც წესი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

საფინანსო და საბანკო სფეროში სიახლეების, ახალი ტენდენციებისა და პრობლემების თაობაზე კომიტეტი მუდმივი კონსულტაციის რეჟიმშია საერთაშორისო ფინანსურ და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან (IMF, WB, ADB, EU, EBRD, GIZ, USAID და სხვ.)