ნინო გოგუაძე: - „ყველა ზომებს ვიღებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად“

13 მარტი 2019
ნინო გოგუაძე: - „ყველა ზომებს ვიღებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით მივიღეთ უმძიმესი ინფორმაცია გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. საქმეზე ჩატარდება გამოძიება და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ გარდაცვალების შესახებ გარემოებების დასადგენად. ამასთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცევა. სახელმწიფო მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სამივე თავმჯდომარე მყისიერად იქნა ინფორმირებული ფაქტის შესახებ. ისინი ახლა საქართველოში იმყოფებიან და უახლოეს პერიოდში მათი სოხუმში ვიზიტისას, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ რომ, ცნობილი გახდა გალში ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის 29 წლის ირკალი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ.