საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

02 ივნისი 2020
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ცოტნე ზურაბიანი უძღვებოდა.

საკითხი განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.

კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კანონიდან კომერციული ატაშეს თანამდებობის ამოღების მიზანშეწონილობით და უცხო სახელმწიფოში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირის - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკონომიკურ საკითხებში წარგზავნის საჭიროებით.

პროექტის თანახმად, ეკონომიკურ საკითხებზე დესპანის დანიშვნით ხაზი გაესმება პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ დაინტერესებას და ხარისხს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ექვემდებარება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შესაძლებელი იქნება დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელსა და დესპანს შორის საქმიანობის მაღალი კოორდინაციის მიღწევა და რესურსების ეფექტური გადანაწილება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკურიძემ კონმიტეტის წევრებს რამდენიმე სასესხო შეთანხმება გააცნო.

„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა)“ ხელი ამა წლის 22 მაისს მოეწერა და ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის 120 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 20 წლის ვადით (მათ შორის 6 წელი შეღავათიანი). საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია და შეადგენს წლიურ 0,57%-ს. აღნიშნული სესხი წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოსთან თანამშრომლობენ ენერგეტიკის სფეროში ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში (2018-2021) და ამ მიზნით სააგენტოს უკვე გამოყოფილი აქვს 85 მლნ. ევრო.

„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა)“ ხელი ასევე, ამა წლის 22 მაისს მოეწერა, რომელიც ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსადმი 70 მლნ. ევროს ოდენობის სესხის 20 წლის ვადით გამოყოფას (მათ შორის 6 წელი შეღავათიანი). საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია და შეადგენს წლიურ 0,57%-ს. აღნიშნული სესხი ასევე, წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს, რომელიც პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერისკენ.

„საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი საქართველო)“ მიხედვით ბანკი საქართველოს, „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ განხორციელების მიზნით 91,3 მლნ. ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს, რომლის ხანგრძლივობა 26 წელია, (მათ შორის 13 წელი შეღავათიანი), ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტი სამი ნაწილისაგან შედგება და მოიცავს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხების სწრაფი გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას და ა.შ. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს COVID-19-ით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას. პროექტის დასრულების თარიღია 2022 წლის 30 აპრილი.

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (თბილისის მეტროს პროექტი)“ ხელი 2020 წლის 29 აპრილს მოეწერა და ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 75 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 15 წლის ვადით (მათ შორის 3 წელი შეღავათიანი). აღნიშნული თანხა თბილისის მეტროსთვის ახალი თანამედროვე ტიპის ვაგონების შეძენას და ამ ვაგონების მომსახურებისთვის საჭირო დეპოს მშენებლობას მოხმარდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს საბურთალოს ხაზთან დამაკავშირებელი გვირაბის აღდგენასაც. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის 20 დეკემბერი.

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ ხელი 2020 წლის 21 მაისს მოეწერა და ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 37,1 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 25 წლის ვადით (მათ შორის 14 წელი შეღავათიანი). საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ინსტიტუციონალური განვითარება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში უკვე გამოყოფილია 30 მლნ. აშშ. დოლარი სესხის სახით, ხოლო 5 მლნ. აშშ. დოლარი გრანტის სახით.

სხდომაზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ წარუდგინა.

„გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების თვალსაზრისით სულ ერთი საქმეა წარმოდგენილი აღსრულებისთვის და ეს არის - „ჯ . ჩ . და ჯ . ე. საქართველოს წინააღმდეგ“. მომჩივნები მამა-შვილი, რომლებიც 2010 წელს იყვნენ დაკავებულნი კომიტეტის წინაშე აცხადებდნენ, რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ, მათი დაკავების და დაკითხვის პროცესში გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენცია დაარღვია. კომიტეტმა ორივე მომჩივანთან დაკავშირებით დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ დასახელებული ფაქტები წარმოადგენს არასათანადო მოპყრობას, რის თაობაზეც არ იქნა ჩატარებული ეფექტიანი გამოძიება“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისი განმარტებით, გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიება საქმეზე კვლავ გრძელდება.

მთავრობის წარმომადგენელმა იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ზოგადი ღონისძიებების თვალსაზრისით განხორციელდა.

„ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიითა და სამთავრობო სამოქმედო გეგმებით წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. ასევე, უნდა აღინიშნოს პროკურატურის მიერ მიღებული 2017-2021 წლების სტრატეგია, რომლის ძირითადი მიმართულება და პრიორიტეტი ასევე არის წამების, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი. ასევე, ფუნდამენტური რეფორმა ტარდება პენიტენციურ დაწესებულებაში. პირველად ხდება რომ პენიტენციურ დაწესებულების მასშტაბური რეფორმების ცენტრში არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა. ვიდეომეთვალყურეობის კამერებთან, მონიტორინგთან დაკავშირებით, დამატებით აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერების შენახვის 5-დღიანი ვადა 30 დღემდე გაიზარდა, რომელიც ყველა შესაბამისი დაწესებულების მიმართ 2021 წლის 1 იანვრამდე ამოქმედდება“, - განმარტა მთავრობის წარმომადგენელმა.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით, რეგულარულად მიმდინარე შესაბამის ღონისძიებებზე.

„რეფორმები, რომლებიც 2012 წლიდან ტარდება, აისახება იმ ტენდენციებზე, რაც არის გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში და ასევე, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე შეტანილი საჩივრების რაოდენობის კლებაში“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 2 ივნისი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 2 ივნისი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 2 ივნისი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 2 ივნისი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 2 ივნისი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 2 ივნისი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 2 ივნისი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 2 ივნისი