საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

06 მარტი 2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

ყველა ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ამ დროისთვის გადადგმულია ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ მომხდარიყო საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება, რათა მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება და მკაცრი შეფასებები ყოფილიყო. ეს ის საკითხია, როდესაც ყველანი უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული, გვქონდეს ერთიანი მიდგომა და პოზიცია იმისთვის, რომ მივიღოთ ერთიანი და ძლიერი რეზოლუცია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტები განიხილება. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა დამწუხრებული ვართ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. მოხდა ძალიან მძიმე დანაშაული, ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის ხელყოფა ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ მივესალმებით, იმას რომ საქართველოში, ყველა მხარის მიერ, ამ მძიმე დანაშაულს სათანადო, მკაცრი შეფასება მიეცა. ასევე, მივესალმებით, რომ ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც ამ ფაქტს ძალიან მკაცრი და ობიექტური შეფასებები მოჰყვა. ნურავის ექნება იმედი, რომ არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები დავიწყებას მიეცემა. ჩვენ, ყველა შესაბამის ფორმატში, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ეს საკითხი დარჩეს დღის წესრიგში, მანამ სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის, სიცოცხლის ხელყოფის, თავისუფლების უკანონო ხელყოფის რისკებთან დაკავშირებით არ იქნება კიდევ უფრო მკვეთრი ზომები მიღებული და რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელი არის ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტზე, იქ არსებულ ვითარებაზე, სათანადოდ არ გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას, რომელიც ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს მასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობამ სპეციალური რეზოლუციის ინიცირება მოახდინა. „ჩვენი მიზანია პარლამენტმა მიიღოს ერთიანი, ძლიერი რეზოლუცია, სადაც პრინციპულად იქნება გაკეთებული შეფასებები ამ უმძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით და ასევე, იქნება კონკრეტული რეაგირება მოთხოვნილი იმისთვის, რომ ერთი მხრივ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე იყოს ადეკვატური რეაქცია, ხოლო მეორე მხრივ, მიღებული იქნას ზომები, რომელიც მომავალში სხვა ადამიანების სიცოცხლეს და თავისუფლებას დაიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია პარლამენტმა მიიღოს ერთიანი, ძლიერი რეზოლუცია, რომელსაც ყველა პარტიის მხრიდან ექნება მხარდაჭერა, რისთვისაც კონსულტაციები ყველა ფრაქციასთან გაიმართება.

ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები ყველა ფრაქციასთან. მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი დასაბუთებული რეკომენდაცია თუ შემოთავაზება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით. ეს პროცესი დაწყებულია და იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ მოვამზადებთ რეზოლუციის ისეთ პროექტს, რომელსაც ერთიანი მხარდაჭერა ექნება და პარლამენტის ერთიან ძლიერ რეაქციას და ერთიან პასუხს გამოხატავს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. 

მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს უმოკლეს დროში გადმოეცეს და სათანადო პატივით, ღირსეულად დაიკრძალოს ჩვენი თანამოქალაქე, რომლის სიცოცხლეც ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს შეეწირა. 

საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ წარადგინა.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეზოლუციის არსი იმაში მდგომარეობს რომ დაგმობილი იყოს ქმედებები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ეს ეხება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას. ანალოგიური მოქმედება იყო გიგა ოთხოზორიასთან მიმართებაშიც. ჩვენი მიზანია რეზოლუციაში ასევე, დაგმობილი იყოს მთელი რიგი სხვა კანონდარღვევები - ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ადამიანის გატაცებები და ა.შ.“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტს სთავაზობს შემუშავებული იქნას კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელსაც მისი განმარტებით, მომავალში ასევე, შესაძლოა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი. სერგი კაპანაძის განმარტებით, პროექტის ძირითადი არსია საქართველოს მთავრობამ შეადგინოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და მასში ყველა ის პირი შეიყვანოს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდება საქართველოს მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევების საქმეებში, მათი შემდგომი სანქცირების მიზნით.

მომხსენებლის განმარტებითვე, ასეთი ტიპის სანქციები უნდა მოიცავდეს როგორც სავიზო შეზღუდვებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ისე ქონებრივ და ფინანსურ ტრანზაქციებზე შეზღუდვებს. როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზებას გულისხმობს, ასეთი ტიპის ადამიანებზე არ უნდა გავრცელდეს. 

მომხსენებელმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მიიღებს საერთო რეზოლუციას, რომელშიც ყველა ეს იდეა იქნება ასახული.

„დიდი სურვილი და იმედი გვაქვს რომ პარლამენტი მიიღებს საერთო რეზოლუციას, რომელშიც ყველა ეს იდეა იქნება ასახული, რათა საქართველოს პარლამენტმა, როგორც სახელმწიფო ორგანომ, ძლიერი და სწორი გზავნილი გაუგზავნოს როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ისე საერთაშორისო პარტნიორებს. ეს არის თემები, რომელზეც ყველა პოლიტიკური პარტიები ვთანხმდებით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებში უმრავლესობისა და უმცირესობების გარდა სხვა ფრაქციებიც ჩაებმებიან. 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირთან იმისთვის, რომ ევროკავშირის სანქციების რეჟიმში ასევე მოექცეს საქართველოს საკითხი. 
ჩვენი შეთავაზებაა პარლამენტმა მივმართოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას დაიწყოს შესაბამისი კონსულტაციები რუსეთისათვის სანქციების რეჟიმის დაკისრების თაობაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

მისივე განცხადებით, ძალიან სწორი და მკაფიო სიგნალი იქნებოდა ის, რომ თხოვნით მივმართოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა შეწყდეს ორმხრივი მოლაპარაკებების -„აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი, მანამ სანამ არ მიიღება რეაგირება ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზე. „ამის შემდეგ აღნიშნული ფორმატის განახლება იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს არსებობს, ჩვენი შეხედულებით, შეუძლებელია. უნდა შეიქმნას საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი ამ ფორმატზე. ფორმატი უნდა წარიმართოს შესაბამის ინსტიტუციურ ჩარჩოში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმართოს შესაბამისი დიალოგი და ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. 

მისივე განცხადებით, ქმედითი ნაბიჯები განხორციელდეს რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიმართულებით. „ეს არის გაგრძელება შეწყვეტილი მცდელობისა, რომ ჩვენ მივაღწიოთ საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის და ანექსიის იურიდიულ აღიარებას, გაგრძელდეს და განახლდეს ზეწოლა რუსეთზე შესაბამის საერთაშორისო სასამართლო ტრიბუნალებში იმ პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, რომელიც ამ ქვეყანას ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევისა და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრების ხელყოფისათვის ეკისრება. ვფიქრობთ ეს პუნქტები უნდა აისახოს რეზოლუციის პროექტებში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნინო გოგუაძე - სწორი იქნება რომ პარლამენტს ჰქონდეს ერთიანი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, არასწორია პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც არაფრის მომტანია. 

„მხარს დავუჭერთ ნებისმიერ რეზოლუციას თუ მას რეალური შედეგი მოჰყვება. მე იმის მომხრე ვარ, რომ ჩვენ რეალური გამოსავალი მოვძებნოთ. ჩვენგან მოსახლეობა ელოდება, რომ მივიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას და მსგავსი ფაქტები - ადამიანის გატაცების, მოკვლის და ა.შ. ბოლოსდაბოლოს შეწყდება და აღარ განმეორდება. თუ ჩვენ მივიღებთ რეზოლუციას, რომელიც არაფრის მომტანია - ვფიქრობ არასწორია“, - განაცხადა გიორგი ლომიამ. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ პარლამენტმა ერთიანი, ძლიერი რეზოლუცია შეიმუშავეს, რისთვისაც კონსულტაციები გაგრძელდება.

გალერეა

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი