საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

11 ივნისი 2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის 1 აპრილს ქ. რიადში, რომელიც მოიცავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის (ე.წ. ჩიკაგოს კონვენციის) ძირითად პრინციპებს. 

კერძოდ, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს ანიჭებენ გარკვეულ უფლებებს: თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს უფლება ეძლევა გამოიყენეს მეორე ხელშემკვრელი მხარის საჰაერო სივრცე ტრანზიტული გადაფრენის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის არაკომერციული მიზნით დაჯდომის შემთხვევაში და ასევე, ხომალდზე მგზავრის/ ბარგის ტვირთის აყვანის/ჩატვირთვის მიზნით დაჯდომის შემთხვევაში.

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, შეთანხმება ითვალისწინებს შეღავათიანი რეჟიმის გავრცელებას თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველზე, თუ ნივთი ან მომსახურება განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის. ასევე, გადასახადებისგან თავისუფლდება ავიაბილეთები, ავიაზედნადებები, პერსონალის უნიფორმები, ნებისმიერი საბეჭდი მასალა, რომელზედაც არის აღნიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა.

შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა დანიშნულ ავიაგადამზიდველებს შორის სხვადასხვა სახის კომერციული შეთანხმების დადებას. 

შეთანხმებით რეგულირდება ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საავიაციო უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება. შეთანხმებაში დეკლარირებულია სამოქალაქო ავიაციის დარგში დღეისთვის მოქმედი ძირითადი პრინციპები მრავალმხრივი შეთანხმებების/კონვენციის სახით და მათი შესრულება და დაცვა სავალდებულო პირობას წარმოადგენს შეთანხმების მხარეთათვის.

წარმოდგენილ შეთანხმებაში აისახა სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ლიბერალური კურსი, რომლის შესაბამისად ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.
წლების განმავლობაში საუდის არაბეთიდან გვაქვს მზარდი მგზავრთნაკადი, მხოლოდ წელს ის 40%-ით გაიზრდა“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს 38 პარტნიორ ქვეყანასთან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ 11 ქვეყანასთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნანა ბერიძემ სხდომაზე, „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება წარადგინა. მისი განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება ხელმოწერილია ქ. თბილისში 2019 წლის 17 აპრილს. 

შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას და საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის სფეროში პირდაპირი და უსაფრთხო კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის მყარი იურიდიული საფუძვლის შექმნას. 

შეთანხმების თანახმად გაწერილია მხარეებსა და მათ კონტრაქტორებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი/შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის პროცედურა, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება როგორც საერთო, ასევე მსოფლიო უსაფრთხოების გამოწვევებზე. 

„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრულია, როგორც მხარეთა კომპეტენტური უწყებები, აგრეთვე, ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხები, ინფორმაციის გაცნობის, გაცვლის და დაცვის ზომები, უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში მისაღები ზომები.

რაც შეეხება შეთანხმების დადების მიზანშეწონილობას, გასათვალისწინებელია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მისწრაფება და ზოგადად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებთან ერთობლივი ბრძოლაა. აღნიშნული შეთანხმება ქმნის საკმაოდ მყარ სამართლებრივ საფუძველს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი უსაფრთხო და სწრაფი კომუნიკაციის სისტემის თვალსაზრისით, რაც ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს საერთო გამოწვევებთან ერთობლივ ბრძოლაში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული შეთანხმება შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა ნებისმიერი შესაბამისი უწყების მიერ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ისეთი ინფორმაციის გაცვლის მიზნით, რომელიც ეხება თავდაცვის, ეკონომიკის, მართლწესრიგის, საგარეო ურთიერთობის და სხვა თანამშრომლების სფეროებს. 

მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს ანალოგიური შეთანხმებები უკვე ხელმოწერილი აქვს ევროკავშირთან ასევე, ნატოსა და ევროკავშირის უმეტეს წევრ ქვეყნებთან. „საერთო ჯამში ხელმოწერილია 24 შეთანხმება მათ შორის, 19 ქვეყანა არის და ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ნანა ბერიძემ.

კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე, სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.