საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება

13 მაისი 2016
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება

10 მაისს, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ საქართველოსა და კონკრეტულად ნატოში გაწევრიანებისკენ ჩვენი ქვეყნის მისწრაფების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

კონგრესმენი პო საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, რომელიც წლების მანძილზე თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან. აშშ-ის კონგრესში მის მიერ გაკეთებული განცხადება მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვარშავის სამიტი ახლოვდება.

მინდა ყურადღება გავამახვილო კონგრესში მისი გამოსვლიდან ორ საკითხზე:

პირველი, ბატონი პო საქართველოს მიმართ სოლიდარობას გამოხატავს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ ტრადიციულად მთელ მსოფლიოში დემოკრატიისთვის გეზის მიმცემია. ამასთან, კონგრესმენი პო შეგვახსენებს ჯონ ფიცჯერალდ კენედის სიტყვებს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-მ „უნდა გადაიხადოს ნებისმიერი საფასური, გაწიოს ნებისმიერი ტვირთი, დაძლიოს ნებისმიერი სირთულე, მხარი დაუჭიროს ყველა მეგობარს და გაუმკლავდეს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს იმისთვის, რომ თავისუფლების წარმატება მუდმივად გარანტირებული იქნას“.

მეორე, უნდა აღინიშნოს, რომ კონგრესმენ პოს სწორედ დემოკრატი პრეზიდენტის სიტყვებიდან მოჰყავს ციტატა და ამით იმ პრინციპების ტრადიციას აგრძელებს, რომელიც ღრმად ამერიკულია და პარტიულობას სცდება. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი საქართველოსთვის, რომელიც როგორც კონგრესმენი პო აღნიშნავს, არა მხოლოდ დასავლურ ღირებულებებს იზიარებს, არამედ ყველა დროის დასავლურ პოლიტიკურ ტრადიციებსაც. დღეს, ნებისმიერს შეუძლია აღნიშნოს, რომ დემოკრატიული განვითარების საყოველთაო ჭეშმარიტება აღიარებულია არა მარტო ვაშინგტონში და ბრიუსელში, არამედ საქართველოშიც.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, საქართველოს ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია.

ეს ფაქტია და დიახ, ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების ათვლის წერტილი, ჩვენი საზოგადოების კონსენსუსის სათავე. ეს განსჯის საგანი აღარ უნდა გახდეს - ეს მხოლოდ საყოველთაოდ აღსანიშნავი ფაქტია, რომლითაც უნდა ვიამაყოთ. „საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება“ დღეს ჩვენ გვეკუთვნის, როგორც პოლიტიკურ სისტემას საქართველოში, ასევე მის მომხრეებს და ოპონენტებსაც და განსაკუთრებით ჩვენ მომავალ თაობას. და ეს ყველაზე მეტად ღირებულია, რაც მუდამ უნდა აღვნიშნოთ, რასაც უნდა დავეთანხმოთ და ღირსეულად დავაფასოთ.